Baby Bag

მეცნიერების მტკიცებით, ბუნებასთან ურთიერთობა ბავშვებს აბედნიერებს

მეცნიერების მტკიცებით, ბუნებასთან ურთიერთობა ბავშვებს აბედნიერებს

მშობლები ბავშვებთან ერთად ბუნებაში სეირნობისას შვილების გუნება-განწყობის გამოკეთებას მარტივად ამჩნევენ. სიარული ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც ადამიანს თავს ბედნიერად აგრძნობინებს. საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა ნებისმიერი ბავშვისთვის უდიდესი სიხარულის მიმნიჭებელია, ხოლო ბუნებაში ყოფნა პატარების განწყობაზე ძალიან დადებითად აისახება. შაბათ-კვირას ოჯახური გასეირნების მოწყობა მშობლებსა და შვილებზე პოზიტიურად ზემოქმედებს. შესაძლოა, გარეთ ცუდი ამინდი იყოს, წვიმდეს, ბავშვებს კი სიარული ეზარებოდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის. თავგადასავლები, ახალი აღმოჩენები, უნიკალური შეგრძნებები და ბუნების სილამაზით ტკბობა ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გადაფარავს.

მკვლევარები პატარების ბუნებასთან ურთიერთობებს რეგულარულად აკვირდებოდნენ, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ბუნება ბავშვებს ნამდვილად აბედნიერებს. ადამიანები ბუნებასთან ურთიერთობისას მასთან ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ, რაც მათ უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. მექსიკის ერთ-ერთ სკოლაში 9-12 წლის ასაკის 300-მდე ბავშვმა მკვლევარების მიერ შედგენილი სპეციალური კითხვარი შეავსო. კითხვები მათ გუნება-განწყობას, ბუნებასთან ურთიერთობას და ხასიათის თავისებურებებს შეეხებოდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ბუნებასთან ხშირად ურთიერთობდნენ, ველური ყვავილებისა და ცხოველების დანახვაზე ბედნიერდებოდნენ. მათ ფრინველების ხმის გაგონებაც საოცრად სიამოვნებდათ. პატარები, რომლებსაც ბუნებაში ყოფნა უყვართ, სხვა ადამიანებისადმი მეტ თანაგრძნობას და მათი დახმარების სურვილს რეგულარულად ავლენენ. ისინი სიფრთხილით მოიხმარენ წყალს და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ბუნებასთან ურთიერთობის მოყვარული ბავშვები გენდერულ, სოციალურ და რასობრივ თანასწორობასაც უჭერენ მხარს. მათ ბედნიერების სკალაზე უმაღლესი მაჩვენებლებიც უფიქსირდებათ. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ ბუნების მოყვარული ბავშვები გლობალური ეკოლოგიური კრიზისის ფონზე გარემოს აქტიურ დამცველებად გვევლინებიან.

„ბავშვები მომავალი ლიდერები, საქმოსნები, მუშები და მასწავლებლები არიან. მათი განათლება, გარემოსადმი პატივისცემა და გარემოს მნიშვნელობის გაცნობიერება სამომავლოდ ბუნების გადარჩენას შეუწყობს ხელს,“ - ნათქვამია კვლევის ორგანიზატორთა ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. „ტყის საბავშვო ბაღები“ ფუნქციონირებს. მსგავსი ტიპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებს ბუნებაში ყოველდღიურად სეირნობას აჩვევენ, ასწავლიან ბაღის მოვლას და გარემოს პატივისცემას.

ბუნებასთან ურთიერთობა დადებითად არამხოლოდ ბავშვებზე, არამედ უფროსებზეც ზემოქმედებს. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად სეირნობენ, ნეგატიური აზრებისგან თავისუფლდებიან. შოტლანდიელი ექიმები მაღალი არტერიული წნევის, სტრესისა და დეპრესიისგან გასათავისუფლებლად ადამიანებს ბუნებაში ხშირად გასვლას ურჩევენ. ერთ-ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნების მოყვარული ბავშვები უკეთ იკვებებიან, ბევრს ვარჯიშობენ და კარგი ხასიათითაც გამოირჩევიან.

XIX საუკუნეში მოღვაწე ამერიკელი ფილოსოფოსი ჰენრი დევიდ თორო, რომელიც ტრანსცენდენტალისტი იყო, თვლიდა, რომ ბუნებას სპირიტუალური დანიშნულება აქვს. მისი ნაშრომი „უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება“ ბუნებაზე ზრუნვის და მისკენ მიბრუნებისკენ მოწოდებაა. თორო თვლიდა, რომ ბუნებას ადამიანის სულის განკურნების უნარი აქვს. ადამიანის სული კი ბუნების დიადი სულის ნაწილად მიაჩნდა.

ამერიკელების ნაწილს დღემდე მტკიცედ სწამს, რომ ბუნებას უდიდესი ძალა აქვს. ისინი მისი სიღრმისეული მნიშვნელობის გაგებას და წვდომას აქტიურად ცდილობენ. თოროს მოძღვრების თაყვანისმცემლები თვლიან, რომ ადამიანური ყოფიერების ყველა ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხი სწორედ ბუნებაში უნდა ვეძებოთ.

მომზადებულია ​cnn.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

ცნობილი ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ მარტო დარჩენილი და ყველასგან დავიწყებული ბებოს სევდიან ისტორიას გვიყვება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მწერლის მთავარი სათქმელი კი შემდეგია: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.


ბებო

***

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში.

მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა.

გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა, აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით, ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი.

ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს).

სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს.

– დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, – ეუბნებოდნენ ისინი.

ბებოც მოელოდა.

– შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ.

„ქალაქელებს“ რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს – შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო.

ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას.

ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს.

ბინდდებოდა.

გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან – რომელი.

დუღდა ხინკლიანი ქვაბი.

ნაღველი დუღდა ბებოს გულში.

მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა.

მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი.

ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში – წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა:

– ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა.

– ამინ!

– ამინ! – დასტურს იძლეოდნენ მეზობლები.

ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა.

მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა.

ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული.

ძლივს თიბავდა ბებო ბალახს.

მხარი სტკიოდა.

მუხლებშიც ძალა აღარ ედგა.

მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა.

შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა.

იმ წელს თბილი შემოდგომა იყო.

ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა.

ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს.

– სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, – მეზობლებს შესჩიოდა ბებო.

დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები.

ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში.

მუხლები აუკანკალდა ბებოს.

უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა.

ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა.

გზას გაჰყურებდა.

ის დღეც მოლოდინში დაღამდა.

ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა.

დილით კი …

იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი.

უშეშოდ დარჩა ბებო.

დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა.

მიწაც თოვლით იყო დაფარული.

თოვდა.

გამოდარებას არ აპირებდა.

თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე.

მეზობლების მიმოსვლა შეწყდა.

საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი.

ღამღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მეუღლე ეპატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი და ისე წამოვიდეო.

ციოდა. შიგნიდანაც შეჭირხლული იყო სახლის კედლები.

რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა.

ცოტა დათბა.

აგუგუნდნენ ზვავები.

ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა.

ფიქრობდა.

ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა.

იქნებ შვილებზე.

იქნებ ქმარზე.

იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავის ბალღობიდან.

იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებოები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ.

ჰოდა ფიქრობდა ბებო.

დღე კი ილეოდა.

ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რაკი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა.

ჩაეძინა.

შუაღამისას რაღაც საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა.

ტორტმანებდა მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაჰქონდა.

ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა.

ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა.

მიწისძვრას დააბრალა ბებომ ეს ამბავი.

ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა.

დაწყნარდა სახლი.

ისევ ჩასთვლიმა ბებოს.

დილით მამალმა გააღვიძა.

ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე, სახლის ეზოში ყიოდა მამალი.

– მელამა კი არ გამიწყვიტოს ქათმები – ლოგინიდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა.

გაოცებისგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა: მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა, ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახლკაროდ დარჩენილ მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით.

ბებო გაოცებას ვერ ფარავდა: ამდენი ხანი ამ სოფელში, ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი.

მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული.

ბებომ საკენკი დაუყარა ქათმებს და ისინიც რიგ-რიგობით ჩამოფრინდნენ ძირს.

მარტო მამალი არ ჩამოვიდა.

მზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა.

რაღაცა უხაროდა ბებოს.

რა, თვითონაც არ იცოდა და ის-ის იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახეგაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს.

ეზოში ხმაურით შემოვიდა მისი ოთხივე ბიჭი.

ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს არ ჰქონია.

მამალი კი ხის კენწეროზე იჯდა და ისე გადმოჰყურებდა ეზო-გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავის სამეფოსი. მხოლოდ მაშინღა იკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს.

რაღაცით სჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს.

***

– მე რა მინდოდა?

– გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.

წაიკითხეთ სრულად