Baby Bag

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში
სასკოლო კურიკულუმებში, როგორც წესი, განსაკუთრებული ყურადღება ლიტერატურასა და მათემატიკას ეთმობა, ხელოვნება კი მსგავსი პრივილეგიებით არ ​სარგებლობს. ბავშვებში კრეატიულობის განვითარებას და მათთვის ვიზუალური სილამაზის აღქმის სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაზე პრიმიტიული შემოქმედებითი აქტივობაც კი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რა როლს ასრულებს ხელოვნება ბავშვის განვითარებაში?

მოტორული უნარები: შემოქმედებითი აქტივობების უდიდესი ნაწილი ბავშვისგან ისეთი მოძრაობების შესრულებას ითხოვს, რომლებიც მის მოტორულ განვითარებაზე ძალიან დადებითად ზემოქმედებს. ფუნჯის გამოყენებით ხატვა, ნახატების გაფერადება თუ პლასტილინით ძერწვა ბავშვის მოტორულ უნარებს მნიშვნელოვნად ხვეწს. 3 წლის ასაკის ბავშვს წრის შემოხაზვა უნდა შეეძლოს, გარდა ამისა ის მაკრატლის გამოყენებით ფურცლების უსაფრთხოდ დაჭრასაც უნდა ახერხებდეს. ოთხი წლის ასაკში ბავშვი კვადრატს თავისუფლად უნდა ხატავდეს, ხოლო მაკრატლის გამოყენებით ფურცელს სწორ ხაზზე ჭრიდეს. ნაადრევ ასაკში მაკრატლის გამოყენება ბავშვს წერისთვის საჭირო სიმარჯვესა და მოქნილობას უყალიბებს.

ენობრივ-კომუნიკაციური უნარები: მცირეწლოვან ბავშვებში შემოქმედებითი აქტივობა ან ხელოვნებაზე საუბარი მათი ენობრივ-კომუნიკაციური უნარების განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვები ფერების, ფორმებისა და გარკვეული მოქმედებების აღმნიშვნელ სიტყვებს სწავლობენ. უკვე ერთი წლის ასაკიდან მშობლებმა ბავშვის წარმოსახვის განვითარებაზე ზრუნვა უნდა დაიწყონ. მათ შეუძლიათ ფურცელი დაჭრან, შემდეგ მრგვალად შეფუთონ და ბავშვს უთხრან, რომ ეს ბურთია. სასკოლო ასაკის ბავშვს კი მარტივი სიტყვებით თავისი განცდებისა და ფიქრების გადმოცემა უნდა შეეძლოს. მან უნდა ისაუბროს თავის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ ნახატის მიმართ, უნდა აღწეროს რას ხედავს ნახატზე და რა განცდებს იწვევს მასში ამა თუ იმ მხატვრის შემოქმედება.

გადაწყვეტილების მიღება: შემოქმედებითი აქტივობა ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს უვითარებს. გამოცდილება, რომელსაც ბავშვი ხელოვნების გაკვეთილზე იღებს, მას ცხოვრებაშიც გამოადგება. თუ ბავშვები ხელოვნების რომელიმე დარგს გულმოდგინეს იკვლევენ, ატარებენ ახალ ექსპერიმენტებს და აქვთ თავიანთი იდეები, ე.ი. მათ შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში კრეატიული და შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ.
ვიზუალური შემეცნება: ხატვა, ძერწვა, კუბებით სახლების შენება და სხვა მსგავსი აქტივობები ბავშვს ვიზუალური შემეცნების უნარებს უვითარებს. ბავშვები სივრცის სწორად აღქმას სწავლობენ. კითხვის სწავლამდე ბავშვი სამყაროს შესახებ ინფორმაციას სწორედ ვიზუალური აღქმის დახმარებით იღებს. თანამედროვე ბავშვები გრაფიკული გამოსახულების წყალობით გაცილებით მეტ ცოდნას იღებენ, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა.

გამომგონებლობა: როდესაც ბავშვებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევათ და ისინი შემოქმედებითი აქტივობებით კავდებიან, როგორც წესი, მათ ინოვაციური იდეებზე ფიქრის სურვილი უჩნდებათ. საზოგადოების განვითარებისთვის გამომგონებელი და შემოქმედებითი ადამიანების არსებობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. სოციუმის წინსვლისთვის აუცილებელია ისეთი ადამიანების სიმრავლე, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ, პრობლემის გადაჭრის ახალ გზებზე ფიქრობენ და ნებისმიერი საკითხის შესახებ თავიანთი განსახვავებული ხედვა აქვთ.

კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დაგროვება: თანამედროვე სამყაროში რასიზმისა და სექსიზმის გამოვლინებებს ძალიან ხშირად ვხვდებით. ბავშვი, რომელიც თოჯინით თამაშობს, შესაძლოა მის მიმართ აგრესიას ავლენდეს, რაც, შესაძლოა, თოჯინის თმის ან კანის ფერმა ან სხვა ფიზიკურმა მახასიათებელმა გამოიწვიოს. ბავშვს არჩევანის თავისუფლების შესახებ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. ხელოვნების გაკვეთილი კი ამის საშუალებას იძლევა, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მხატვარი სამყაროს თავისებური ხედვის გადმოსაცემად სხვა და სხვა ფერს და ფორმას იყენებს, ასევე იქცევიან არქიტექტორები და დიზაინერებიც. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ განსხვავებული ფერი ან წარმომავლობა არაფერს ცვლის, რადგან სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და მისი მშვენიერებაც სწორედ ამაშია.

აკადემიური მოსწრების ამაღლება: კვლევებით დასტურდება, რომ შემოქმედებითი წარმატება და სხვა სახის მიღწევები ერთმანეთთან დადებით კორელაციაშია. ბავშვები, რომლებიც ხელოვნების წრეებზე დადიან, როგორც წესი, სკოლაშიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან. ისინი მათემატიკასა და ლიტერატურაშიც ავლენენ საკუთარ ნიჭს, რადგან ხელოვნება მრავალფეროვანი ინტერესების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

​2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

​2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.

იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №50/ნ ბრძანება.
გაეცნით საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვითაა დალაგებული. საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tsu.ge:

ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა.

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი www.gtu.ge:

​მშენებლობა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, არქიტექტურა, მათემატიკა, საინჟინრო ფიზიკა, აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, ქიმია, მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია, სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, 
გეოლოგია, საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა, მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მეტალურგია, მასალათმცოდნეობა, მევენახეობა და ენოლოგია, მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი, მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა, ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა, მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები, ტრანსპორტი.
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი www.iliauni.edu.ge:

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ჰუმანიტარული მეცნიერებები (არქეოლოგია), ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლესები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგიტრო პროგრამა, მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ფიზიკა, არქიტექტურა, ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.atsu.edu.ge:

ქართული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება), ელექტრული ინჟინერია, მშენებლობა, აგრონომია, აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა, ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში, საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ფილოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები), სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა, გამოყენებითი დიზაინი, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები, გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია.

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.bsu.edu.ge:

ეკონომიკა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, მშენებლობა, აგრარული ტექნოლოგიები, ქართული ფილოლოგია, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა.

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sou.edu.ge:


​მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, აფხაზური, ფილოლოგია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, ეკონომიკა.

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.tesau.edu.ge

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, აგრონომია, ეკონომიკა.

​სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი www.sjuni.edu.ge:

ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ინტეგრირებული პროგრამა, ეკონომიკა ინფორმაციული ტექნოლოგიები, აგრონომია, ეკოლოგია, საჯარო მმართველობა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

​სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.gu.edu.ge


​ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ისტორია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ბიოლოგია, ეკონომიკა, საჯარო მმართველობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

​სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი www.zssu.ge:

ისტორია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, საჯარო მმართველობა.
წაიკითხეთ სრულად