Baby Bag

„ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“

„ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“
როგორი მოსწავლე იყო ზალიკო სულაკაური, რატომ აირჩია ხატვის ეს მიმდინარეობა - კარიკატურისტობა და რატომ გადაწყვიტა მასწავლებლობა - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ​Moms.ge-ს მხატვარი, კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური პასუხობს. 

- სკოლის პერიოდზე რომ გვესაუბროთ. როგორი მოსწავლე იყავით, თქვენ და თქვენი ტყუპისცალი ძმა ხშირად ერეოდით მასწავლებლებს ერთმანეთში?

- მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ დღეს ჩემი მასწავლებლები ამაყობენ ჩემით. ახლა ჩემს სკოლაში რომ მივდივარ და ბავშვები იგებენ, მეც მათსავით აქ ვსწავლობდი, გახარებულები არიან. ეს სიხარული მაბედნიერებს. არაფერია იმაზე კარგი, როცა აცნობიერებ, რომ ბავშვებს უყვართ ზალიკო. რაც შეეხება ზურიკოს, დღემდე ვერევით ერთმანეთში. სკოლაში ამას ჩვენ სასარგებლოდ ვიყენებდით და სწავლაში შრომას ვინაწილებდით. თუმცა ერთხელ გამოგვიჭირეს და ერთდროულად გამოგვიძახეს. ვერ დავმალავ, მასწავლებლები ხელს გვიწყობდნენ, იცოდნენ, რომ ხატვა გვიყვარდა და ამ საქმის ერთგულები ვიქნებოდით. მთელმა სკოლამ იცოდა, რომ ზალიკო და ზურიკო მხატვრები უნდა გამოსულიყვნენ.

- რა ასაკიდან დაიწყეთ ხატვა?

- ბაღში წასვლამდე დავიწყე ხატვა, მაგრამ სკოლაში დაწყებითი კლასებიდანვე ჩავიბეჭდე გონებაში, რომ მხატვრობა იყო ჩემი მომავალი ხელობა.

- თქვენი ხატვის მასწავლებელიც რომ გაიხსენოთ.

- აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე სიარულისას აკაკი თევზაძე მასწავლიდა. მთელ გულს დებდა საქმეში და ხატვის სიყვარულს მინერგავდა. მასწავლიდა, როგორ უნდა მივდგომოდი ამ საგანს და შემდეგ როგორ გადმომეტანა ქაღალდსა თუ ტილოზე შედევრი. შეეძლო თუ არა მოსწავლეს, სხვა საქმე იყო, მას მაინც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა საქმის მიმართ და სხვა მხრიდან გვასწავლიდა ყველაფერს. ასევე მასწავლებელი, რომელმაც ხატვა მასწავლა და სხვა გზისკენ არ გადამახვევინა, არის რემბრანდტი.

- რას ნიშნავს თქვენთვის ხატვა?

- ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილად გასაგებად ვიტყვი - თქვენთვის რას წარმოადგენს სუნთქვა? ხომ მოკვდება ადამიანი რომ არ ისუნთქოს? ასეა. ბედნიერი ვარ, როცა ვხატავ ჩემს ემოციას, ხედვას. მოუსვენარი კაცი ვარ, სულ მინდა, ვხატო. ყველაფერთან ერთად, ეს ჩემი ერთ-ერთი ძირითადი შემოსავალია. არავინ იფიქროს, რომ მხატვარი ღარიბი კაცია და კიბის ქვეშ კვდება. ტყუილია. არ არსებობს მშიერი მხატვარი. ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერია ბავშვების შემდეგ...

- კარიკატურების ხატვა რატომ გადაწყვიტეთ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მიმდინარეობას?

- ეს არის ყველაზე რთული მიმდინარეობა იმიტომ, რომ ჩარჩოებს ანგრევ და ცდილობ, წარმოაჩინო სხვა რაღაცები. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მულტფილმები მიყვარს. მთავარი მარცვალი კი საიდანაც მულტიპლიკაცია აღმოცენდა, კარიკატურაა. ამასთან ერთად, ოჯახში სუფრა რომ იშლებოდა, ჩემთან თუ სხვაგან, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ვხატავდი. სკოლაშიც სულ მასწავლებლებს ვხატავდი. ვხატავდი მარტივად, გასაგებად და სახალისოდ. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო. მინდოდა ხალხისთვის ხალისი მომეტანა. ეს ყველაფერი გადამდებია.

- ცნობილი ადამიანებიდან ვისი კარიკატურები დაგიხატავთ და ვისი დაგმახსოვრებიათ განსაკუთრებულად?

- ასე განსაკუთრებულად არ მიყვარს ვინმე ცნობილი ადამიანის კარიკატურა, ყოველ ჯერზე ვცდილობ, რომ უკეთესი შევქმნა.

- როგორც ვიცით, ახლა ბავშვებს ასწავლით ხატვას, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მწერლის ოჯახში დავიბადე. მამაჩემი კინოდრამატურგია, ამასთანავე მასწავლებელი იყო. ჩემი ძმაც, ტყუპისცალიც მასწავლებელია. როგორც ჩანს, ჯიშში გვაქვს. სასიამოვნოა, როცა შენს ცოდნას სხვას უზიარებ. ასწავლი მარტივ გზებს და ეხმარები შედეგის მიღებაში.

- და ბოლოს, მშობლებს რომ მივცეთ რჩევა - რა ასაკიდან უნდა შეიყვანონ შვილები ხატვაზე?

- ვფიქრობ, ყველა ბავშვში დევს ხატვის სურვილი. რა ასაკიდანაც არ უნდა გაუჩნდეს ბავშვს ხატვის სურვილი, მისაღებია მასწავლებელთან მიყვანა. ყველას აქვს აღქმის უნარი და უჩნდება სურვილი, ეს აღქმა და ემოცია ფურცელზე გადმოიტანოს. მართალია, ყველა ბავშვი მხატვარი ვერ გამოვა, მაგრამ მათ ჩამოუყალიბდებათ გემოვნება, ისწავლიან სხვებთან ურთიერთობას. ბავშვს არასოდეს დაავიწყდება ხატვაზე რომ დადიოდა, ყოველთვის დადებითად გაახსენდება და მის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

8 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს ახლავე უნდა დაუსვათ

8 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს ახლავე უნდა დაუსვათ

როგორ ხარ? ამ კითხვას ხშირ შემთხვევაში ახლავს სტანდარტული პასუხები: კარგად, ნორმალურად და ა.შ, თუნდაც ეს სიმართლისგან ძალიან შორს იყოს. მაგრამ, როგორ გრძნობთ თავს სინამდვილეში? როგორ მიდის თქვენი ცხოვრება? კარგი იქნება თუ ზოგჯერ მაინც გადავამოწმებთ ამ კითხვაზე რეალურ პასუხს და ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს.

​გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას, რომელიც დაგეხმარებათ ჩაწვდეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას:

1) როგორ ხასიათზე ხართ ძირითადად?

ნუ ჩათვლით იმ დღეებს, როცა ,მაგალითად, თქვენი მანქანა გაფუჭდა, სამსახურში პერსონალთან ცუდი შეხვედრა გქონდათ ან სტრესული საუბარი პარტნიორთან ფულთან დაკავშირებით , აქ საუბარია უბრალოდ ჩვეულებრივ დღეზე, როგორ შეაფასებდით თქვენს განწყობას 1-დან 10-მდე, უარყოფიდიდან პოზიტიურისკენ.

2) თუ თქვენ იცხოვრებდით მუდმივად იმ ცხოვრებით როგორიც ახლა გაქვთ, იქნებოდა ასეთი ცხოვრება თქვენთვის საკმარისი?

3) მრავალრიცხოვან კალათებს ფლობთ?

თუ ყველა კვერცხს ერთ კალათაში მოათავსებთ და მათ ჩათვლით თქვენს თავდაჯერებულობად, ბედნიერებად, კალათას კი თქვენს ურთიერთობებად, სამსახურად, შვილებად, ისინი უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან საფრთხის მიმართ, რადგან შეიძლება რაიმე მიზეზის გამო ყველა ჩამოვარდეს, მრავალფეროვანი კალათების შემთხვევაში-ბედნიერებისა და ღრმა გრძნობის, მიღწევისა და სიამაყის მრავალი რესურსი არსებობს -თქვენ უფრო უსაფრთხოდ ხართ, ნაკლებად შფოთავთ, მეტად მოქნილი იქნებით ცხოვრების აღმართებსა თუ დაღმართებში, რომელიც თქვენი კონტროლის მიღმაა.

4) გაქვთ ინტიმური ურთიერთობა?

აქ არ იგულიხმება სექსუალური ურთიერთობები, ვგულისხმობთ ერთ ადამიანს (ან მეტს), რომელთანაც ღიად შეგიძლიათ გააზიაროთ ღრმა ფიქრები და გრძნობები. ეს საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ სიმყარე, რაც მტკიცედ მოიგერიებს მარტოობასა და დეპრესისაკენ მიდრეკილებას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც დაცულად ვგრძნობთ თავს ვინმეს გვერდით. ვგრძნობთ, რომ ვიღაცას ნამდვილად ესმის ჩვენი.

5) გაქვთ მიზანი ?

ეს კიდევ ერთი დეპრესიის ანტიდოტია. რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში? არსებობს მიზეზი რის გამოც გაღვიძებას, მუშაობას, დროისა და ენერგიის დახარჯვას აქვს მნიშვნელობა თქვენთვის, სხვებისთვის. შეიძლება ეს იყოს ადამიანი, საყვარელი ცხოველი, ძლიერი გრძნობა, რაიმე პროფესია და ა.შ.

6) შეგიძლიათ წარსულისკენ გაიხედოთ სინანულის გარეშე ?

რა თქმა უნდა ყველას აქვს სინანულის გრძნობა წარსულ გამოცდილებასთან დაკავშირებით. მაგრამ, თუ ნანობთ უამრავ რამეს ან რაიმე ერთი მიზეზით ხართ შეპყრობილი, მათ შეუძლიათ ღმად შემოაღწიან თქვენში და გააუფერულონ თქვენი დღე, რომელიც შეიძლებოდა ფერებით და სინათლით სავსე ყოფილიყო.

7) გაქვთ მომავალთან დაკავშირებული ოცნებები ?

თუ მაინც რამეს ნანობთ ან თქვენი აწმყო არ არის ისეთი, როგორიც გსურდათ რომ ყოფილიყო, შეგიძლიათ მომავალს უფრო ოპტიმისტურად უყუროთ? შეგიძლიათ დადებითი მხრიდან მოვლენების აღქმა? იმის რისი დიდი სურვილიც გაქვთ და რაღაც, რაც გაძლევთ მიმართულებასა და იმედს ? და თუ არა, რატომ?

სულ ესაა, ასე რომ, როგორ გრძნობთ სინამდვილეში თავს? გაანალიზეთ ის თუ რა გაკლიათ ან რისი დამატება გჭირდებათ ცხოვრებაში იმისათვის, რომ მეტი კმაყოფილება იგრძნოთ?

დროა დაიწყოთ ცვლილეებები? გადაალაგეთ თქვენი პრიორიტეტები. მიიღეთ დახმარება დეპრესიის დასამარცხებლად, წარსულისგან თავის დასაღწევად, აღმოაჩინეთ საკუთარი სურვილები და გაჰყევით ოცნებებს.

8) რა გჭირდებათ იმისათვის რომ აქციოთ თქვენი ცხოვრება.... უფრო მეტად თქვენ ცხოვრებად ?

წყარო: Psychology Today

წაიკითხეთ სრულად