Baby Bag

,,ამ დაავადების დასაძლევად დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ალბათ, ყველას გაგიგიათ უზნაძის განწყობის თეორია'' - ლევან რატიანი

,,ამ დაავადების დასაძლევად დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ალბათ, ყველას გაგიგიათ უზნაძის განწყობის თეორია'' - ლევან რატიანი

,,ამ დაავადების დასაძლევად დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, ალბათ, ყველას გაგიგიათ უზნაძის განწყობის თეორია'' - აღნიშნულის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

​MomsEdu.ge გთავაზობთ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას:

“განწყობის თეორია”


დიმიტრი უზნაძე ცდილობდა შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი. ყოველგვარი ქცევა ფსიქიკით იმართება და მიზანშეწონილად მიმდინარეობს, ანუ ცოცხალი არსება გარემოში თავისი “მიზნების” შესაბამისი აქტივობის განხორციელებას ახერხებს. უნდა არსებობდეს ფსიქიკური მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. გარკვეული ძიების შემდეგ ჯერ თეორიულად, ხოლო შემდეგ ემპირიულად, უზნაძემ მიაგნო ასეთ მექანიზმს და მას განწყობა უწოდა.
განწყობა არის სუბიექტის მთლიანი მდგომარეობა, რომელიც გამოხატავს მის მზაობას კონკრეტული ქცევის შესასრულებლად. განწყობა წარმოიქმნება მოთხოვნილებისა და მისი დამაკმაყოფილებელი სიტუაციის საფუძველზე და განსაზღვრავს ყოველგვარი სახის ფსიქიკური აქტივობის აღძვრასა და მიმდინარეობას. განწყობა მიზანშეწონილ სახეს აძლევს ამ აქტივობას, ვინაიდან მასში ქცევის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სუბიექტური და ობიექტური მონაცემია ასახული.


ნებისმიერ ქცევას, უზნაძის მიხედვით, აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენება. იმისათვის, რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისად, ამ ქცევის ადეკვატური განწყობა, საჭიროა, არსებობდეს მოთხოვნილება (რომელსაც მომავალი ქცევის საშუალებით დავიკმაყოფილებთ) და სიტუაცია, რომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტორებს. განწყობა არის ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობა. შესაბამისი განწყობის არსებობის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებდა, ყველა ფსიქიკურ პროცესს, ყველა ჩვენს ქცევას განწყობა ამოძრავებს და აძლევს მიმართულებას.
განწყობა არის ცოცხალ არსებათა (ცხოველის, ადამიანის) მოქმედების უნივერსალური ფსიქიკური მექანიზმი, ამიტომ ის არაცნობიერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ გააჩნია მისი ცნობიერი და ნებელობითი კონტროლის უნარი. ადამიანის სპეციფიკურობა ისაა, რომ იგი აცნობიერებს ქმედების მომზადებისა და განხორცელების პროცესში აღმოცენებულ პრობლემებს.


როგორც ავღნიშნეთ, განწყობა არაცნობიერია. იგი შედგება სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებისაგან. სუბიექტურ ფაქტორს განეკუთვნება მოთხოვნილება; ობიექტურ ფაქტორს განეკუთვნება სიტუაცია, ის გარემო, რომლეშიც ადამიანი არსებობს და რომელშიც იგულისხმება ის ობიექტი, რომელიც ადამიანს მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს. ანუ, ჩნდება მოთხოვნილება, ჩნდება ობიექტი, საშუალება, რომლითაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეიძლება. ამ ორის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება განწყობა, რომელიც ფსიქიკურ პროცესებს ისე წარმართავს, რომ ადამიანი ამ ობიექტს დაეუფლება. მაგალითად, ადამიანს თუ შია და მაგიდაზე არის პური, იქმნება განწყობა, გარკვეული შინაგანი მზაობა, რომ ადამიანმა აიღოს ეს პური და შეჭამოს. განწყობა აძლევს ადამიანს ძალას და საშუალებას, რომ ეს გააკეთოს, ანუ განწყობა მომართავს, ამზადებს ადამიანს ამისათვის.


უზნაძის განწყობის ბანალურ მაგალითი: ადამიანმა რომ წყლის დალევის ქცევა განახორციელოს, ამისათვის საჭიროა, გააჩნდეს შესაბამისი მოთხოვნილება და ამავე დროს იმყოფებოდეს გარემოში, რომელიც მისი მოთხოვნილების ობიექტის შემცველია, ანუ წყალი უნდა დაინახოს. მხოლოდ მაშინ შეექმნება ადამიანს წყლის დალევის განწყობა და ის განახორციელებს წყლის დალევის ქცევას.


განწყობის თეორიის მიხედვით, თუ ადამიანს ან საზოგადოებას შეუქმნი რაიმე მოთხოვნილებას და ჩააყენებ ისეთ სიტუაციაში, რომ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება – განწყობაც გაჩნდება.


ერთხელ ერთ-ერთმა მეცნიერმა მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და სთხოვა, რომ სიკვდილმისჯილები მისთვის გადაეცათ ექსპერიმენტებისათვის. ექსპერიმენტი მდგომარეობდა შეშემდეგში – პატიმრებს უხვევდნენ თვალს და ეუბნებოდნენ, რომ ვენებს გადაუჭრიდნენ და სიკვდილით ისე დასჯიდნენ. სინამდვილეში ექსპერიმენტის დროს თვალს უხვევდნენ და მაჯაზე სახაზავს უსვამდნენ. ეს პატიმრები სახაზავის გადასმიდან ზუსტად იმ დროში იღუპებოდნენ, რამდენიც სისხლისგან დაცლას სჭირდებოდა. ცხადია, არანაირი ვენების გადაჭრას და სისხლისგან დაცლას ადგილი არ ჰქონია. სიკვდილის მიზეზი ყველა ამ შემთხვევაში იყო გულის გაჩერება.


მოვიყვანოთ მეორე მაგალითი: ბავშვებზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტატორები შევიდნენ საკლასო ოთახში, ბავშვებს დაანახეს გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული სითხე და უთხრეს, რომ ეს იყო მჟავა, რომელიც კანთან შეხებისას იწვევდა დამწვრობას. შემდეგ ჩამოიარეს და ყველა ბავშვს თითო-თითო წვეთი დაასხეს ხელზე. ზოგიერთ ბავშვს მართლაც ხელზე მსუბუქი დამწვრობა გაუჩნდა. აქაც, ცხადია, სინამდვილეში ეს სითხე წყალი იყო. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზია განწყობა.


განწყობის ფსიქოლოგიის განვითარების მეორე ეტაპზე ჩამოყალიბდა “ობიექტივაციის კონცეფცია”, რომლითაც განისაზღვრა ცნობიერების მონაწილეობა განწყობის ფორმირებასა და ქცევის რეგულაციაში.


დიმიტრი უზნაძემ შეიმუშავა განწყობის კვლევის ეფექტური მეთოდი. მისი საშუალებით ხელოვნურად იქმნება და ფიქსირდება წინასწარი მზაობა (განწყობა) სხვადასხვა ობიექტების აღსაქმელად, შემდეგ კი აღირიცხება, რა ზემოქმედება მოახდინა მან მომდევნო აქტივობაზე. ე.წ. “ფიქსირებული განწყობის” მეთოდით უზნაძემ და მისმა მიმდევრებმა დაადგინეს განწყობის ზოგადი თვისებები: არაცნობიერობა და მთლიანობა. გამოვლინდა აგრეთვე განწყობის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური ნიშნები (დინამიკურობა, სტატიკურობა და ა.შ.). ამის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ადამიანთა დიფერენცირება განწყობის ტიპების მიხედვით; გაირკვა, როგორ იცვლება განწყობის ტიპი სხვადასხვა სახის ფსიქიკური დარღვევების შემთხვევაში და ა.შ.


დიმიტრი უზნაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში აყალიბებდა და აუმჯობესებდა ფსიქოლოგიურ სისტემას, რომელიც განწყობის გარდა, სხვა კონცეპტებსაც შეიცავდა. წიგნში “ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძვლები” (1925) მოცემულია სისტემის პირველი ვერსია, ე.წ. ბიოსფერული კონცეფციის სახით; წიგნში “ძილი და სიზმარი” (1936) კრიტიკულად არის გაანალიზებული სიზმრის თეორიები (მათ შორის ფსიქოანალიზური) და ჩამოყალიბებულია ორიგინალური თვალსაზრისი “არარეალიზებული განწყობის” და “ფუნქციური მოთხოვნილების” ცნებათა საფუძველზე; “ზოგადი ფსიქოლოგია” (1940) არის სახელმძღვანელო, რომელშიც ფსიქოლოგიის ზოგადი საკითხები განხილულია განწყობის თეორიის ჭრილში; მონოგრაფიაში “ბავშვის ფსიქოლოგია” (1947) განხილულია ბავშვის ფსიქიკური განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი და გამოთქმულია საინტერესო მოსაზრებები განვითარების პრობლემაზე, ასაკობრივ პერიოდიზაციაზე, ასევე თამაშის, სწავლის, შემოქმედების და ა.შ. საკითხებზე; “განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები” შემაჯამებელი ნაშრომია, რომელშიც თავმოყრილია განწყობის ფსიქოლოგიურ სკოლაში მოძიებული ძირითადი მონაცემები.


უზნაძე იყო პირველი, რომელმაც ფსიქოლოგიური კვლევის ისტორიაში თეორიულად დაასაბუთა და ემპირიულად შეისწავლა ისეთი არაცნობიერი ფსიქიკური რეალობა (განწყობა), რომელიც თავის თავში აერთიანებს აქტივობის აუცილებელ მომენტებს და მოქმედებს როგორც ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების ფსიქოლოგიური მექანიზმი. უდიდესია დიმიტრი უზნაძის ღვაწლი ქართული მეცნიერების წინაშე. მან სათავე დაუდო საქართველოში მეცნიერულ (ექსპერიმენტულ) პედაგოგიკას, იყო ქართული ფილოსოფიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფსიქოლოგიური მეცნიერების ორგანიზატორი და საქვეყნოდ აღიარებული ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დამაარსებელი.

წყარო: burusi

შეიძლება დაინტერესდეთ

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა? - გადაწყვეტილება მიღებულია

ვის გაუკეთდება ,,ბუსტერ'' დოზა?  - გადაწყვეტილება მიღებულია

ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ -  აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, - დასძინა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად