Baby Bag

არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილი წაიყვანა

არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილი წაიყვანა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, გიგა სახელაშვილის შვილი, დეა სახელაშვილი წაიყვანა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს:

„არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი... ამიტომ დავწერ...
როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ...

2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა სახელაშვილს, პირველი კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია... გავიდა წლები... 

2019 წელი, აგვისტო... ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით, საოცარ ფაქტს ვაწყდები - ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო... გამახსენდა, 4 წლის წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ...დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში...

გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ...
ალბათ, სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს...“ ​წერს თეა პერტაია.

გიგა სახელაშვილს მეორე შვილი დეა ომამდე ორი კვირით ადრე შეეძინა. გახარებულმა შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, თავად გამოცხადდა სამსახურში, ომში რომ წასულიყო. წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს - რა არის გამოსავალი?

,,მშობლები ხშირად შფოთავენ, რომ ვერ უყურებენ ბავშვის სახეს მგზავრობის დროს, ამიტომ ხშირად იხედებიან მათკენ, ყურადღებას ადუნებენ საჭესთან, რაც სახიფათოა'' - ამის შესახებ MomsEdu.ge-ს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your car seat-ის წარმომადგენელი ლანა გიორგიძე ესაუბრა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მშობლები საჭესთან ყურადღებას ადუნებენ, ისინი სამგზავრო სავარძელს ამონტაჟებენ მოძრაობის მიმართულების თანახმად, რათა დაინახონ ბავშვი, თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვის მოძრაობის მიმართულებით მოთავსება არ არის უსაფრთხო:

,,2 წლამდე ბავშვი უნდა მგზავრობდეს მოძრაობის საპირისპიროდ, რათა დაცული იყოს მისი ხერხემალი, თავი და კისერი. ამ პოზიციაში მგზავრობა 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მოძრაობის მიმართულებით მგზავრობა. მგზავრობისას მშობლებს შეუძლიათ, გამოიყენონ უსაფრთხო სარკე, რომელიც უნდა შედგებოდეს სპეციალური, უსაფრთხო მასალისგან, რომელიც შეჯახების დროს ზიანს არ მოუტანს ბავშვს. აუცილებლად იკითხეთ ტესტირებულია თუ არა სარკე, მოითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა დარწმუნდეთ ამაში,'' - აღნიშნა ლანა გიორგიძემ. 

წაიკითხეთ სრულად