უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„სასურველია, რომ ამ აპლიკაციას ყველა მშობელი იყენებდეს,“- ფსიქოლოგი ნინო ფირცხალაიშვილი
ფსიქოლოგმა ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ინტერნეტსივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობელმა შვილი ამ საფრთხეებისგან უნდა დაიცვას:
„გავლენა, რაც არის ინტერნეტსივრცეში ნამდვილად სახიფათოა. სასურველია, რომ მშობელმა არ დაკარგოს კონტაქტი ბავშვთან. ეს არის მასთან ერთად ყოფნა. რა გარემოშია ბავშვი? რა ინტერესი აქვს? ვინ არიან მისი მეგობრები? ინტერნეტში დიდ დროს თუ ატარებს, რით არის დაკავებული? ვისთან აქვს მას კომუნიკაცია? თუ ჰყავს ინტერნეტ მეგობრები? როგორი ურთიერთობა აქვთ მათ?
ძალიან კარგი აპლიკაციაა „უსაფრთხო მშობელი,“ რომელსაც სასურველია, რომ ყველა მშობელი იყენებდეს. ეს გარკვეული კონტროლის საშუალებას იძლევა, თუ რა საიტებს, რა ვებ-გვერდს სტუმრობს ბავშვი, რა ხანგრძლივობით? თუ არის მის პირად შეტყობინებაში რაიმე უხამსი? ან ფოტო, ან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს არის ხელმისაწვდომი მშობლისთვის. მცირე ასაკიდანვე არის ეს შესაძლებელი. გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ამ ტიპის ურთიერთობა რთული დასამყარებელია, თუმცა მცირე ასაკში ეს მისაღებია. ცხადია, ეს უნდა მოხდეს თანამშრომლობითი დამოკიდებულებით. ამით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ბევრი უსიამოვნებისგან შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი შვილი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ფირცხალაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.