Baby Bag

სახლიდან ეფექტურად მუშაობის 5 ოქროს წესი

სახლიდან ეფექტურად მუშაობის 5 ოქროს წესი

კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანების დიდი ნაწილი იძულებულია სახლიდან იმუშაოს. თანამედროვე სამყაროში დისტანციური სამუშაოს შესრულება არც ისე რთულია და მსგავს პირობებში ძალიან ბევრი დასაქმებული მუშაობს. თუ თქვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურად პირველად გიხდებათ, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რჩევებს ყურადღებით გაეცანით, რათა ხარისხიანად და ეფექტურად მუშაობა გაგიმარტივდეთ.

თავი მოიწესრიგეთ


ადამიანების დიდი ნაწილი თვლის, რომ სახლიდან მუშაობა ხალათში გამოწყობილსაც შეუძლია. როგორც აღმოჩნდა, სამუშაოს შესრულებისთვის სათანადო მზაობა უფრო მეტად იმ დასაქმებულებს აქვთ, რომლებიც თავს სრულფასოვნად იწესრიგებენ და მუშაობას ამის შემდეგ იწყებენ. დილით ბანაობა და შემდეგ საგარეო ტანისამოსის ჩაცმა არამხოლოდ გაფხიზლებთ, არამედ სამუშაოდაც განგაწყობთ. თუ თქვენ ოფისში კლასიკურად იმოსებოდით, ჩაცმულობის სტილი არც სახლიდან მუშაობის დროს შეცვალოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ვიდეო ზარებს ახორციელებთ. რესპექტაბელური სამოსის ტარება თქვენს მოტივაციას გაზრდის. როდესაც საქმიანობას დაასრულებთ, შეგიძლიათ საშინაო ტანისამოსში გამოეწყოთ, რაც მიგახვედრებთ, რომ სამუშაო დღე დასრულებულია.

არ დაგავიწყდეთ !!! Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


დააწესეთ საზღვრები

კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს მკაცრად განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი აქვთ. თუ თქვენ დისტანციურ მუშაობაზე გადადიხართ, აღნიშნულ გრაფიკს პატივი უნდა სცეთ. სამუშაო დღის დაწყება და დამთავრება სტანდარტულ გრაფიკს ზუსტად უნდა დაამთხვიოთ. აღნიშნული ოქროს წესის დასაცავად აუცილებელია, რომ ღამით ადრე დაიძინოთ, რათა დილით კარგად გამოძინებულმა დაიწყოთ მუშაობა. როდესაც ყოველდღიურად ერთსა და იმავე რეჟიმში ცხოვრობთ, გარკვეული რუტინა გიყალიბდებათ. მთავარია, დისტანციურად მუშაობის პირველი კვირა და მასთან დაკავშირებული სირთულეები წარმატებით გადალახოთ. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კომპიუტერი გამორთეთ და მაგიდა მოაწესრიგეთ. სახლში აუცილებლად გამოყავით სივრცე, სადაც საოფისე ატმოსფეროს შექმნით, რათა სამუშაო განწყობა აიმაღლოთ. თუ თქვენ სახლში მარტო არ ცხოვრობთ, სამუშაოს შესრულების დროს აუცილებლად უნდა განცალკევდეთ. არ არის აუცილებელი, რომ თქვენს თანამშრომლებს აგრძნობინოთ, თუ რა რთულ პირობებში გიწევთ მუშაობა. ოჯახის წევრებთან ჭარბი კომუნიკაცია ან ჰიპერკომპენსაციის მძლავრი მექანიზმის ამუშავება ნაყოფიერ მუშაობაში ხელს შეგიშლით. თუ გსურთ, რომ პროდუქტიულად იმუშაოთ, თქვენი სამუშაო სივრცე მაქსიმალურად განაცალკევეთ და მუშაობის დროს ოჯახის წევრებს მკაცრი საზღვრები დაუწესეთ.

სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ (თუ თვითიზოლაციაში არ იმყოფებით)

სახლიდან მუშაობა არ გაიძულებთ, რომ მთელი დღის მანძილზე ოთხ კედელს შორის დარჩეთ და მზის სხივებს დაემალოთ. დღის განმავლობაში ერთხელ მაინც გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ბუნებასთან ურთიერთობა ახალი პერსპექტივების აღმოჩენაში დაგეხმარებათ, რაც სამსახურთან დაკავშირებული რთული ამოცანების გადაჭრაში შეგიწყობთ ხელს. სახლიდან გასხვლა ისეთ შეგრძნებას გაგიჩენთ, თითქოს სამსახურში მიგეჩქარებათ. ზოგიერთ ადამიანს მსგავსი განწყობა აუცილებლად ესაჭიროება, რათა ნაყოფიერად იმუშაოს. ბევრი მათგანი კომპიუტერში ისეთ ვიდეორგოლებს რთავს, რომლებშიც მატარებლის, ქუჩაში მოსიარულე ადამიანების და ტრანსპორტის ხმები ისმის. აღნიშნული ხმები სამუშაო პროცესს ფონად გასდევს, რაც დისტანციურად დასაქმებულ ადამიანებს თავს ოფისში აგრძნობინებს, რაც მათ მოტივაციის ამაღლებაში ძალიან ეხმარება.

მეგობრებს ტელეფონით გაესაუბრეთ

ოფისში დასაქმებული ადამიანები ერთმანეთთან რეგულარულად ურთიერთობენ. ინტერაქცია მათ განტვირთვაში ეხმარება. როდესაც თქვენ სახლიდან მუშაობთ, მთელი დღის განმავლობაში საქმეში ხართ ჩაფლული, რაც რელაქსაციაში ხელს გიშლით. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ოფიციალური შეტყობინებების გაგზავნით შემოიფარგლოთ, უმჯობესია, ტელეფონი მოიმარჯვოთ და მეგობრებს შეეხმიანოთ. ადამიანებთან საუბარი თქვენს მოტივაციას გაზრდის და განწყობის ამაღლებაში ძალიან დაგეხმარებათ. აუცილებელია, რომ დღეში 30 წუთი მაინც დაუთმოთ ადამიანებთან საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ რობოტივით მუშაობა მოგიწევთ. სოციალური ურთიერთობების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. მეგობარს იმ შემთხვევაშიც დაურეკეთ, თუ სასაუბროდ აუცილებელი მიზეზი არ გაქვთ. ახლობლებთან ლაპარაკი იზოლაციის ტვირთს მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ.

მოიწყვეთ რეგულარული შესვენებები

სახლიდან მუშაობა არც ისე რთულია, თუმცა თუ სამუშაო მონოტონურ ხასიათს იღებს, ძალიან გაგიჭირდებათ. მთელი დღის მანძილზე კომპიუტერის ეკრანს არ უნდა უყურებდეთ. შესვენება აუცილებლად აიღეთ. ოთახში გაისეირნეთ და განიტვირთეთ. სამსახურში ყველა ადამიანი ასე იქცევა. კვლევებით დასტურდება, რომ დღის განმავლობაში ხანმოკლე, მაგრამ ხშირი შესვენებები განტვირთვაში იმაზე მეტად გეხმარებათ, ვიდრე ერთი, მაგრამ ხანგრძლივი შესვენების აღება. ძალიან კარგია, თუ ყოველი 25 წუთიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ, 5 წუთიან შესვენების ინტერვალს მოიწყობთ. ადექით, გაწელვის ვარჯიშები შეასრულეთ, ფეხით გაისეირნეთ და განიტვირთეთ. შესვენების გარეშე მუშაობა თქვენს მოტივაციას ამცირებს, რადგან ენერგიის მარაგი გეწურებათ, იღლებით და დასახული მიზნის შესრულება გიჭირთ. აღნიშნული გართულებების თავიდან ასაცილებლად, შესვენებისთვის დრო აუცილებლად გამოყავით. 

მომზადებულია ​​bbc.com​-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  13 მარტიდან შემოვა

„საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.“ - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა, რომელიც მედპერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში დაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. იუნისეფის ჩართულობით მიღწეულ იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულად 43 200 დოზის მოწოდებაზე. ვაქცინა იმ არსებული პროტოკოლით გადანაწილდება, რომელიც შემუშავებულია ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის მიერ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელთან.

„გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებელთან, ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ასევე ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან ორი მიმართულებით - ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესში ასევე ჩართულია გერმანიის მთვარობაც.

„ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობაც, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით. მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „იუნისეფს“, რომელიც საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების პროცესში ინტენსიურად არის ჩართული.

წაიკითხეთ სრულად