Baby Bag

,,ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა; როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს?" - მამა შალვა კეკელია

,,ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა; როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს?" - მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია საუბრობს, თუ რამდენად სწორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში ნათლობის თუ ჯვრისწერის არსის გააზრებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი სვამენ შეკითხვას - რა ღირს ესა თუ ის ღვთისმსახურება, როგორც ის ამბობს, მოძღვარი ყველა ადამიანს უანგაროდ უნდა ემსახუროს.

,,მაცხოვარი არცერთ მოძღვარს არაფრის გარეშე არ დატოვებს. უანგაროდ უნდა ემსახურო ყველა ადამიანს, ვინც შენამდე ღმერთმა მოიყვანა. ეს მოძღვრის ვალდებულებაა. ჩემთვის ხშირად დაურეკავთ, როდესაც  ნათლობასთან ან ჯვრისწერასთან დაკავშირებით მითანხმებენ და, სამწუხაროდ, ასეთ კითხვასაც მისვამენ ხოლმე - მამაო, რა ღირს ნათლობა? რა ღირს ჯვრისწერა? მე ასეთ დროს ვეუბნები - ძალიან ბევრი ღირს, იმდენი - რომ მის ფასს ვერანაირად ვერ გადაიხდით. ნათლობა, ჯვრისწერა ღვთისმსახურებაა. როგორ შეიძლება, ის რაიმე თანხით შეფასდეს? ღმერთთან საუბარი როგორ უნდა შეაფასო? სამწუხაროდ, ადამიანებს ეს ყველაფერი არ ესმით. ვერც ხვდებიან. ეკლესია შესაწირით არსებობს, მოძღვარი შესაწირით ცხოვრობს და რას შესწირავს, ეს ოჯახზეა დამოკიდებული. შესწირავს, არ შესწირავს, ეს მისთვისაა, ეს ეკლესიისთვის გაკეთებული სიკეთეა მის მიერ. მოწყალებას თუ გაიღებს ადამიანი, ამას საკუთარი თავისთვის გააკეთებს. 

სამწუხაროდ, არის ეს ძალიან ცუდი დამოკიდებულება, რომ ფასი აქვს დადებული ნათლობასაც, ჯვრისწერასაც. ყველაზე მძიმე, რაც მომისმენია ხოლმე, არის, რომ მიცვალებულზე უთქვმათ - რა ღირს ტაძარში დასვენება. როდესაც ამ შეკითხვას სვამ, არ გესმის - რა არის ტაძარი, რა არის ღვთის სახლი. მოძღვარმა კი, როდესაც ამ ყველაფერს ფასს ადებს, არ იცის ტაძრის მნიშვნელობა. 

ეს სამწუხარო რეალობა ჩვენგან, მოძღვრებისგანაც არის გამოწვეული. მოძღვარს ზოგჯერ სახარების მნიშვნელობაც არ ესმის. მრევლმაც სწორად უნდა გაიაზროს მოძღვართან ურთიერთობა. მრევლსაც უნდა ესმოდეს, რომ რასაც ის სწირავს, მხოლოდ იმით ცხოვრობს მოძღვარი. ნამდვილი მოძღვარი ღმერთზეა დამოკიდებული", - ამბობს მამა შალვა კეკელია.



შეიძლება დაინტერესდეთ

,,ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა ატაროს ნიღაბი''

,,ადამიანების 90-95%-მა შინ და გარეთ უნდა ატაროს ნიღაბი''

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან დადგენილი წესების მკაცრ დაცვას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღსრულების კონტროლს, მათ შორის, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში. 

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 65 %-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია, ადამიანების 90-95%-მა ატაროს პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ქვეყანას ინფიცირების რაოდენობის შემცირების საშუალებას და შესაბამისად, ეკონომიკას მეტ თავისუფლებას მისცემს. მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მიზნით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაანონსებული შეზღუდვების გამკაცრების ან ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ. მათივე შეფასებით, ვითარების შემდგომი სტაბილიზაციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწესებული შეზღუდვებითა და ინტენსიური ტესტირებით მიღწეული შედეგების შენარჩუნებას. 

წაიკითხეთ სრულად