Baby Bag

არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილი წაიყვანა

არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილი წაიყვანა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, გიგა სახელაშვილის შვილი, დეა სახელაშვილი წაიყვანა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:

„არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი... ამიტომ დავწერ...
როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ...

2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს, პირველი კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია... გავიდა წლები... 

2019 წელი, აგვისტო... ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები - ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო... გამახსენდა, 4 წლის წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ...დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში...

გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ...
ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს...“ ​წერს თეა პერტაია.

გიგა სახელაშვილს მეორე შვილი დეა ომამდე ორი კვირით ადრე შეეძინა. გახარებულმა შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, თავად გამოცხადდა სამსახურში, ომში რომ წასულიყო. წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ? როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - მარი მალაზონია

„არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდენს ჭამ? როგორ მოსუქდი,“  არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მსუნაგი ბავშვების მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა. მან უფროსებს ურჩია, რომ ბავშვს წონასთან ან კვებასთან დაკავშირებით უხეში შენიშვნები არასდროს მისცენ:

„თუ ბავშვი არის ზედმეტად მსუნაგი, ​არ შეიძლება ბავშვს ვუთხრათ: „რამდ​ენს ჭამ?“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ: „როგორ მოსუქდი,“ არ შეიძლება ამის გაკეთება არავისთან და ბავშვებთან განსაკუთრებით.“

მარი მალაზონიას თქმით, მშობლებმა ბავშვს ულუფის მოცულობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ის თეფშის ზომას მიაჩვიონ:

„ჩვენ შეგვიძლია, რომ ბავშვს ვუთხრათ: შენი ულუფა იყოს შენი თეფშის შუაგული ხაზებამდე. თუ თქვენ ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეაჩვევთ თეფშის ზომას, ეს იქნება ძალიან კარგი. შესაძლოა, ბავშვი მაინც ვერ ახერხებს და ამბობს, რომ ეს სულ არ არის ბევრი ან ცოტაა. თუ სახლში გაქვთ დიდი თეფში და ბავშვს თეფშზე დაუდებთ მის საყვარელ ნამცხვარს, ​შესაძლოა, ბავშვმა გითხრათ, რომ ეს ცოტაა და დამატება მოგთხოვოთ.“

„თუ თქვენ იგივე პროდუქტს მოათავსებთ პატარა ზომის თეფშზე, მაშინ ბავშვი დაინახავს, რომ ​მისთვის საყვარელი პროდუქტი გადმოდის თეფშიდან. ასეთ შემთხვევაში ის თვითონვე კრიტიკულად შეაფასებს ყველაფერს და მოერედება იმის თქმა, რომ დამიმატეთ. მას ექნება განცდა: უი, რამდენი მიჭამია,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად