Baby Bag

5 საათის კანონი: თუ თქვენ კვირის განმავლობაში სწავლას 5 საათს მაინც არ უთმობთ, პასუხისმგებლობის გრძნობა გაკლიათ

5 საათის კანონი: თუ თქვენ კვირის განმავლობაში სწავლას 5 საათს მაინც არ უთმობთ, პასუხისმგებლობის გრძნობა გაკლიათ

„მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასდროს შევხვედრივარ ბრძენ ადამიანს, რომელიც მთელ თავისუფალ დროს კითხვას არ უთმობდა. მე ასეთი არავინ შემხვედრია,“ - ჩარლი მანგერი, მილიარდერი.

რატომ კითხულობდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული ადამიანი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყოველდღიურად ერთი საათი მაინც? რატომ უთმობდა კითხვას და ფიქრს თავისი დროის 80%-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი უორენ ბაფეტი? რატომ ხდება, რომ ყველაზე საქმიანი და წარმატებული ადამიანები დღის განმავლობაში სულ ცოტა ერთ საათს მაინც კითხულობენ, სხვები კი საკუთარი სიზარმაცის გასამართლებელი საბუთების ძიებით არიან დაკავებულები?! სწავლისთვის დროის დახარჯვა ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა. ბენჯამენ ფრანკლინი ამბობდა, რომ „ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს.“

ადამიანების დიდი ნაწილი ცოდნის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს. ეცადეთ, საკუთარი თავის დაზოგვაზე ნაკლებად იზრუნოთ. უწყვეტი განათლების მიღებას თუ ეცდებით, ცოდნის საოცარ ძალას მალევე იგრძნობთ.

„ინტელექტუალური კაპიტალი ფინანსურ კაპიტალს ყოველთვის აჯობებს,“ - პოლ ტუდორ ჯონსი, მილიარდერი, ინვესტორი და ფილანთროპი.

ჩვენ ცხოვრების უდიდეს ნაწილს ფულის შეგროვებაში, მის დახარჯვასა და ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ღელვაში ვატარებთ. ხშირად ვამბობთ, რომ სწავლისთვის დრო არ გვრჩება, რადგან ფულის გამომუშავებაზე ზრუნვას ძალიან დიდ ენერგიას ვუთმობთ. ჩვენ იმ ეპოქის დასაწყისში ვცოვრობთ, რომელსაც ცნობილი ფუტურისტი პიტერ დიამანდისი „სწრაფ დემონეტიზაციას“ (მონეტის ღირებულების გაუფასურება) უწოდებს. ტექნოლოგიების განვითარება ძვირადღირებულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას ზრდის, რის გამოც მათი ფასი მნიშვნელოვნად იკლებს. ზოგიერთი პროდუქტის და მომსახურების შეძენას კი ჩვენ სრულიად უფასოდ ვახერხებთ.

დემონეტიზაცია მომავალში უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება. ვირტუალური რეალობა ისეთ ძვირადღირებულ თავგადასავლებს, როგორებიცაა, გოლფის სათამაშოდ ან კონცერტებზე სიარული, ბევრად ხელმისაწვდომ ფასში შემოგვთავაზებს. მართალია, ვირტუალურ რეალობასა და სინამდვილეს შორის განსხვავება აშკარაა, თუმცა ვირტუალური რეალობის წინსვლა და დომინირება აშკარად იზრდება.

განათლებისა და ჯანდაცვის ღირებულების მატებასთან ერთად, აღნიშნულ სფეროებში ინოვაციების სიმრავლე დემონეტიზაციის დაჩქარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. უმაღლესი განათლების უახლესი ინსტიტუციები აქტიურად ცდილობენ ფასების მაქსიმალურად შემცირებას ექსკლუზიური ონლაინ კურსების, მაღალანაზღაურებადი უნარების სწავლების ან მხოლოდ სპეციალურ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული განათლების მიწოდებით.

ახალი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების წყალობით სამედიცინო დიაგნოსტირება დისტანციურადაც იქნება შესაძლებელი, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოხერხდება. ეს ყოველივე კი ჯანდაცვის სისტემაში რევოლუციური ცვლილებების გამომწვევ მიზეზად იქცევა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ჯანდაცვაზე დახარჯული თანხების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან მათი დახმარებით დაავადებების პრევენცია გამარტივდება და მკურნალობისთვის სერიოზული თანხების მობილიზების საჭიროება შემცირდება.

მართალია, თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა სერვისი და მომსახურება იაფდება, მაგრამ განათლების ღირებულება მნიშვნელოვნად იმატებს.

„მეოცე საუკუნის უდიდესი მოვლენა ფაქტებისა და სინამდვილის რადიკალური დამხობაა. სახელმწიფოთა ტექნოლოგიების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სიმდიდრე, რომელიც მატერიალური ფორმით არის მოცემული, მნიშვნელობასა და ღირებულებას სწრაფად კარგავს. გონების ძალა საგნების ძლიერებაზე დომინირებას იწყებს,“ - ჯორჯ ჯილდერი, ტექნოლოგიების ექსპერტი.

ცოდნის ღირებულების ზრდის ერთ-ერთი აშკარა მაგალითი თვითმართვადი ავტომობილების ინდუსტრიაა, რომელში დასაქმებული თითოეული ნიჭიერი ადამიანის გასამრჯელო 10 მილიონ დოლარს უტოლდება. აღნიშნული ანაზღაურების მისაღებად კი ახალგაზრდებს განსაკუთრებული და გენიალური უნარების გამოვლენა არ სჭირდებათ. მათ მომავლის პროფესიებისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება უნდა გააჩნდეთ. ადამიანები, რომლებიც ახალ ცოდნას სწრაფად ითვისებენ, მზარდ და მაღალბიუჯეტურ ინდუსტრიაში თავს მარტივად იმკვიდრებენ.

ადამიანები, რომლებიც მთელ დროს მუშაობას უთმობენ, ახალი ცოდნის შეძენაზე კი ნაკლებად ზრუნავენ, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი წარმოების ავტომატიზაციასთან ერთად სამუშაო ადგილებს მარტივად დაკარგავენ, ისევე როგორც, ეს 2000-2010 წლებში წარმოებაში მომუშავე მუშების უდიდეს ნაწილს დაემართა, მათი 85% რობოტებმა ჩაანაცვლეს.

ეკონომიკური კიბის ქვედა საფეხურზე მყოფი ადამიანები საკუთარ ადგილს მარტივად კარგავენ, რის კომპენსირებასაც ვერ ახერხებენ, მაშინ როდესაც კიბის სათავეში მოქცეულ დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა აქვთ და უპრეცედენტოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებენ. დასაქმებული ადამიანების მიერ სამსახურის დაკარგვა ვაკანტური ადგილების ნაკლებობით არ არის გამოწვეული. მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრების დეფიციტია, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს სრულფასოვნად გაართმევენ.

2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომლების მაძიებელი კომპანიების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა, მიუხედავად ამისა, იმავე წელს უმუშევარი ადამიანების რიცხვი ამერიკაში 17 მილიონს უტოლდებოდა. დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი კი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და სრულფასოვანი სამსახურის ძიებაში იყო.

თანამედროვე სამყაროში ცოდნის მაღალი დონე ვალუტის უნიკალურ ნაირსახეობად იქცა. ცოდნა ფულია, რომელიც ღირებულებათა გაცვლისა და შენახვისთვის საუკეთესო მედიუმს წარმოადგენს. თუმცა ფულისგან განსხვავებით ცოდნის გაცემა მის დაკარგვას არ ნიშნავს. რაც უფრო მეტ ცოდნას გასცემთ, მით მეტად გახსოვს ის, რაც გაეცით, უკეთ იგებთ იმას, რაც იცით, გონებაში ახალი იდეები გებადებათ და საკუთარი იდენტობის აღმოჩენასაც მარტივად ახერხებთ.

ცოდნის გადაცემა თავისუფალი და მოქნილი პროცესია. მისი ღირებულება დროსთან ერთად იზრდება. ცოდნა ბევრი ისეთი რამის შეძენაში გეხმარებათ, რასაც ფულით ვერ იყიდით. მისი დახმარებით ჯანსაღ, ნამდვილ ურთიერთობებს ამყარებთ და ბედნიერებასაც აღწევთ. ცოდნა საკუთარი მიზნების სწრაფად მიღწევაშიც გეხმარებათ, ის თქვენი ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს. ცოდნის შეძენა სახალისო და საინტერესო პროცესია. მისი დახმარებით თქვენი მეტყველების უნარი უმჯობესდება და თქვენთან ურთიერთობა ყველასთვის სასიამოვნოა. ცოდნა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას გაძლევთ, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი იცოდით. თქვენ სამყაროს ათასობით ადამიანის პერსპექტივიდან ხედავთ, რაშიც თქვენი მრავალმხრივი გამოცდილება და სიბრძნე გეხმარებათ.

„თანამედროვე სამყაროში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ყველაფერი მოძრაობს და ინფორმაცია მარტივად ვრცელდება, კითხვა კი სიმშვიდის მოპოვებასა და ახალი პერსპექტივის აღმოჩენაში მეხმარებოდა, რაც ჩემთვის შეუფასებელი სიმდიდრე იყო. ვერ ვიტყვი, რომ ამ აღმოჩენების წყალობით მე უკეთეს პრეზიდენტად ვიქეცი, მაგრამ მათი დახმარებით 8 წლის მანძილზე ბალანსის შენარჩუნებას ვახერხებდი. ეს ადამიანს ძნელად ეძლევა და შემდეგ არასდროს ტოვებს,“ - ბარაკ ობამა.

6 უმთავრესი უნარი ახალი ცოდნის ეკონომიკის დასაუფლებლად

„21-ე საუკუნეში გაუნათლებლები არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ კითხულობენ ან ვერ წერენ, ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ სწავლობენ, ვერ ივიწყებენ ნასწავლს ან ვერ ანაცვლებენ მას ახალი ცოდნით,“ - ალვინ ტოფლერი.

ყურადღებით გაეცანით იმ 6 მთავარ უნარს, რომელიც ახალი ცოდნის ეკონომიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ

  • დროის შესაფერისი ცოდნის იდენტიფიცირება

ცოდნის ღირებულება სტატიკური არ არის. ის საზოგადოებრივ შეხედულებებთან ერთად იცვლება. ახალი ტექნოლოგიების გაჩენა მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მათთან მუშაობის შესაბამის უნარებს ფლობენ, რაც მსგავსი ტიპის ცოდნის ღირებულებას ზრდის. ადამიანების უმეტესობა სწრაფად ითვისებს ახალ ცოდნას, რადგან მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი აქვს. ცოდნის დაგროვება კი მის ფასს კვლავ ამცირებს.

  • ცოდნის სწრაფად დაუფლება

შესაძლებლობათა ფანჯარა ყოველთვის ცოტა ხნით იღება და სწრაფად იხურება. ადამიანს ცოდნის სწრაფად ათვისების უნარი უნდა ჰქონდეს. მენტალური მოდელების გაგებისა და გამოყენების შესაძლებლობა თქვენ ახალ გარემოებებთან ადაპტირებაში ძალიან დაგეხმარებათ. მენტალური მოდელების გამოყენება თუ შეგიძლიათ, თქვენ ნებისმიერ სფეროში შეძლებთ ცოდნის სწრაფად დაგროვებას. ახალი მასალის ათვისებისთვის თქვენ ფუნდამენტური ცოდნა გჭირდებათ, რომელიც სწავლისთვის საჭირო ძირითადი უნარებით მოგამარაგებთ.

  • საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების სხვებისთვის გაზიარება

ერთი და იმავე უნარების მქონე ადამიანებს ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული თანამდებობები უჭირავთ და მათი შემოსავლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება. თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების გაზიარების უნარი, რათა სხვები მათ მნიშვნელობაში დაარწმუნოთ. ადამიანების დიდი ნაწილი მთელ თავის დროს ტექნიკური უნარების განვითარებაზე ხარჯავს, თუმცა კომუნიკაციის უნარი ძალიან სუსტი აქვს, რაც მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას ნაკლებად აძლევს.

  • ცოდნის ფულად გადაქცევა და სასურველი შედეგის მიღწევა

ცოდნის დახმარებით მაღალი შემოსავლის მიღების ძალიან ბევრი გზა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ მაღალანაზღაურებადი სამსახური იშოვოთ, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ, გაყიდნოთ თქვენი ცოდნა, როგორც მომსახურე პერსონალმა, გახდეთ კარგი რეპუტაციის მქონე მოაზროვნე, რომელიც ლიდერული თვისებებით გამოირჩევა.

  • სწავლაში წარმატებული ინვესტიციის განხორციელება

თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად ესაჭიროება სპეციფიკური უნარის განვითარება, რომლის დახმარებითაც საკუთარი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში ონლაინ კურსების, სასერთიფიკატო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შერჩევას სწორად შეძლებს. სწავლაში წარმატებული ინვესტიციის განსახორციელებლად აუცილებელია რისკის მენეჯმენტის, ფინანსური ოპერაციების რისკისგან დაზღვევისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიების ცოდნა.

  • ცოდნის დაუფლების უნარის განვითარება

ცოდნის დაუფლების უნარის განვითარება მასალის სწრაფად ათვისებაში გვეხმარება. როდესაც ადამიანი ერთი წიგნის წაკითხვას ერთ კვირას ანდომებს, ის 30%-ით უსწრებს იმ ადამიანს, რომელიც ერთ წიგნს 10 დღის განმავლობაში კითხულობს. სწრაფად ათვისების უნარის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დროის შესაფერისი განათლების მიღება შევძლოთ.

ცოდნის შეძენისთვის აუცილებელია სიზარმაცეზე უარის თქმა და მოტივაციის მაქსიმალურად გაზრდა. „იცხოვრეთ ისე, თითქოს დღეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, მაგრამ ისწავლეთ ისე, როგორც უკვდავმა,“ - მაჰათმა განდი.

წარმატებული მეწარმე ბენ კლარკი 5 წლის განმავლობაში ყოველდღიურად დილის 7 საათიდან 9-ის ნახევრამდე მთელ დროს მეცადინეობას უთმობდა. შვილის დაბადების შემდეგ კი ის თავის დილის საათებს მთლიანად ბავშვთან ურთიერთობისთვის იყენებდა. ადამიანების უმეტესობა შვილების გაჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლის ცხოვრების წესს. ბენ კლარკმა სამუშაო საათების რაოდენობა შეამცირა, თუმცა სწავლას კვლავინდებურად დიდ დროს უთმობდა. ის ყოველდღიურ რეჟიმში ნაკლებს მუშაობდა, თუმცა საკუთარი კარიერისთვის გაცილებით მეტს აკეთებდა, ვიდრე ოდესმე. სწავლის დახმარებით მან იმაზე მეტის გაკეთება შეძლო, ვიდრე საკუთარ საწარმოში ყოველდღიური შრომით ახერხებდა. თუ ცოდნის შეძენა გსურთ, თავის გამართლებას ნუ დაიწყებთ. სწავლისთვის დღეში 15 წუთის გამოყოფით, წლის განმავლობაში 100 საათს ცოდნის შეძენას დაუთმობთ, რაც თქვენს პროფესიონალურ წინსვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

თანამედროვე სამყაროში ცოდნა ფუფუნება არ არის, ის აუცილებლობად იქცა, რის გამოც ჩვენს თავს სწავლაზე უარის თქმის უფლებას ვეღარ მივცემთ. მსოფლიოში ყველაზე დაკავებული და წარმატებული ადამიანები ცოდნის შეძენისთვის დღეში სულ ცოტა ერთ საათს მაინც ხარჯავენ. ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ. ყოველთვის გამონახეთ დრო სწავლისთვის, მაშინაც კი, როდესაც ძალიან დაკავებული ხართ. სწავლისთვის განკუთვნილი დრო ყოველთვის მაქსიმალურად გამოიყენეთ და ყურადღების გაფანტვისგან თავი დაიზღვიეთ. სწავლის დროს სპეციალური ტექნიკები შეიმუშავეთ, რომელთა დახმარებით წაკითხული ინფორმაციის დამახსოვრებას მარტივად შეძლებთ.

წარმატებული ადამიანების მთავარი საიდუმლო მათ მდგრად და სტაბილურ განვითარებაშია. ისინი ყოველთვის თანმიმდევრულად მოქმედებენ და საკუთარ არჩევანს არასდროს ღალატობენ.

მომზადებულია mediu​m.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

გოგონას აღზრდის 8 პრინციპი, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება

გოგონას აღზრდის 8 პრინციპი, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება

მშობლის უმთავრეს მიზანს ბედნიერი შვილის აღზრდა წარმოადგენს. თანამედროვე სამყაროში გოგონებთან მიმართებაში აღმზრდელობითი მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა. იმისთვის, რომ მომავალში ქალმა დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს, მშობლებმა გოგონას სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნონ. გთავაზობთ გოგონას აღზრდის 8 მთავარ პრინციპს, რომელიც მას წარმატების იღწევაში დაეხმარება.

1. გოგონა სწორად უნდა შეაქოთ

ადამიანის შინაგანი სამყარო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა. მიუხედავად ამისა, გოგონებს უპირველესად გარეგნული სილამაზის გამო აქებენ. ​გირჩევთ, ყურადღება თქვენი ქალიშვილის იდეებზე, წარმოსახვაზე, კრეატიულ უნარებსა და ქცევაზე გაამახვილოთ. ეს იმას არ გულისხმობს, რომ გოგონას გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლიმენტები არ უნდა ვუთხრათ. თქვენი ქალიშვილის სილამაზეს ხაზი დღეში რამდენჯერმე უნდა გაუსვათ, თუმცა აუცილებლად აღნიშნეთ მისი უფრო მნიშვნელოვანი მიღწევები. ბავშვი უპირველესად იმ მონდომებისა და შრომის გამო უნდა შეაქოთ, რომელსაც მიზნის მისაღწევად იჩენს. ეს მას მეტ მოტივაციას შესძენს.

2. გოგონას თქვენთან კამათის უფლება უნდა მისცეთ

დედა ყოველთვის მართალი არ არის. თუ ის შეცდომას უშვებს, რატომ არ უნდა ჰქონდეს შვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება?! გოგონამ კამათი და საკუთარი აზრის გამოხატვა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლოს, რათა მომავალში საკუთარ მეგობრებთან, თანამშრომლებთან ან ცხოვრების თანამგზავრთანაც ასე მოიქცეს. როდესაც ბავშვს თქვენთან შეკამათების უფლებას აძლევთ,​ ის უარის თქმას და საკუთარი აზრის გამოხატვას სწავლობს. ამ პროცესში თქვენც ძალიან ბევრ რამეს ისწავლით.

3. გოგონას არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეთ

თანამედროვე სამყაროში სწრაფი არჩევანის გაკეთება უნდა შეგვეძლოს, რაც ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, რადგან ბავშვობაში მათთვის მსგავსი არაფერი უსწავლებიათ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით აირჩიოს, თუ რა ფერის კაბის შეძენა სურს, რომელი სათამაშო მოსწონს თავად და რის მირთმევას ისურვებდა საუზმეზე. მომავალში თქვენი შვილი საკუთარი ჰობის ან პროფესიის აღმოჩენას მარტივად შეძლებს და გადაწყვეტილებებს თამამად მიიღებს.

4. თქვენი ქალიშვილის ჰობი და ინტერესები წაახალისეთ

ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვა ასწავლეთ და მისი ჰობი წაახალისეთ. ადამიანი, რომელსაც თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები უელავს, გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ყოველთვის მოწყენილი და იმედგაცრუებული ადამიანი. ​მისთვის სასურველ აქტივობებში ჩართვა ბავშვს თავდაჯერებას მატებს და ბედნიერს ხდის. ყოველთვის ეცადეთ, რომ ბავშვს ხელი შეუწყოთ დაკავდეს იმ აქტივობებით, რომელიც მისთვის მოსაწონი და სასურველია.

5. გაამხნევეთ თქვენი შვილი, რათა საკუთარი პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად შეძლოს

ბავშვს პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება ასწავლეთ. ეს მას მოვლენების ანალიზს და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას ასწავლის. თანამედროვე მშობლები მეტისმეტად ზრუნავენ შვილებზე. ისინი ხელს უშლიან ბავშვებს დამოუკიდებლობის განვითარებაში. ბევრმა მოზარდმა არ იცის, როგორ გადაჭრას ელემენტარული პრობლემა. მშობლები ხშირად სტუდენტ შვილებსაც სერიოზულ მეთვალყურეობას უწევენ, რასაც „ბავშვზე“ ზრუნვით ამართლებენ. „ბავშვებიც“ ეგუებიან მსგავს დამოკიდებულებას და ყოველთვის მშობლების იმედად არიან.

6. თქვენს გოგონას რისკზე წასვლა ასწავლეთ

მშობლისთვის ძალიან რთულია, რომ შვილს რისკზე წასვლის უფლება მისცეს. გოგონები, ​რომლებსაც რისკზე წასვლა არ აშინებთ, ძალიან თავდაჯერებულები არიან. თქვენს შვილს კომფორტის ზონის დატოვებისთვის გამბედაობა უნდა შემატოთ. ბავშვს მცირე სიმაღლის ფერდობზე ველოსიპედით დაშვება თუ აშინებს, გაამხნევეთ და წაახალისეთ. მთავარია, რომ გარემო ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს. ბავშვს ექსტრემალური ქმედებებისკენ არ უბიძგოთ, თუმცა მისი გამბედავი ქმედებები აუცილებლად წაახალისეთ.

7. გოგონას წიგნები სწორად წაუკითხეთ

ბავშვი წიგნით რომ დააინტერესოთ, კითხვის პროცესი აქტიური უნდა იყოს. პასიური მკითხველის როლს ნუ მოირგებთ. ბავშვს გარკვეული პასაჟების დამოუკიდებლად წაკითხვა სთხოვეთ ან ჰკითხეთ, მისი წარმოდგენით, როგორ განვითარდება სიუჟეტი. გოგონას სთხოვეთ თავი მთავარი პერსონაჟის ადგილას წარმოიდგინოს. ეს მას ძალიან მოეწონება. თუ თქვენი გოგონა ძალიან პატარაა, მას გვერდების გადაფურცვლა სთხოვეთ.

8. თქვენს ქალიშვილს ზღაპრები ხშირად მოუყევით

თანამედროვე სამყაროში ზღაპრებს მწვავედ აკრიტიკებენ, რადგან ითვლება, რომ ზოგიერთი მათგანი სექსიზმს ან ძალადობას ახალისებს. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ ზღაპარი ძალიან საინტერესო ფენომენია. მასში უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობა დევს და ის ბავშვის ფანტაზიას ძალიან ავითარებს. ბავშვს „კონკიას“ თუ წაუკითხავთ, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ​მთავარმა გმირმა წარმატების მიღწევა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც უსიტყვო მორჩილებაზე უარი თქვა და საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

მომზადებულია ​Brightside.me -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად