უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან,“- შალვა ამონაშვილი აღზრდის შესახებ
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდისას ჰუმანური მიდგომების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„თუ ბავშვი მოვლენაა და თუ თავისი გზით მოვიდა, თავის თავში ეს გზა ჩადებულია და თუ იმას ყველაფერი შეუძლია, მაშინ როგორ უნდა მოვექცეთ ამ ბავშვს სახლში, სკოლაში? ბრძანებებით? თანასწორობით! მე დიდი ვარ, ის პატარაა, მინდობილია დიდზე, მაგრამ არც უნდა ვაგრძნობინოთ ეს ბავშვს, რომ მე დიდი ვარ და შენზე მეტი ვიცი. აი, სად ვბორძიკობთ ჩვენ. უნდა გაუტოლო ბავშვს თავი!“
„ბავშვი მეგობრად უნდა გაზარდო, რომ შვილი გაგიხდეს. ეს სიბრძნე რატომღაც ძნელად ედება ადამიანს თავში. თუ გაიგო, მერე გაკეთება არ უნდა. პედაგოგიკა კეთებაში იწყება, არა ცოდნაში. ცხოვრება სიბრიყვეებს, სისულელეებს გვთხოვს ხშირად, რომ გავაკეთოთ. ვაკეთებთ ბევრ რამეს, რაც ვიცით, რომ არ უნდა გავაკეთოთ. ცოდნა გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცოდნის მიმართ არ გვაქვს, ან გვაქვს უარყოფითი. განა თქვენმა გულმა არ იცის, როგორ უნდა გაზარდოს ბავშვი?! თითოეულ დედას უკვე გულში უდევს აღზრდის სიბრძნე, დაბადებიდან. მამას არ აქვს ეს სიბრძნე აღზრდისა. მას მერე გამოცდილებაში მოუვა ეს სიბრძნე, დედას კი დაბადებიდან დაჰყვება, მაგრამ ეს სიბრძნე გაეხსნება იმას, ვისაც უნდოდა, რომ შვილი ჰყოლოდა. ვისაც არ უნდოდა შვილი ჰყოლოდა, წუხდა, მაგრამ ბავშვი მაინც დაიბადა, იმას გადაეკეტა გზა თავისი სიბრძნის. მერე უნდა ირბინოს, ეხვეწოს, იკითხოს ბევრგან როგორ გაზარდოს შვილი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.