Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი,“ - ივანე ჩხაიძე

„გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის, არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი,“ - ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ რინოვირუსის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სეზონზე აქტიურად ცირკულირებს. მისი თქმით, აღნიშნული ვირუსი გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევია:

„კორონავირუსი ზუსტად ორჯერ უფრო მეტად არის გადამდები, ვიდრე სეზონური გრიპის ვირუსი. რინოვირუსი ჩვენთვის ცნობილია, როგორც გაციების ყველაზე ხშირი გამომწვევი ვირუსი. გაციება გახლავთ​ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, რომლის ძირითადი სეზონი ნოემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება. რინოვირუსით გამოწვეული გაციების შემთხვევები ბოლო პერიოდის განმავლობაში წამყვანია. ბოლო პერიოდის განმავლობაში რინოვირუსი და კორონავირუსის ძველი, უწყინარი შტამები ფიქსირდება.“

ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ მძიმე მიმდინარეობის გაციება არ არსებობს და ამ დროს ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ:

„ზოგადი მდგომარეობა ასეთ ბავშვებთან არის მსუბუქი. ​გაციება არ არსებობს მძიმე მიმდინარეობის. არ არის მაღალი ტემპერატურა, არ არის ძლიერი თავის ტკივილი. ეს არის ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, იშვიათი ხველა, ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა 37,5- 38 -ის ფარგლებში. სწორედ ეს ახასიათებს გაციებას. როგორც წესი, ამ ბავშვებს საავადმყოფოში მოთავსება არ სჭირდებათ.“

ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსსა და რინოვირუსს ერთმანეთის მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვთ:

„კორონავირუსსა და რინოვირუსით გამოწვეულ გაციებას შორის კლინიკურ ნიშნებში განსხვავება არ არსებობს.​ კორონავირუსის აბსოლუტური უმრავლესობა მიმდინარეობს მსუბუქად. როდესაც ჩვენ გვინდა ავხსნათ, რას ნიშნავს მსუბუქი მიმდინარეობა, სულ ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვეულებრივი გაციება. ყველაზე მნიშვნელოვანია დინამიკაში დაავადების მიმდინარეობა. გაციებას არ ახასიათებს გართულება. ის, როგორც წესი, ერთ კვირაში მთავრდება. მოზრდილი ასაკის ბავშვებში მაქსიმუმ შეიძლება იყოს სინუსიტი და მცირე ასაკის ბავშვებში ოტიტი.“

„კორონავირუსი შეიძლება დაიწყოს გაციებით, მაგრამ დინამიკაში მეშვიდე-მერვე დღეს მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად დამძიმდეს და საჭირო გახდეს ბავშვის გადაყვანა საავადმყოფოში. თუ ბავშვს აქვს სიმპტომები,​ ისინი დროებით იზოლაციაში უნდა გადავიყვანოთ. თავისთავად რინოვირუსიც გადამდებია. არც ის არის სასიამოვნო, როდესაც თქვენი შვილისგან სხვას გადაედება რინოვირუსი. რეკომენდაცია უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ბავშვები გაციების კლინიკური ნიშნებით: ხველით, დაბალი ტემპერატურით, ცხვირიდან გამონადენით და ცემინებით, აუცილებლად უნდა დარჩნენ სახლში და არ წავიდნენ ბაღში. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, ვინაიდან ამით ჩვენ ვამცირებთ ორივე სახის ვირუსის გადაცემის რისკს,“ - აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად