Baby Bag

საკუთარი თავის ხელახლა დაბადებითა და სტერეოტიპების მსხვრევით მოპოვებული ადგილი საბერძნეთის მაღალი მოდის ინდუსტრიაში - ხონის მაღალმთიან სოფელში დაბადებული შეუპოვარი გოგონას ემიგრანტულ-ზღაპრული თავგადასავალი

საკუთარი თავის ხელახლა დაბადებითა და სტერეოტიპების მსხვრევით მოპოვებული ადგილი საბერძნეთის მაღალი მოდის ინდუსტრიაში -  ხონის მაღალმთიან სოფელში დაბადებული შეუპოვარი გოგონას ემიგრანტულ-ზღაპრული თავგადასავალი
30 სექტემბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საქართველოს მაღალი მოდის კვირეულზე ბრენდი zhakirtofficial წარმოადგენს მაღალი მოდის ავანგარდულ კოლექციას „რენესანსი.“ კოლექცია შექმნილია ფუტურისტული, გეომეტრიული ფორმებითა და ელემენტებით სამგანზომილებიან მოცულობებში, რაც ხაზს უსვამს დიზაინერის განსაკუთრებულ იდენტობას. რაოდენ სასიხარულოა, რომ დიზაინერი ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ძლიერი და უშიშარი გოგონაა, რომელიც 23 წლისა გახდა ემიგრანტი და რომლის წინსვლაზეც ახლა გიამბობთ:

წლების წინ ჩემი და ჟანა კირთაძის გზები ლიტერატურულ გაზეთ „ათინათის“ რედაქციაში გადაიკვეთა... ჩუმად და ღიმილით, უცნაური სიფრთხილით შემოდიოდა იგი ოთახში და დიდი ემოციით კითხულობდა თავის ლექსებს თუ სხვათა ნაწერებს, თან ოცნებობდა ფანჯრებს მიღმა... გამორჩეული გარეგნობის მქონე მაღალი, სუსტი, გრძელხვეულთმება, მოკლე კაბიანი და წითელპომადიანი გოგონა დანახვისთანავე ხვდებოდა თვალში ყველას და კეთილმოსურნეს აუცილებლად კეთილად განაწყობდა...

მძიმე დრო იდგა, ყველა ერთად და ცალ-ცალკე საკუთარი თავისა და ერთმანეთის გადარჩენას, ადამიანობის შენარჩუნებას ვცდილობდით, მეგობრულ ხელს ვუწვდიდით, ვიწრო წრეში განვიხილავდით ქალთა მდგომარეობასა თუ უფლებებს საქართველოში და ყველაფერს, რაც ეხებოდა კონფლიქტებს, დისკრიმინაციას, იძულებით მიგრაციას, ქალთა ინიციატივებსა და კრიზისების დაძლევას... მაშინ ჩვენ თავად ვიყავით ბევრი პრობლემის „მაგალითები“, თუმცა არც მიფიქრია, რომ ჩამოთვლილი პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ჟანა კირთაძეს უნდა ეწვნია, მიეღო, წინააღმდეგობა გაეწია და გაემარჯვა...
მახსოვს, თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთა რიცხვში ვიყავი, ვინც ჟანას ემიგრაციაში წასვლის გადაწყველილების შესახებ იცოდა და ვინც მოუდუნებელი ყურადღებით ელოდა სამშვიდობოს ჩაღწეული გოგონასაგან ცნობებს, რომ გადარჩა, გაუძლო და ათენში ჩავიდა... მერე იყო დუმილის თვეები, წლები... მერე თამამი ფოტოები, რომლებიც აუცილებლად გვაუწყებდნენ ჟანას ახალი ცხოვრების დაწყებას, ან ხელახლა დაბადებას იოანა ივანოვნას სახელით.
„რეპორტიორ ქალთა აკადემიისთვის“ მოცემულ ინტერვიუში ჟანა სიხარულით გვიმხელს, რომ 10 წლის მერე პირველად ჩამოდის საქართველოში, პირველად დაადგამს ფეხს ქართულ მიწას და პირველად ჩაეხუტება უზომოდ მონატრებულ დედას, ახლობლებს.
ჟანას ამბავი ერთიორად სასიხარულოა, რადგან წარმოუდგენლად რთულია 23 წლის ასაკში ნავით თუ ტივით, შემოვლითი თუ საშიში გზებით ჩააღწიო ევროპაში, მოძებნო ძიძის სამსახური, ისწავლო ენა და ჩააბარო ათენის დიზაინერთა სკოლაში, ჩაება მოდელის, მერე კი დიზაინერის საქმიანობაში და წარმატებული დაუბრუნდე საკუთარ სამშობლოს _ სამშობლოს, რომელიც ბადებს ნიჭიერებს, რომელიც გენიოსების სამჭედლოა, მაგრამ მათი წარმატების ხელშეწყობა დღემდე არადა არ შეუძლია, სამწუხაროდ.
*****
- იოანა, მიხარია შენი წარმატებები, გამარჯვებები საკუთარ თავსა და პრობლემებზე. მჯერა, წინ კიდევ უფრო ბევრი სიახლე გელის. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, რა ფერი იყო იგი, სად და როგორ ცხოვრობდით?
- დავიბადე გასული საუკუნის 90-იან წლებში. ჯერ კიდევ ბევრს ემახსოვრება იმ წლების საერთო სიდუხჭირე, როცა შუქის, გაზის, გზის, კომუნიკაციის საშუალებების გარეშე ცდილობდნენ ადამიანები სიცოცხლეს და არა ცხოვრებას... გვინდოდა თუ არა, იმ პერიოდში დიდი გაჭირვება იყო და პრობლემები აისახებოდა არა მარტო მთელ საქართველოზე, არამედ ჩემს ოჯახზეც. ვიზრდებოდი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში. საერთო უფერულობას რაღაცნაირად ალამაზებდა საოცარი ბუნება და სუფთა გარემო. მეოცნებე გოგონა მზესთან, მთებსა და ანკარა წყაროს წყლებთან ვსაუბრობდი და მათგან შემომქონდა ჩემს ცხოვრებაში ფერები.
- როგორ გარემოში იზრდებოდით? რამდენად მკაცრი იყო მამა და ტრადიციული? განსხვავდებოდა თუ არა დედა მამისგან, ან სხვა დედებისგან??
- უბოროტო გარემოში მზრდიდნენ მშობლები, რომლებმაც მომცეს ყველაზე დიდი სიყვარული, რაც კი მიმიღია ცხოვრებაში. ისინი ყოველთვის მესაუბრებოდნენ უანგარო სიყვარულზე, სიკეთესა და ადამიანობაზე. ზედმეტად არასოდეს მაქებდნენ, პირიქით, სტიმულს მაძლევდნენ, სულ მეუბნებოდნენ, რომ უფრო და უფრო მეტი შემეძლო. ბავშვობიდანვე მქონდა მიზანი, რომელსაც სახელს ვერ ვუძებნიდი, მაგრამ არსებობდა, ჩემთან ერთად ვითარდებოდა, მწიფდებოდა...

​ჩემებურად განსხვავებული და დაკვირვებული ბავშვი ვიყავი, ვგრძნობდი, რომ სხვა სამყაროს ვეკუთვნოდი. მაშინ ბავშვობის სირთულეები და წინააღმდეგობები სამყაროს მუქ ფერებში მიხატავდა. ალბათ, ბევრს ეგონა, რომ ჩაკეტილი მოზარდი ვიყავი, არადა პრობლემა სხვა იყო - ვერ ვპოულობდი მათთან საერთო ენას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სადღაც შორს ვხედავდი სინათლეს და მჯეროდა, მიზანს აუცილებლად მივაღწევდი.
დედაჩემის, რომელიც დედით უკრაინელი არის, აღზრდის მენტალიტეტი ძალიან განსხვავებული იყო სხვა დედებისგან. მასწავლა პატარაობიდანვე დამოუკიდებლობა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან დამეხმარა პიროვნებად და შემოქმედად ჩამოყალიბებაში. პატარაობიდანვე მომცა საყრდენი, გავმკლავებოდი ცხოვრებისეულ სიღრმეებს და სირთულეებს. მას არასდროს ეშინოდა, რომ დავიკარგებოდი, ამას სიტყვიერად არასდროს მეუბნებოდა, მაგრამ ვგრძნობდი…
- განსხვავებული გარეგნობის და პოეზიით შეპყრობილი გოგონა იყავით თუ არა სკოლაში რაიმე ტიპის ბულინგის მსხვერპლი? როგორი იყო ის ტკივილი?

​- ბულინგისა და დამცირების ტკივილს, იმის გამო რომ ღარიბი ხარ, ან „ვიღაცის“ შვილი არ ხარ, ან რაღაცით ვიღაცაზე მეტი ხარ, ფერები არა აქვს, მით უფრო, ბავშვობის პერიოდში... ეს არის ენით აღუწერელი გრძნობა, ემოციების ქარიშხალი, ტკივილი, რომელსაც ვერ ამბობ და ვერ აღწერ.
საკმაოდ რთული იყო ჩემი ფსიქოლოგიისთვის ეს ყველაფერი, თუმცა გამომიმუშავდა და ვიპოვე ძალა ბავშვობიდანვე, რომ ყურადღება არ მიმექცია იმისთვის, თუ რა უნდოდა სხვას. ჩემს წინსვლაზე ვიყავი კონცენტრირებული, ვკითხულობდი ძალიან ბევრს. მიზიდავდა კინო, თეატრი, პოეზია. ვმეგობრობდი ჩემზე უფროს ადამიანებთან, ვსწავლობდი და ვიღებდი ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რაც მაშინ ძალიან მაინტერესებდა.
როცა გავიზარდე მივხვდი, რომ ბულინგს არ ჰქონდა ასაკი. ბულინგით დაკავებული იყვნენ არშემდგარი ადამიანები, რომლებიც დროს ხარჯავდნენ სხვისი ცხოვრების შესწავლაზე და იყვნენ მუდმივად სხვათა განკიცხვაში.

ვყოფილვარ სიტყვიერი ძალადობის, მუქარის, დაშინების, ემოციური ძალადობის ქვეშ. ეს პერიოდი ეხება ჩემი ემიგრაციის პირველ წლებს. ეს ყველაფერი სამწუხარო და ორმაგად დამანგრეველი იყო ჩემთვის, რადგან ამას აკეთებდნენ მაშინდელი ჩემი ძალიან ახლო ადამიანები... არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემი გარეგნობა და დახვეწილობა ვინმესთვის ხელის შემშლელი იყო. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ყველა ქალი განსაკუთრებულია. რთულია ითანამშროლო კოლეგებთან, რომლებიც არ უყურებენ შენს მეგობრულ დამოკიდებულებას, უბრალოებას, კეთილსინდისიერებას, გიცხადებენ ომს. სამწუხაროდ, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ შევძელი ყველასთვის მიმეჩინა ის ადგილი, რასაც იმსახურებდნენ. ეს ავადმყოფობის ერთ-ერთი ფორმაა, ბევრჯერ მაქვს სიბრალულის გრძნობა მათ მიმართ. ასეთ ადამიანებს სჭირდება ათწლეულობით ფსიქიატრიული მკურნალობა და მაინც დამოკიდებულია, რამდენად ინანიებს და აღიარებს დაშვებულ შეცდომებს, თუ აქვს გადარჩენის სურვილი, თუ აანალიზებს და იაზრებს ამ ყველაფერს.

 

- გაიზარდეთ, სამსახურში მიეწყვეთ, გზები ჭკვიან ხალხს დაუკავშირეთ და მაინც, წახვედით აშკარა სიკვდილის პირისპირ და საბერძნეთს მიაშურეთ იმ დროს, როცა ადამიანებს ევროპაში ჩასასვლელად ტყეების გაკვალვა უწევდათ, იყო მოყინვის, დაკარგვის, ძალადობის, მოკვლის საშიშროება...

- წასვლის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მინდოდა საკუთარი თავის, ოცნებებისა და სურვილების გადარჩენა... მინდოდა მიზნების მიღწევა, რომელსაც ჩემს სამშობლოში მაშინ ვერ შევძლებდი. ერთი მიზეზი, რაც მახსენდება ჩემი წასვლისა, იყო მაშინდელ სამსახურში არსებული არაღიარებული ბულინგი, თუმცა ბულინგის დამარცხების ყველაზე კარგი გამოსავალი, მიმაჩნია, რომ არის იგნორირება! რთულია ეს ყველაფერი ემოციურ ფონზე, რადგან გეუფლება სიმარტოვის შიში, გაუცხოება და არ მიკვირს, რომ არიან დაბულინგებული ადამიანები, რომლებიც მიდიან თვითმკვლელობდე. ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მოერიო და გაიმარჯვო. ეს ჰგავს ჭაობს. რაღაც ძალა უნდა იპოვო გადარჩენის და ამოხვიდე!

- თქვენ უამრავი სტერეოტიპის მსხვრევა მოგიწიათ პატარაობიდან დღემდე - რას ნიშნავს იყოთ ქალი? არსებობს თუ არა წარმატების ფორმულა და რა არის ცხოვრება ზოგადად?
- სტერეოტიპებს ხშირად ადამიანი არასწორ დასკვნამდე მიჰყავს, რომლის გამოც უსაფუძვლო ქმედება შეიძლება ჩაიდინოს. თანადროვე ეპოქის ადამიანები ვართ, ვცხოვრობთ სხვადასხვა ხასიათის, ფსიქოლოგიისა და ემოციური ადამიანების გარემოცვაში და ეს პრობლემა ისევ არსებობს ჩვენს ირგვლივ. სტერეოტიპის მსხვრევა იწყება იმ მომენტიდან, როცა გავითვალისწინებთ, თუ სადამდე შეუძლია მიგვიყვანოს, რა დასკვნამდე და რა შედეგამდე. ამ გრძნობას უმეტეს შემთხვევაში აქვს შიში, შიში განკიცხვის, შიში მოწონების, შიში დამსახურების. საჭიროა ემოციების კონტროლი, ბალანსი. მოვიდა დრო, არ განვიკითხოთ ადამიანები და არ ვიცხოვროთ სხვისი ცხოვრებით. ვაღიაროთ და მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ, ხელი გავუწოდეთ ერთმანეთს ჰუმანურობისკენ, რომ ვიყოთ უკეთესი ადამიანები. განვითარდა სამყარო, გავიზარდეთ, დავიხვეწეთ, დროა ცვლილებებისა და სიახლეების. ცხოვრება ძალიან მშვენიერია. უბრალოდ, უნდა იცოდე ცხოვრების ფასი. ამას რომ მიაღწიო, უნდა იყო ღირებული. კოვიდის შემდეგ, ვფიქრობ, ადამიანებმა გადააფასეს ღირებულებები, უფრო მეტად დააფასეს სიცოცხლე და მიხვდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ყოველი დღე და ყოველი სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი. ღირებული რომ იყო, არ ყოფნის მხოლოდ ნიჭი, აუცილებელია ბევრი შრომა, რადგან არ არსებობს წარმატება შრომის გარეშე. წარმატების ფორმულა ჩემთვის არის დაუღალავი შრომა და ყოველდღიური განვითარება. ამასთან, წარმატების მოპოვება ადვილია, მაგრამ მისი შენარჩუნება საკმაოდ რთული.
- როგორია შეყვარებული იოანა? რა არის სიყვარული და არსებობს თუ არა სუსტი და ძლიერ სქესი?
- ძალიან ბედნიერი. თუმცა, ვთვლი რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ არ მიპოვია. სიყვარული ჩემთვის არის სათნოება, სიკეთე, ერთგულება, სიამოვნება და ძლიერი ემოცია.
ქალი ჩემთვის ყველაზე ძლიერი არსებაა რომელსაც შეუძლია ყველა წინააღმდეგობა გადალახოს. ის დღეს არის ძლიერი, ჭკვიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, უშიშარი. შეუძლია შეცვალოს, დაამსხვრიოს სტერეოტიპები და თანამედროვე ეპოქაში მოახდინოს აღორძინება...
არასოდეს არ დაავიწყდეთ ქალის და მამაკაცის თანასწორობა. იცოდნენ მისი შესაძლებლობების ფასი. ქალი და მამაკაცი თანასწორია ამ ცხოვრებაში. ის, რაც ადრეულ წლებში ხდებოდა, წარსულს ჩაბარდა, დამთავრდა.
- ვიცი, რთულია, მაგრამ რამდენიმე სიტყვით გვიამბეთ განვლილ გზაზე...
- ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ეტაპად: საქართველოში და მერე ქართველებთან ემიგრაციაში, სადაც თავიდან დავიბადე. პირველი წლები იყო ომი, ჯოჯოხეთი ჩემს ირგვლივ! იყო ადამიანების ბრბო, რომლებიც საკუთარ თავს აძლევდნენ იმის უფლებას, რომ ეკარნახათ, რა მეკეთებინა ჩემს ცხოვრებაში. სჩადიოდნენ ენით აღუწერელ სიბინძურეებს. ვიყავი მათი დისკრიმინაციული ქმედების მსხვერპლი. შიში, ძალადობა, განცდები და ტკივილი _ ეს იყო ძალიან რთული 23 წლის ემიგრანტი გოგოსთვის... მაგრამ ერთ დღესაც გავაცნობიერე ჩემი მიზანი და დანიშნულება. მაშინდელმა სირთულეებმა გააძლიერა ჩემი გონება, დავიმონე შიში, ძალისხმევამ გაარღვია ყოველგვარი წინააღმდეგობა, დაშალა ყველა სტერეოტიპი და მაშინ შევიტყვე ცხოვრების საიდუმლო, ვიპოვე სიცოცხლის გასაღები, მოტივაცია და გადავლახე ყველა დაბრკოლება, გავიმარჯვე და დავამსხვრიე ყველა სტერეოტიპი, რაც ჩემს ირგვლივ არსებობდა.
2013 წელს ათენში ჩამოვედი და ემიგრანტი გავხდი. პირველი სამი წელი ჯოჯოხეთური იყო - გაუცხოება, შიში, მონატრება, წინააღმდეგობა, თავს უპატრონო ბავშვივით ვგრძნობდი. ყველაფერი ნულიდან უნდა დამეწყო: ენა მესწავლა, სამუშაო მეპოვა, სწორი და პატიოსანი შრომით ფეხზე დავმდგარიყავი უცხო ქვეყანაში... საბუთის გამო, საბერძნეთს როგორც ლტოლვილი, ჩავბარდი... პირველი სამი წელი ძიძად ვიმუშავე, სამი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ ფოტოგადაღებაზე მივედი და მას მერე გაიხსნა ჩემთვის გზა მოდის სფეროში. ორწლიანი ფოტომოდელობისა და გამოცდილების შემდეგ მივხვდი, ამ საქმის კეთება მინდოდა და ჩავაბარე მოდის დიზაინის ფაკულტეტზე ათენში. მაშინ ამას ახლდა სირთულეები, რადგან მე კარგად არ ვიცოდი ბერძნული, ამასთან უნდა მემუშავა, რომ გადამეხადა სწავლის გადასახადი. მახსოვს, ღამეებს ვათენებდი ესკიზებზე. გადამარჩინა იმან, რომ არასოდეს დამვიწყებია ვინ ვარ, რა შემიძლია და რა მიზნით წამოვედი.
ძალიან დიდი განსხვავება ჩვენს ქვეყანასა და ევროპას შორის ეს არის დამოკიდებულებები, ურთიერთშეფასებები, ღირებულებები. მე უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ პიროვნების შინაგან სილამაზეს, განათლებას, ნიჭს, ადამიანობას, დამოკიდებულებას. სილამაზე ამ ჩამონათვალის გაშერე არაფერია. შიგნიდან წამოსული სილამაზე და გრძნობები ალამაზებს ადამიანს.
- როდის და როგორ დაიწყე კარიერა, რა საფეხურები გაიარე?
- ჩემი კარიერული სვლა დაიწყო უკრაინაში ცხოვრების პერიოდში, როცა ვიყავი 17 წლის. გავხდი წლის საუკეთესო შემოქმედი პოეტი და ეს იყო დიდი სტიმული მაშინ ჩემთვის. შემდეგი ეტაპი უკავშირდება ხონის სახალხო თეატრს. იქ იყო ჩემი პირველი ნაბიჯები და ვთვლი, რომ არ მომეცა შანსი ჩემი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლინების... სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება და გავხდი ემიგრანტი. უკან არაფერი არ მაკავებდა. მახსოვს, თურქეთში სანამ გასაბერ ნავზე ავიდოდი მკითხეს, 23 წლის გოგოს თუ მიღირდა ეს გადაწყვეტილება. მაშინ ალბათ ვერ ვათვითცნობიერებდი, რა იყო ემიგრანტობა და რა სირთულეებთან მექნებოდა საქმე.
- ხომ არ აპირებ ქართველი გოგონების შენს მოდის ინდუსტრიაში ჩაბმას? რა გეგმები გაქვს ხონთან და საქართველოსთან მიმართებაში?
- იცით, რას ვიზამდი? ჩემს პატარა ქალაქში საშუალებას მივცემდი შემოქმედ ახალგაზრდებს დასაქმდნენ, შემოიტანონ სიახლეეები, გაშალონ ფრთები და იფრინონ, რადგან ისინი არიან მომავალი წარმატებული ქალაქისა! ხელს შევუწყობდი ახალგაზრდებს, რომ ჩემსავით არ გაიქცნენ ქალაქიდან გადარჩენის მიზნით! მე დღეს მოვდივარ ჩემს სამშობლოში, უნდა ჩამოვიტანო ჩემი შემოქმედება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბერძნეთს ვეკუთვნი და ალბათ, ვცდილობ, სადღაც ვებღაუჭები იმ იმედს, რომ არ დაიკარგოს ის, რომ ვარ ქართველი დიზაინერი _ ეს არის ჩვენი ადამიანური და ქვეყნის უბედურება... რატომ აფასებენ და ებღაუჭებიან ნიჭიერ ადამიანებს უცხო ქვეყნებში და საქართველოში არა?! სად მიდის ჩვენი ქვეყნის მომავალი?!
არადა, საქართველო და ხონი სულ ჩემშია! რითიც შევძლებ, სამშობლოს გვერდით ვიქნები და აუცილებლად ჩამოვიტან კოლექციებს... თუმცა, მე რომ ახლა საქართველოში გადმოვიდე და საბერძნეთში ყველაფერი მივატოვო, ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება... თუ ვინმეს სურვილი ექნება და დასჭირდება ჩემი რჩევა და დახმარება მოდასთან, ხელოვნებასთან, ფოტოგრაფიასთან, სტილთან, მხატვრობასთან, ჭრა-კერვასთან დაკავშირებით, თქმა უნდა, მათ გვერდით ვიქნები და დავეხმარები. მიმაჩნია, რომ ადამიანებმა ცოდნა უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს.
- როგორია თქვენი მუშაობის სტილი, რატომ უნდა დავინტერესდეთ თქვენით?
- ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ, ვქმნი და ვვითარდები. სიურეალიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, ქანდაკება, არქიტექტურა ბევრჯერ გამხდარა ჩემი შთაგონების წყარო, ასევე გეომეტრიული ფორმები, ასიმეტრია, დახვეწილი დრაპინგის ტექნიკა, ფერწერა, ქანდაკების დეტალები. 3D ხელნაკეთი ნაკერებით არის დამუშავებული ჩემი კოლექცია. მაქვს ისეთი ლუქები, თითოეულზე რომ ორი კვირა ვიმუშავე. ისინი ჩემს პატარა ატელიეში იქმნება. ყველა ლუქი შექმნილი, შეკერილი და დამუშავებულია ხელით. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქსოვილს, ათენში კი სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ გვაქვს.
წლევანდელ კოლექციაში ერთი ლუქი მაქვს, რომელზეც ამოყვანილია „აი ია“. ასოები არის ჩემი ინსპირაციის წყარო და მალე ქართული ასოებით სამკაულების შექმნას ვაპირებ. მინდოდა ქართული ასოების პრინტით სამოსის შექმნა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ვერ შევძელი. როცა ჩამოვალ, თბილისში გავარკვევ დეტალებს და მომდევნო კოლექციაზე აუცილებლად იქნება. მიმაჩნია, რომ ქართველებისთანა დამწერლობა არავის აქვს. ძალიან მომწონს ვაზი, მაგრამ ჯერ ვერ ვეხები.
ცხოვრებამ მასწავლა, რომ სირთულე უნდა იყოს ერთგვარი გასაღები. საბერძნეთში მკაცრი კანონებია, სხვის შემოქმედებას ვერ მოიპარავ და მიისაკუთრებ. როგორც შემოქმედს, შენი ხელწერა უნდა გქონდეს. დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, კარგად გაიაზრონ, თუ რისი შექმნა სურთ და საკუთარი შესაძლებლობებიც უნდა გააანალიზონ. მხოლოდ ფანქარი და ფურცელი არ კმარა, ეს ფანტაზიის ჩანასახია, რომელსაც განვითარება სჭირდება! უნდა ჰქონდეთ შეხება ქსოვილთან, ისწავლონ კერვა, ქარგვა. აუცილებელია იცოდნენ მოდის ისტორია. სტუდენტობის პერიოდში შექმნან ყველა ეპოქის სამოსი, ეს დაეხმარებათ, რომ მიხვდნენ, როგორ ვითარდებოდა მოდა, რა სირთულეებს გადიოდა და ჩვენამდე როგორ მოვიდა... უნდა ისწავლონ ფეხსაცმელზე მუშაობა, აქსესუარების დამზადება, მაკიაჟი და ვარცხნილობა, უნდა ესმოდეთ ფოტოს მნიშვნელობა. ჩემს სტილისტებს მე ვკარნახობ, როგორი ვარცხნილობა ან მაკიაჟი მჭირდება და ცხადია, შემდეგ მათ მოსაზრებასაც ვიზიარებ, ჯგუფურად ვმუშაობთ. ერთიანობას დიდი ძალა აქვს.
ზოგადად, კოლექცია უნდა გიყვებოდეს რაღაც ახალს, საინტერესოს, უნდა შეეძლოს გამოგზაუროს, დაგიტოვოს რაღაც სასიამოვნო განცდა - ამას ვამბობ როგორც ახალბედა დიზაინერი, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი წარმატებამდე.
- ჩვენ ვიხილეთ ანონსი, რომელიც იუწყება 30 სექტემბერს თქვენი კოლექციის ჩვენებას თბილისის მაღალი მოდის კვირეულზე, რა მოლოდინები გაქვთ?
- პირველ ეტაპზე ვაპირებ კოლექციების ჩვენებას, რომელიც არის ხელოვნება მოდაში. კოლექცია შექმნილია ფუტურისტული, გეომეტრიული ფორმებითა და ელემენტებით სამგანზომილებიან მოცულობებში, რაც ხაზს უსვამს ჩემს იდენტობას. ინსპირაცია - ემიგრაციაში ნაპოვნი ქალია - ელეგანტური, თანამედროვე, შეუპოვარი, უშიშარი, რომელიც თავისი სიძლიერით მოდის, რომ შეცვალოს, დაამსხვრიოს სტერეოტიპები და თანამედროვე მოდის ეპოქაში მოახდინოს აღორძინება... ქალი, რომელსაც მიუხედავად სირთულეებისა და დაბრკოლებებისა, აქვს იმის ძალა, რომ გადარჩეს და თავიდან დაიბადოს. ეს არის ქალი რენესანსი, ძლიერი და უშიშარი, რომელსაც სიახლეები მოაქვს თანამედროვე ეპოქაში...
ეს იქნება ჩემი პირველი კოლექცია - Fashion sculpture art... ძირითადად ქსოვილს ხელით ვამუშავებ. ჩემი სტილით ყოველთვის განსხვავებული ვიყავი და ამას მეუბნებოდნენ კიდეც. საბერძნეთში თავის დამკვიდრება რთულია, ბერძნები იშვიათად მიგიღებენ, მაგრამ მე ეს თავდაუზოგავი შრომით შევძელი. მჯეროდა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, მიზანს მივაღწევდი. მოდის გარეშე სამყაროს ვერ აღვიქვამ. მინდოდა გამეკეთებინა რაღაც უფრო თანამედროვედ, უფრო საინტერესოდ. ჩვენ, ქართველებს გვაქვს საოცარი ნიჭი, რომელსაც ხელშეწყობა, შრომა და განვითარება სჭირდება...
მოდელობის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე. ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ხელით ვეხებოდი დეტალებს. ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა ხარისხს, ფორმას, დიზაინერის დამოკიდებულებას. მოდა ჩემთვის არის პიროვნების გამოხატულება და არა მხოლოდ სამოსი, ამიტომაც საქართველოში ჩემი კოლექციის ჩვენებისთვის ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობ და მოლოდინებიც მაქვს...
როდესაც ათენში მოდის ჩვენებაზე ჩემი რამდენიმე ლუქი ნახეს, დამიკავშირდნენ და მკითხეს, საბერძნეთის სახელით იტალიაში ჩვენებაზე თუ წავიდოდი... ვუთხარი, რომ ბერძენი კი არა, ქართველი დიზაინერი ვარ, თუმცა მიპასუხეს, ამას მნიშვნელობა არ აქვსო... რამდენიმე დღეში დამიკავშირდა ქალბატონი თინათინ მაღალაშვილი და საქართველოში მოწვევის შესახებ მამცნო. მაშინ ვთქვი, რომ ჩემი პირველი ჩვენება მხოლოდ საქართველოში შედგებოდა. აქ მაინც იტყოდნენ, რომ ვარ ქართველი... არ ვიცი, როგორ მიიღებს თბილისი ჩემს თანამედროვე ხედვას. საქართველოში ჩამოვდივარ 10 წლის შემდეგ პირველად. ემოციურად ძალიან ვარ დატვირთული, რადგან 10 წლის შემდეგ პირველად ჩავეხუტები დედას, არადა, იმდენჯერ მომნატრებია მის გულში ჩახუტება. დიახ, ათი წლის შემდეგ პირველად მოვდივარ საქართველოში და დღეებს ვითვლი, არ მინდა ჩემს სამშობლოს დავეკარგო!
*****
მსოფლიოშია ცნობილი ქართველი ქალი თავისი სილამაზით და ეშხით, მაგრამ რაოდენ ლამაზია იგი, იმდენადვე სავსეა მისი ცხოვრება იმედგაცრუებით, სევდით და ტკივილით. ქართველი ქალი თავის თავში ითავსებს იყოს სასახელო გოგო, სხვისი მოლოდინების იმედების გამმართლებელი, სანიმუშო შვილი, მან უნდა აიკიდოს ზურგზე სამჯერ დიდი ფიქრები, მშობლების ვერასრულებული ოცნებები და იაროს ასე წელში მოხრილმა ღიმილიანი სახით, ასე აგრძელებს თავის მიძღვნას სხვებისთვის... უწყვეტი ჯაჭვია დაბადებიდან აღსასრულამდე, იყოს სამაგალითო და თავი მიუძღვნას სხვებს... ყველაფერს ითავსებს ქართველი ქალი გარდა უშუალოდ ქალობისა... არავინ ასწავლა, ვერც თავად შეძლო ესწავლა, შეერგო ქალობის ეშხი, მთელი თავისი სიდიადით...
ხოლო ვინც შეძლო და ჟანასავით მოისურვა ყოფილიყო ქალი, დღემდე იბრძვის თვითდამკვიდრებისთვის, სიცოცხლისთვის, საკუთარი ადგილისთვის და ასე იქნება მუდამ, სანამ ქართველ ქალი საკუთარ თავში არ აღმოაჩენს, შეიყვარებს და გაუფრთხილდება ქალს, არ მიუძღვნის თავს მუდმივად სხვებს, დაამსხვრევს სტერეოტიპებს, თავს დააღწევს მსხვერპლის როლს და დაიჯერებს საკუთარ სიძლიერეს.
გურანდა ცაგურია

იბეჭდება „რეპორტიორ ქალთა აკადემიის“ კონკურსის ფარგლებში