Baby Bag

ოზურგეთში თხილის ბაღში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ოზურგეთში თხილის ბაღში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ოზურგეთში ახალშობილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ​ავრცელებს.

უწყების ცნობით, 16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

„ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კი, ჩვილი თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს.

ახალშობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციელებმა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ვიდრე მედიკოსები მივიდოდნენ, სამართალდამცველებმა პატარას თავად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა არსენ ახალკაცმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ავადობს, დედის რძის შემადგენლობა იცვლება და იმუნიტეტს გადასცემს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას ებრძვის,“ - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

„როდესაც ბავშვი ავადობს, დედის რძის შემადგენლობა იცვლება და იმუნიტეტს გადასცემს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას ებრძვის,“ - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

მედიცინის დოქტორმა ვერიკო ბაზიარმა ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის რძე ბავშვის საჭიროების მიხედვით მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ვერიკო ბაზიარის თქმით, ბავშვის ავადობის დროს დედის რძე მის ორგანიზმს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს აწვდის:

„ყველაზე მეტად გული მწყდება, როდესაც ბავშვს არ აჭმევენ ძუძუს. ეს კიდევ ცალკე თემაა. ძუძუთი კვების დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა ქალის ორგანიზმში, ასევე ბავშვის ორგანიზმშიც. ეს სიყვარულის ჰორმონია. საოცრება არის ის, თუ როგორ იცვლება რძე ბავშვის კვებისას. როდესაც დედის ორგანიზმში აღარ არის ბავშვი და ბავშვი ავადობს, რძის შემადგენლობა იცვლება იმგვარად, რომ იმუნიტეტს გადასცემს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ანთებას ებრძვის. დედას რძეში ძალიან ბევრი იმუნოგლობულინი აქვს. ეს იმუნოგლობულინი იმ ტიპისაა, რა ინფექციაც აქვს ბავშვს. ის ზუსტად მორგებულია იმას, რაც სჭირდება ბავშვს.

დილით, შუადღეს და საღამოს რძე იმ შემადგელობისაა, რაც ბავშვს სჭირდება. ღამის რძეში სხვა შემადგენლობაა, დღის განმავლობაში - სხვა. ეს წყვილი დედისა და ბავშვის ურთიერთობას არ წყვეტს მას შემდეგ, რაც უკვე ერთად აღარ არიან. საოცრებაა დედისა და შვილის ურთიერთობა,“- აღნიშნა ვერიკო ბაზიარმა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად