„2008 წლის შემდეგ ერთი წელი ვერ დავბრუნდი ერგნეთში, რადგან სახლი და ცალკე მდგომი სამზარეულოც სულ ფერფლად იყო ქცეული. ვფიქრობდი, რომ სახლის სარდაფში მარანი გამეკეთებინა, რადგან 8 ქვევრი დაბრუნებულს დაუზიანებელი დამხვდა და დღემდე მოქმედია. მაგრამ იმ დროსითვის ჩვენი სოფლის სარწყავი და სასმელი წყლის სათავე ნაგებობა მოექცა ოკუპირებული ტერიტორიაზე. შესაბამისად, სოფელს წყლის პრობლემა ჰქონდა, სასმელი წყალიც ჭირდა და მოურწყველობით მთელი ვენახები გადამიხმა. ამ ფაქტმა შემაფერხა რომ მარანის იდეა გამეხორციელებინა, რადგან ვენახების თავიდან გაშენებას დრო დაჭირდებოდა.“ - ასე იხსენებს აგვისტოს ომის შემდგომ პირველ განცდებს ლია ჩლაჩიძე.
ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, სოფელ ერგნეთში დანიის ლტოლვილთა საბჭო შევიდა, რომელმაც ე.წ. საზღვართან ყველაზე ახლო ოჯახის ეზოშის 24 კვადრატი საცხოვრისის აშენება დაიწყო. ეს ლია ჩლაჩიძის საკარმიდამო ეზო იყო, რომელიც მას საჩუქრად გადასცეს. ამ დამხმარე სათავსოს აშენებამ და კეთილმოწყობამ ლია ჩლაჩიძეს საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ 2010 წელს საკუთარ სახლში, ერგნეთში დაბრუნებულიყო. მას შემდეგ კი არსად არ წავსულა. მოგვიანებით კი დანიის ლტოლვილთა საბჭომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გადაწყვტა აღედგინა მთელი სოფელი. ერგნეთში 160 სახლი იყო დამწვარი და დანგრეული. ამორჩევა შეუძლებელი იყო, რადგან ყველა ერთნაირად იყო განადგურებული, ამიტომაც მთელი სოფლის აღდგენა რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. ეს ფაქტი კიდევ უფრო დაეხმარა ერგნეთში მცხოვრებ მოსახლეობას საკუთარ სახლ-კარს დაბრუნებოდნენ.
- ვინ არის ლია ჩლაჩიძე?
- ლია ჩლაჩიძე არის ომში დაღუპული მებრძოლის მეუღლე, რომლისთვისაც ძალიან ძვირფასია ის რაც ჩვენ დავკარგეთ - ტერიტოერიები. ძალიან ძვირფასია მამის საფლავი სადაც 15 წელია ვერ მივსულვარ. ძალიან ძვირფასია ის რომ ჩემი ოსი მეგობრები, ვისიც მჯეროდა და ვენდობოდი, აი ამ ომს შეეწირენ. ომში მხოლოდ ტყვიით არ კვდებიან ადამიანები, სტრესითაც იღუპებიან. ხოდა მათ ამ სტრეს ვერ გაუძლეს. მე ვარ ერთი რიგითი ქართველი ქალი, რომელსაც უნდა რომ მსოფლიოს აჩვენოს რუსული ოკუპაციის სახე.
- ქალბატონო ლია, როგორ გაჩნდა აგვისტომს ომის მუზეუმის იდეა?
- მუზეუმის იდეის ინსპირაცია კასპში ერთი მასწავლებლის, ნინო ლიპარიშვილის, მიერ გაკეთებულმა ოკუპაციის მუზეუმმა მომცა. 2017 წლის ივლისში როგორც კი ოკუპაციის მუზეუმში კასპში ფეხი შევდგი, იქვე ვთქვი - 8 აგვისტოს ჩემს სარდაფში აგვისტოს მუზეუმი უნდა გავხსნა-მეთქი. ამ ჩემი ნათქვამის ცოტა შემეშინდა, რადგან სარდაფი სავსე იყო სამშენებლო ნარჩენებით, რომელსაც აწვიმდა და ათოვდა წლების მანძილზე. უამრავი ადამიანი მოდიოდა მხარდასაჭერად დასახმარებლად. დედები შვილებს აგზავნიდნენ „წადით ის ქალი სამომავლო საქმეს აკეთებს და თქვენც მიიღეთ მონაწილეობაო.“ მოდიოდნენ უცნობი ადამაინები და მოვახერხეთ ის რომ 8 აგვისტოს მუზეუმი გაიხსნა. 8 აგვისტოს დილით ჩავალაგეთ კიბის საფეხურები. მეზობლებს, თანასოფლელებს მოჰქონდათ უამრავი ნივთი მუზეუმისთვის: ნახევრად დამწვარი წიგნები, თოჯინები, სკამები, საოჯახო ნივთები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, ყველაფერი რაც ომს უკავშირდებოდა და რაც ომის ცეცხლს გადაურჩა.
- რატომ გააკეთეთ ეს მუზეუმი? რა იყო მიზანი?
- ეს არის ჩვენი ისტორიული მეხსიერება. ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში და ჩვენს მხარეში ომის შემდეგ დაიბადა, უკვე დიდები არიან. მინდოდა მათ ენახათ რა მოხდა. ამიტომაც მინდოდა ჩემი სახლის სარდაფში გამეკეთებინა მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობას აჩვენებდა ომის სისასტიკეს და მოუყვებოდა გაუგონარ ამბებს ომიდან, ფაშისტურ ქმედებებზე და კარგად დაანახებდა რუსეთის იმპერიალისტურ დამოკიდებულებას. ბევრი დღესაც მეკითხება: ქალბატონო ლია როგორ შედიხართ თქვენს სახლში? ისიც არ იციან რომ ერგნეთი არ არის ოკუპირებული და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ეს ძალიან მძიმეა, როცა შენ ფიქრობ მხოლოდ ამ პრობლემებზე, მაშინ როცა ჩვენს უახლეს ისტორიაში ამხელა ომი მოხდა და შევერკინეთ ასეთ მონსტრს როგორიც რუსეთია. ამის გასიგრძეგანება ადამიანებმა უნდა შეძლონ 21-ე საუკუნეში. მე მინდა მთელმა მსოფლიომ ნახოს ეს მუზეუმი. მუზეუმი არის ჩვენი იდენტობა, ეროვნული და ისტორიული მეხსიერება, ხსოვნა ჩვენი დაკარგული, ომში დაღუპული ბიჭების! რომელიც უნდა გადავცეთ თაობებს და ვუთხრათ, რომ ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელი მტერია!
- მუზეუმში ბევრი ძვირფასი ნივთია, რომელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მოგვიყევით...
- როცა მუზეუმის გაკეთება დავიწყეთ ჩემს მეგობრებს ცხინვალში დავუკავშირდი და ვუთხარი რამე გამომიგზავნეთ-მეთქი. მათ მატერიალური ნივთების გამოგზავნა ვერ შეძლეს და ფოტოები გამომიგზავნეს. არ ვიცი ეს შეგნებულად გააკეთეს თუ შემთხვევით მაგრამ ერთ-ერთი ფოტო იყო 5 აგვისტოს თუ როგორ შემოდის როკის გვირაბიდან რუსული ტანკები. სხვათა შორის, ამის შემდეგ ცხინვალშიც გააკეთეს ომის მუზეუმი. ოღონდ მათ დაარქვეს „დამწვარი სულების“ მუზეუმი. რომელიც დამწვარი მანქანებისგან შექმნილი კომპოზიციაა. გახსნაზე ერთი ქალი მოვიდა ორი შვილით ხელში და მომიტანა საყურე მუზეუმისთვის. გამიკვირდა რა შუაში იყო საყურე აგვისტოს ომის მუზეუმთან. საყურეები ჩარჩოში შეკრულ შავ ნაჭერზე იყო ჩამოკიდებული შევეცადე მაინც მეკითხა თუ რა დატვირთვა უნდა ქონოდა ამ საყურეს მუზეუმისთვის. აღმოჩნდა რომ როცა ომი მიმდინარეობდა ამ ახალაგაზრდა ქალს დაბადების დღე ჰქონდა. მისმა შეყვარებულმა, რომელიც მაშინ ჯარში მსახურობდა, ეს საყურე აჩუქა სახსოვრად. მითხრა, მაშინ ძალიან გავუბრაზდიო რად გინდოდა საყურე, როცა პურის ფულიც კი არ გვაქვსო. მაშინ გაუმხელია ამ ბიჭს - დღეს ან ხვალ ომში უნდა წავიდე და რომ ვერ დავბრუნდე იქიდან, ეს ჩემგან სახსოვრად დაგრჩებაო. ეს ბიჭი ომიდან დაბრუნდა და მალევე მოიყვანა ეს ახალგაზრდა ქალი ცოლად, რომელთაც უკვე სამი შვილი ჰყავთ. ეს საყურე წლების განმავლობაში ჩვენს მუზეუმში იყო რწმენის, იმედის და სიცოცხლის გარძელების სიმბოლოდ. ეს საყურე ცოტა ხნის წინ გამოფენილი იყო ევროპარლამენტის ერთ-ერთ ფოიეში. ამ საყურის ისტორიას დიდი გამოხმაურება ჰქონდა და სექტემბერში ამერიკაში კონკრესის შენობაში უნდა გამოიფინოს. ხოლო შემდგომ ისევ მუზეუმს დაუბრუნდება.
- საპატიო ადგილი უჭირავს დროშას...
- 19 აგვისტოს დავბრუნდი ერგნეთში. სამარშუტო ტაქსმა სოფლიდან 7 კილომეტრში დაგვტოვა. იქიდან ფეხით წამოვედით. ეს იყო ჩემი პირველი შემოსვლა ერგნეთში. ამ დროს გზაზე ისევ ოსური და რუსული ნომრიანი მანქანები პატრულირებდნენ. მართალი გითხრათ მეშინოდა. მანქანა რომ მიახლოვდებოდა თვალებს ვხუჭავდი - იქნებ ესროლათ და არ მინდოდა დამენახა ვინ მესროდა. რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ გზაზე დაფლეთილი, ფეხით ნასიარულები დროშა დავინახე, რომელსაც ნაფეხურები ეტყობოდა. არ ვიცი რა გრძნობა და ემოცია იყო, ძალა მოვიკრიბე და ავიღე. შევეცადე ტანსაცმლის ქვეშ საგულდაგულოდ დამემალა. თან მეშინოდა რომ არავის დაენახა, რადგან გარანტირებულად ვიცოდი რომ მომკლავდნენ. სახლამდე რომ მოვედი, დროშა სხვენში დავმალე. რაღაც პერიოდი დამავიწყდა კიდეც, რომ დამალული მქონდა. დღეს კი ერთ-ერთი ძვირფასი ექსპონატია ჩვენი მუზეუმის.
მუზეუმში აგვისტოს ომში მებრძოლი ერთ-ერთი ჯარისკაცის ფორმა დღეს ექსპონატია. ჯარისკაცის, რომელმაც მშვიდობის სიმბოლოდ გაიხადა ფორმა და მუზეუმს გადასცა - საქართველოში ომი აღარ უნდა იყოს!
იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში