უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„მშობლებს მინდა ვუთხრა, ბებიებს და ბაბუებს ნუ დავაკლებთ შვილიშვილებთან ურთიერთობას,“ - ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ შვილიშვილებსა და ბებია-ბაბუებს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვებს ბებიებისა და ბაბუების სამყარო მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ:
„ბავშვებს ბებიების და ბაბუების სამყარო მარადიულად მიჰყვებათ ცხოვრების მთელ გზაზე. ეს არის აბსოლუტურად სხვა მიმართება. მშობლებთან მიმართება სხვა არის, ის თვისობრივადაც კი განსხვავებულია. ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი მირჩა ელიადეს. უცებ გამახსენდა, სპონტანურად. ამ ნაშრომს ასეთი დასათაურება აქვს: „მარადიული დაბრუნების მითი.“ ყველაზე მეტად ბებიებისა და ბაბუების განცდას შვილიშვილებთან მიმართებაში ეს ფრაზა ადასტურებს. ეს არის მარადიული დაბრუნების მითი. ბრუნდები შენ ისევ, ბრუნდები მარადიულად ამ ახალგაზრდობაში, ამ ჩვილობაში.“
ნანა ჩაჩუამ მშობლებს სთხოვა ბებიებს და ბაბუებს არ მოაკლონ შვილიშვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა:
„ჩვენ როცა ვურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს ყოველთვის არის საკუთარ თავთან ურთიერთობა. შვილიშვილთან რა გამოცდილება გექმნება? ადამიანს ხომ ჯერ სიმბიოზური კავშირი აქვს დედასთან, მერე თანდათან შორდება. შვილებთან მშობლები უფრო მეტად დისტანცირების პროცესში არიან, იმიტომ, რომ შვილი უნდა გაუშვა შენი წიაღიდან. მერე იწყება უკან დაბრუნების გზა. ფსიქოლოგიაში მითითებულია, რომ 64 წლიდან შენი განვლილი ცხოვრება გადმოდის წინ. წინ რას ხედავ განცდისეულად? ეს არის შენი განვლილი ცხოვრება. იქ ხედავ შენს თავს ყველაზე მეტად. ახალგაზრდობაში ხომ ვუწყრებით ჩვენს თავს, ვუწყრებით შვილებს. მერე ჩვენვე გვიჩნდება ჩვენი თავის მოფერების, სიყვარულის ეტაპი და შვილიშვილები არიან ჩვენი თავები, ჩვენი მეები და სულ გვინდა, რომ მათთან ერთად ვიყოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.