უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხების შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რათა მათი იმუნური სისტემა გაძლიერდეს
ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მშობლებს შეახსენებს, რომ ბავშვები „ნაკლებად სუფთა“ გარემოში კარგად ვითარდებიან. ნებისმიერმა ახალბედა დედამ კარგად იცის, რომ ჩვილის ხელში აყვანამდე ხელები კარგად უნდა დაიბანოს, არ უნდა მიუახლოვდეს ბავშვს, თუ თავს შეუძლოდ გრძნობს. ახალშობილთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა აქვს. ბავშვებთან მიდგომის წესები ცვლილებებს განიცდის მათი ასაკის მატებასთან ერთად. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხების შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რათა მათი იმუნური სისტემა გაძლიერდეს.
მართალია, ბავშვს მიკრობებთან და ბაქტერიებთან შეხება ესაჭიროება, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ სახლში ჰიგიენის წესები სრულად დაივიწყოთ. მთავარია, რომ ბავშვი მეტისმეტად სტერილურ გარემოში არ ვამყოფოთ. მსგავს შემთხვევაში მას იმუნიტეტი უქვეითდება და ხშირად ავადობს.
ადრეულ ასაკში მიკროორგანიზმებთან შეხება ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს იმას არ გულისხმობს, რომ დედამ სახლი არ უნდა დაალაგოს და დაასუფთავოს. მნიშვნელოვანი მიკროორგანიზმები, რომლებიც ბავშვის იმუნური სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია, სახლის დალაგებისას არ ქრება. ოჯახში ჰიგიენის წესების დაცვა ხელს არ უშლის ბავშვს, რომ მიკროორგანიზმებთან შეხება ჰქონდეს.
ჰიგიენის წესების განსაკუთრებული დაცვა ისეთ გარემოშია საჭირო, სადაც ვირუსების გავრცელებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება მიკრობებსა და ბაქტერიებს, სახლის დალაგება მათ არ ანადგურებს. შესაბამისად, სისუფთავის მოყვარულ დედებს შეუძლიათ მშვიდად განაგრძონ სახლის დალაგება. ეს მათი შვილების ჯანმრთელობას ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს.