უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, რომ 6 წლის ბავშვი დადიოდეს მობილური ტელეფონით,“- პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში გაჯეტების ხშირი გამოყენების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, რომ 6 წლის ბავშვი დადიოდეს მობილური ტელეფონით. ზოგიერთ სკოლაში მინახავს, რომ ატოვებინებენ ტელეფონს. 5 წლამდე ნებისმიერი ელექტრონული გამღიზიანებელი არის აკრძალული, განსაკუთრებით მობილური ტელეფონები. არ არის აუცილებელი სმარტფონი და გაჯეტი გაატანო ბავშვს სკოლაში. თუ გინდათ კომუნიკაცია ბავშვთან, შეუძინეთ იაფფასიანი ტელეფონი. მას უფრო ნაკლები გამოსხივებაც აქვს და შეგიძლიათ ის გაატანოთ.
არის მეორე პრობლემა, როდესაც მშობელი თვითონ არის დაკავებული ტელეფონით. მე მქონია შემთხვევა, რომ მასწავლებელი თვითონ არის დაკავებული ტელეფონით და გაკვეთილის დაწყებამდე ზის Facebook-თან, ტელეფონთან. ძალიან ბევრი სურათი მინახავს ასეთი. ეს არის პრობლემა. ზოგადი პრობლემაა ეს. ამ პრობლემას სჭირდება მკაცრი რეგულაციები. სხვა დაავადებები, რაც არის პედიატრიულ პრაქტიკაში (ბაქტერიულ ინფექციებს არ ვგულისხმობ), ყველაფერი თავისით მორჩება, მაგრამ ეს არასდროს არ მორჩება. არის დაავადებების 90% პედიატრიულ პროფილში, რომელიც თავისით გადის. მთავარია არ ავნო.
გასაგებია მშობლები ვეღარ იცლიან, დაკავებულები არიან სამსახურებით, ამიტომ მაქსიმალურად დიდხანს, განსაკუთრებით დილის საათებში მაქსიმალურად დიდი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.