Baby Bag

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბორტგამყოლი ქალი 83 წლის ბეტი ნეშია. იგი ამ პროფესიას 63 წელია ერთგულად ემსახურება.

ნეშის კარიერა 1957 წელს ავიაკომპანია Eastern Airlines-დან დაიწყო, შემდეგ კი American Airlines-ში გაგრძელდა. ბეტი ნეში საკუთარ პროფესიაზე დღემდე შეყვარებულია!
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბორტგამყოლებს საქმე გაუადვილა: ბორტზე პლასტმასის ჭურჭელი დაუშვეს - წარსულში კი, კლიენტების მხოლოდ ფაიფურის ან ბროლის ჭურჭლით მომსახურება იყო ნებადართული, გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლები - ეს ყველაფერი ბორტგამყოლებს კლიენტებამდე ლანგრით მიჰქონდათ, რაც საკმაოდ რთული გახლდათ.
დიდი ყურადღება ექცეოდა ვარცხნილობას, წარბის ფორმას - ბორტგამყოლებს სილამაზის სალონებში, მინიმუმ, თვეში ერთხელ თავად ავიაკომპანიები აგზავნიდნენ.

ვაშინგტონი-ბოსტონი-ვაშინგტონის რეისზე ბეტი ნამდვილი ვარსკვლავია - მას მგზავრები მუდმივად სცნობენ და დიდი სიხარულით ხვდებიან. 

წყარო: ​საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად