უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში,“ - ნატა მეფარიშვილი
ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა ბიჭების თოჯინებით, ხოლო გოგონების სათამაშო მანქანებით დაინტერესების საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი აქტივობაა და გენდერს არ უკავშირდება:
„ბიჭი თუ თოჯინებით თამაშობს და გოგო მანქანებით, ეს არანაირად არ უკავშირდება გენდერს მომავალში. ეს არის ჩვეულებრივი აქტივობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა სქესმა აკეთოს. შეიძლება ეს იყოს ცნობისმოყვარეობა, აინტერესებდეს ბავშვს.“
ნატა მეფარიშვილის თქმით, მამები ხშირად არასწორად რეაგირებენ, როდესაც ხედავენ, რომ ბიჭები თოჯინებით თამაშობენ:
„ზოგიერთი მამისგან გამიგია: „რატომ უნდა გამოუცვალოს პამპერსი თოჯინას ბიჭმა?“ რატომ არ უნდა გამოუცვალოს პამპერსი საკუთარ შვილს მამამ, როდესაც გაიზრდება და შვილი ეყოლება? მე მაქვს ეს შეკითხვა. რატომ არ უნდა იჯდეს ქალი საჭესთან, როდესაც მას სჭირდება გადაადგილება? რატომ არ უნდა დაბაროს, თუ ეს სჭირდება მას საკუთარ ნაკვეთზე?! ეს ამბავია ძალიან ყურადღების მისაქცევი.“
„რეპლიკები: „გოგოსავით ნუ ტირიხარ,“ „ნუ შვრები ასე, ეს შენი საქმე არ არის,“ „დედასთან მიგაქვს თეფში? ეს რა კაცის საქმეა?!“ მსგავსი რეპლიკები ანგრევს ბავშვის განვითარებას. მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ. არ არსებობს განსაკუთრებული რეკომენდაციები, რომ ბიჭის მამა ასე უნდა იქცეოდეს და გოგოს მამა ისე. მშობლებმა ზოგადად განვითარების შესახებ უნდა იცოდნენ, ადეკვატურები უნდა იყვნენ და ხშირად შეხედონ საკუთარ თავს, სწორად იქცევიან თუ არა შვილებთან, აქვთ თუ არა ადეკვატური დრო, რომ ეთამაშონ, დაამყარონ მჭიდრო ემოციური კავშირები,“ - აღნიშნულ საკითხზე ნატა მეფარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.