Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხრა თვე ვიცხოვრე იმ აზრით, რომ ეს ადამიანი უკვე ჯილდოა... მადლობა ღმერთს, გაჩნდა ადამიანი სრულყოფილება,“ - თეა დარჩია

„ცხრა თვე ვიცხოვრე იმ აზრით, რომ ეს ადამიანი უკვე ჯილდოა... მადლობა ღმერთს, გაჩნდა ადამიანი სრულყოფილება,“ - თეა დარჩია

ცნობილმა მოცეკვავემ თეა დარჩიამ 43 წლის ასაკში ორსულობისა და მეოთხე შვილის გაჩენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მისი შემთხვევა განსაკუთრებული იყო:

„მე განსხვავებული შემთხვევა მქონდა. 43 წლის ვარ, მივდივარ, რომ ბავშვის გულისცემა მოვისმინო, ჭკუაზე არ ვარ სიხარულით და მეუბნებიან, რომ დაუნის სინდრომი აქვს ბავშვს და აუცილებლად უნდა გავაგრძელო კვლევა. გავგზავნე გერმანიაში ანალიზები. იქიდან მომივიდა პასუხი, რომ 80%-ით ბავშვს დაუნის სინდრომი ჰქონდა.“

თეა დარჩიას თქმით, მან ორჭოფობა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან საუბრის შემდეგ დაასრულა:

„სერიოზული ბრძოლები იყო ჩემს თავშიც, გარემოდანაც. ყველა მეუბნებოდა, სამი ჯანმრთელი შვილი გყავს, ანგელოზები, რად გინდა ახლა ეს? რაში გჭირდება?! ერთადერთი შვილები არ იღებდნენ ხმას. მადლობა ღმერთს, იოტისოდენა რწმენა მაინც მქონდა. მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მითხრა: „თეა, აირჩიე, გინდა, რომ იყო მკვლელი დედა თუ განსხვავებულ ადამიანს გაზრდი?! იქ დამთავრდა ნებისმიერი ორჭოფობა ჩემს თავში.“

„ცხრა თვე ვიცხოვრე იმ აზრით, რომ ეს ადამიანი უკვე ჯილდოა. მადლობა ღმერთს, გაჩნდა ადამიანი სრულყოფილება. სამშობიაროში მისვლიდან 45 წუთში 4 კილო და 600 გრამი მეწვინა გულზე, აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. ასეთი ნიჭიერი არცერთი შვილი არ არის, ასეთი თბილი, ტკბილი. დარმწუნებული იყავით იმაში, რომ თუ ღმერთს არ უნდა, არც ჩაისახება, მაგრამ თუ ღმერთს უნდა, აუცილებლად უნდა გააჩინოთ, რა ასაკშიც არ უნდა იყოთ. ყველა გენიოსი ჩნდებოდა მხცოვანი დედისგან, რამდენადაც მე ვიცი,“ - აღნიშნულ საკითხზე თეა დარჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად