Baby Bag

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

​მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა იპოვეს - ვიდეო

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული სამი წლის გოგონა ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონურ მაშველებს, რომლებიც საგუშაგოზე მორიგეობდნენ, მოქალაქემ 3 წლის ბავშვის დაკარგვის შესახებ მიმართა. მშობლის განცხადებით, ბავშვი სანაპირო ზოლზე გაუჩინარდა და მის პოვნას ვერ ახერხებდნენ.

„მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მახლობლად მყოფ ყველა სამაშველო საგუშაგოს და დაახლოებით ნახევარსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, ბავშვი გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მაშველებმა მშობლებს ბავშვი უვნებლად დაუბრუნეს.

პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სეზონური მაშველები და დამატებითი სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ადამიანი 20 წუთზე მეტხანს მოიხმარს ტელეფონს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია,“ - ოფთალმოლოგი ეკატერინე ხომერიკი

„თუ ადამიანი 20 წუთზე მეტხანს მოიხმარს ტელეფონს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია,“ - ოფთალმოლოგი ეკატერინე ხომერიკი

ოფთალმოლოგი ეკატერინე ხომერიკი ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირი სქროლვა მხედველობის ხარისხს აქვეითებს:

„ლურჯ ნათებას აქვს მაღალი სიხშირე და მოკლე ტალღა. როდესაც დიდხანს ვუყურებთ ტელეფონს, ეს იწვევს ბადურა გარსზე სინათლის გამოსახულებად გარდაქმნის პროცესის დათრგუნვას. ხდება ის, რომ ქვეითდება მხედველობის ხარისხი. არ არის დადასტურებული, რომ სქროლვა სიბრმავეს იწვევს. ​ძილის წინ სქროლვა რამოდენიმე ფაქტორისგან შედგება. ჩვენ როდესაც გვიჭირავს მობილური ტელეფონი, ის გვაქვს თვალიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრზე. ზოგიერთ ადამიანს ახლოსაც მიაქვს. სიბნელეში თუ უყურებს ადამიანი ეკრანს, უნდა, რომ უკეთესი ფოკუსირება გააკეთოს. თვალი ამ დროს ფოკუსირებას აკეთებს იმაზე მეტხანს, ვიდრე კუნთს შეუძლია ბუნებრივად. წარმოვიდგინოთ, ხელი რომ გვქონდეს აწეული მაღლა დიდი ხნის განმავლობაში.“

ეკატერინე ხომერიკის თქმით, პანდემიის გამო მშობლების ოფთალმოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა, რადგან ბავშვებს ეკრანთან ყოფნა უფრო ხშირად უწევთ:

„მშობლები რეკავენ და ამბობენ, რომ ტელეფონების დიდი ხნის მოხმარების შემდეგ ბავშვებს აქვთ პრობლემები. როდესაც ონლაინ ტარდება გაკვეთილი, შესვენების დროს ბავშვი ფიზიკური აქტივობით კი არ არის დაკავებული, სხვა გვერდზე გადადის და სქროლავს. ​მისი თვალი არის მუდმივად დაჭიმულ-დაძაბულ მდგომარეობაში. ამ ფოკუსირების მერე ადამიანის მხედველობა თითქოს გაიდღაბნა, ბუნდოვანი გახდა. საკმარისია მოვასვენოთ თვალი, რომ ეს აღდგება.“

„გაჯეტები ძალიან აქტუალურია. მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სხვანაირად ვერ ერთობა. ​კატეგორიულად მიუღებელია და არ მიმაჩნია სწორად ორ წლამდე ბავშვის ციფრულ ტექნოლოგიებთან შეხება. ზოგჯერ შეიძლება 5-10 წუთი, მაგრამ არ არის რეკომენდებული. მობილურ ტელეფონს მშობლისთვის უფრო სხვა დანიშნულება აქვს. მას უნდა, რომ აკონტროლოს სად არის ბავშვი, როგორ არის. თუ ადამიანი 20 წუთზე მეტხანს მოიხმარს ტელეფონს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია, ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც. ყოველ 20 წუთში 20 წამით გავიხედოთ შორს, მოვაშოროთ თვალი ეკრანს,“ - აღნიშნულ საკითხე ეკატერინე ხომერიკი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად