Baby Bag

მამაკაცმა, რომელსაც „ადამიანი ობობა“ შეარქვეს, მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი სიკვდილისგან შიშველი ხელებით იხსნა

მამაც ჩინელ ინჟინერს, რომელმაც 5 წლის ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, „ადამიანი ობობა“ შეარქვეს. ჰუ ინჩუანი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც პატარა გოგონას ხმა შემოესმა. ბავშვი ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და თავის გადარჩენის მიზნით, საცხოვრებელი სახლის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. ბატონ ჰუს დამსაქმებელმა კომპანიამ ჩადენილი გმირობისთვის საჩუქრად ბინა გადასცა.

ინციდენტი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მოხდა. ბატონმა ჰუმ ერთად თავმოყრილი ადამიანები შენიშნა. ახალგაზრდა მამაკაცმა შეიტყო, რომ საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა, რომელიც შენობის გარეთა კედელს ეჭიდებოდა. გოგონა სახლში მარტო იყო და დედას ეძებდა, როდესაც მოულოდნელად ფეხი დაუცდა და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თავდაპირველად ახალგაზრდა მამაკაცმა ბინაში შესვლა სცადა, თუმცა კარის გაღება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მან გოგონასთან მისასვლელად შენობის ფასადზე ასვლა გადაწყვიტა.

ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეორგოლში კარგად ჩანს, რომ ბატონი ჰუ შენობის კედელზე ცარიელი ხელებით მიცოცავს, რათა შეშინებული ბავშვის გადარჩენა შეძლოს. სხვა თვითმხილველები კი ზეწარს შლიან, რათა გოგონას ჩამოვარდნის შემთხვევაში ის სიკვდილისგან იხსნან. ჰუ ინჩუანმა ბავშვი რამდენიმე წამში სასწაულებრივად იხსნა. დამსაქმებელმა კომპანიამ ის „ადამიან ობობად“ მონათლა. ბინა, რომელიც ბატონ ჰუს საჩუქრად გადაეცა 68 000 ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

„ინციდენტის დროს არაფერზე ვფიქრობდი. ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას ბევრი ადამიანი ასე მოიქცეოდა.“ - განაცხადა ახალგაზრდა გმირმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„გამთენიიდან მოყოლებული აქ ვდგავართ და ამ ხალხის დახმარებას ვცდილობთ ყველანაირად,“- გიორგი ღოღობერიძე

„გამთენიიდან მოყოლებული აქ ვდგავართ და ამ ხალხის დახმარებას ვცდილობთ ყველანაირად,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:

„მე გაჩვენებთ რა ხდება უშუალოდ აქ, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. ძალიან ბევრი ხალხია. აქ არიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც ყველაფერში გვერდით უდგანან უკრაინელ დედებს, ბავშვებს, ბებიებს, რომ ომით გამოწვეული სტრესი მაქსიმალურად შეუმცირონ. ჩვენი, როგორც ექიმების როლი დღესაც ბევრჯერ გახდა საჭირო. დღეს ძაღლების ჩხუბის გამო ერთ-ერთი ადამიანი დაზარალდა. საბედნიეროდ ჩვენ იქ ვიყავით ექიმები. დავუმუშავეთ ნაკბენი ადგილები და სხვა პუნქტში გადავამისამართეთ სხვა უფრო სერიოზული დახმარებისთვის.“

„ჩვენ ფრანგების პუნქტში ვმუშაობთ. აქ მოაქვთ ყოველ წუთში სამედიცინო დახმარება. ეს ხალხი ყოველთვის მზადაა, რომ ყველანაირად გვერდით დაუდგნენ უკრაინელ ბავშვებს. საზღვარზე ნაკადი არ ჩერდება. გამთენიიდან მოყოლებული აქ ვდგავართ და ამ ხალხის დახმარებას ვცდილობთ ყველანაირად. დიდი მალდობა თქვენ ყველა იმ დარიცხული თეთრისთვის, რომელიც უკრაინელ ბავშვებს მოხმარდა. რომ არა თქვენ, ჩვენ აქ ვერ ვიქნებოდით. აქ ყოველთვის არის საჭირო ყველას ყოფნა. როდესაც ეს ბავშვები ხედავენ, რომ მათ გვერდით ყველა მათზე ზრუნვას ცდილობს, დამშვიდებულები, ბედნიერები და კმაყოფილები არიან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეული თეთრისთვის, რომელიც თქვენ დარიცხეთ ამ ბავშვებისთვის, დედებისა და ბებიებისთვის,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად