Baby Bag

,,ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა; როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს?" - მამა შალვა კეკელია

,,ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა; როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს?" - მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია საუბრობს, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში ნათლობის თუ ჯვრისწერის არსის გააზრებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი სვამენ შეკითხვას - რა ღირს ესა თუ ის ღვთისმსახურება, როგორც ის ამბობს, მოძღვარი ყველა ადამიანს უანგაროდ უნდა ემსახუროს.

,,მაცხოვარი არცერთ მოძღვარს არაფრის გარეშე არ დატოვებს. უანგაროდ უნდა ემსახურო ყველა ადამიანს, ვინც შენამდე ღმერთმა მოიყვანა. ეს მოძღვრის ვალდებულებაა. ჩემთვის ხშირად დაურეკავთ, როდესაც  ნათლობასთან ან ჯვრისწერასთან დაკავშირებით მითანხმებენ და, სამწუხაროდ, ასეთ კითხვასაც მისვამენ ხოლმე - მამაო, რა ღირს ნათლობა? რა ღირს ჯვრისწერა? მე ასეთ დროს ვეუბნები - ძალიან ბევრი ღირს, იმდენი - რომ მის ფასს ვერანაირად ვერ გადაიხდით. ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა. როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს? ღმერთთან საუბარი როგორ უნდა შეაფასო? სამწუხაროდ, ადამიანებს ეს ყველაფერი არ ესმით. ვერც ხვდებიან. ეკლესია შესაწირით არსებობს, მოძღვარი შესაწირით ცხოვრობს და რას შესწირავს, ეს ოჯახზეა დამოკიდებული. შესწირავს, არ შესწირავს, ეს მისთვისაა, ეს ეკლესიისთვის გაკეთებული სიკეთეა მის მიერ. მოწყალებას თუ გაიღებს ადამიანი, ამას საკუთარი თავისთვის გააკეთებს. 

სამწუხაროდ, არის ეს ძალიან ცუდი დამოკიდებულება, რომ ფასი აქვს დადებული ნათლობასაც, ჯვრისწერასაც. ყველაზე მძიმე, რაც მომისმენია ხოლმე, არის, რომ მიცვალებულზე უთქვმათ - რა ღირს ტაძარში დასვენება. როდესაც ამ შეკითხვას სვამ, არ გესმის - რა არის ტაძარი, რა არის ღვთის სახლი. მოძღვარმა კი, როდესაც ამ ყველაფერს ფასს ადებს, არ იცის ტაძრის მნიშვნელობა. 

ეს სამწუხარო რეალობა ჩვენგან, მოძღვრებისგანაც არის გამოწვეული. მოძღვარს ზოგჯერ სახარების მნიშვნელობაც არ ესმის. მრევლმაც სწორად უნდა გაიაზროს მოძღვართან ურთიერთობა. მრევლსაც უნდა ესმოდეს, რომ რასაც ის სწირავს, მხოლოდ იმით ცხოვრობს მოძღვარი. ნამდვილი მოძღვარი ღმერთზეა დამოკიდებული", - ამბობს მამა შალვა კეკელია.



შეიძლება დაინტერესდეთ

,,მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება''

,,მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება''

თინა ხიდაშელმა კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ დაამარცხა. თუმცა ვირუსის გართულებებს დღემდე ებრძვის. ვაქცინაციისა და ვირუსის შესახებ პოლიტიკოსი სოციალური ქსელში წერს. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,ქვეყანა ერთი დიდი სიკვდილის ქრონიკად იქცა. ყოველდღიურად, უფრო კი დღეში რამდენჯერმე მორიგ სულისშემძვრელ ისტორიას ვკითხულობ კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზე. ერთ ერთი ასეთი ისტორია ჩემიც შეიძლება ყოფილიყო. მე გადავრჩი! მაგრამ უკვე ექვსი ათასზე მეტი ადამიანი ემახვერპლა ამ ვერაგ ვირუსს.

არც სიკვდილს და არც გადარჩენას ლოგიკა არ აქვს, ვერავინ გეტყვით წინასწარ როგორ დასრულდება თქვენი კოვიდ ისტორია. ვერც ექიმები, ვერც მეცნიერები, მით უმეტეს ვერც პოლიტიკოსები ან ცნობილი ადამიანები ტელევიზორიდან …

მხოლოდ თქვენ თავად წყვეტთ როგორი იქნება თქვენი ხვედრი კოვიდით ინფიცირების შემდეგ.

რამდენიმე კვირაა ვცდილობ რაღაც დავწერო ვაქცინაციაზე, მინდა ჩემი ვედრება გაგაგონოთ რომ აიცრათ, არავის მისცეთ თქვენი სიცოცხლით თამაშის უფლება. დიახ, სიცოცხლით! ვერაფერს ვწერდი. აცრა რომ უალტერნატივოა ისეთი მარტივი და ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის რომ არ ვიცი როგორ უნდა მოგიწოდოთ, როგორ მოგმართოთ.

ეხლა როდესაც კოვიდ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგაც მის გვერდით მოვლენებს ვებრძვი, ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ და ყოველ ღამე იმაზე ოცნებით ვიძინებ რომ ხვალინდელი დღე იქნებ ოდნავ მაინც უკეთესი იყოს ყველას ვინც ჭოჭმანობთ, გული გეთანაღრებათ, აცრის გაშინიათ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ

- ნუ გაწირავთ საკუთარ თავს ამ უმძიმესი ხვედრისთვის.

- ნუ დაიმშვიდებთ თავს იმით რომ ჯანმრთელი ხართ და ვერ მოგერევათ. ჩემზე ჯანმრთელი ადამიანი ცოტა მეგულება ამ ქვეყანაზე.

- ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი მედგარი ხასიათი და სიძლიერე ადვილად მოერევა ვირუსს. აქაც ძალიან კონკურენტუნარიანი ვიყავი.

მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ უნდა აირჩიოთ სიცოცხლე! აცრაზე თანხმობა სწორედ სიცოცხლის არჩევაა!

#აირჩიესიცოცხლე'' - აღნიშნავს თინა ხიდაშელი. 

წაიკითხეთ სრულად