Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მშობლებმა თავიანთ ქალიშვილს გაუკეთონ, მისი „კარგ გოგოდ“ აღზრდაა

ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მშობლებმა თავიანთ ქალიშვილს გაუკეთონ, მისი „კარგ გოგოდ“ აღზრდაა

ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მშობლებმა თავიანთ ქალიშვილს გაუკეთონ, მისი „კარგ გოგოდ“ აღზრდაა. მე არ ვსაუბრობ წესიერ, ჭკვიან და პასუხისმგებლიან გოგონებზე. „კარგ გოგოობაში“ იგულისხმება სხვა ადამიანების შეფასებებზე ყურადღების გამახვილების ჩვევა, ეს იგივეა, რაც ყველასთვის კომფორტულ ადამიანად ყოფნა. ეს ტვირთი გაუსაძლისი ხდება, რომელსაც ბევრი მთელი ცხოვრების მანძილზე ვეღარ იშორებს.

„კარგი გოგონები“ ძალიან უყვართ ზრდასრულებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მშობლებს, დაწყებითი კლასის მასწავლებლებს. „კარგ გოგოს“ ეტყვი, რომ ფაფა ან წვნიანი ბოლომდე მიირთვას და ისიც ბოლომდე მიირთმევს, იხრჩობა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსები არ გაანაწყენოს, ის ამას გააკეთებს. ზრდასრულ ასაკში კი ვეღარ იგებენ, რატომ აქვთ მათ ჭარბი წონა და საჭიროზე მეტი საკვების მიღების ჩვევა. ის საკუთარ სხეულს არ უსმენს, მას ეს არ უსწავლია. „კარგი გოგო“ მიჩვეულია მასწავლებლის თვალებში ყურებას: „უკვე დავნაყრდი თუ ჯერ კიდევ არა?“

კარგი გოგო უფროსებს უხეშად არ ესაუბრება, ის მათ თანასწორივით არ ელაპარაკება, მხოლოდ იღიმის, ემორჩილება და ეთანხმება. როდესაც 14-15 წლის ასაკში მას ზრდასრული ასაკის მამაკაცი ეხუტება, გოგონა ვერ ეპასუხება, რადგან ამის უნარი არ აქვს. ის ამ საშინელებას იტანს და მეტსაც აიტანს იქ, სადაც უნდა თქვას: „სწრაფად მომაშორე ხელები!“

კარგი გოგო მხოლოდ ხუთიანებზე სწავლობს, ოთხიანი მისთვის ტრაგედიაა. სწავლის წლების განმავლობაში ის სხვების შეფასებებით ხელმძღვანელობს და ნერვული მოლოდინით ცხოვრებას აგრძელებს: „როგორ მაფასებენ? რას ამბობენ ჩემზე? ყველა ფიქრობს, რომ კარგი ვარ?“ გოგონას სკოლის მსგავსად, სამყაროსგანაც ხუთიანების დამსახურება სურს, მაგრამ ზრდასრულთა სამყარო განსხვავებულად არის მოწყობილი. ის ქებაში ძალიან ძუნწია. გოგონა იტანჯება და დამამშვიდებლებს ან რაიმე უფრო ძლიერ საშუალებებს სვამს.

„კარგი გოგო“ ცდილობს სხვებისთვის კომფორტული იყოს, ზრუნავს, თავს სწირავს, მაგრამ მის მსხვერპს არამხოლოდ არ აფასებენ, სისუსტედაც თვლიან და უყოყმანოდ იყენებენ. მსხვერპლის იდეალებით აღზრდილი რამდენი „კარგი გოგო“ ხდება უსაქმური და პარაზიტი კაცის მეუღლე.

„კარგ გოგოს“ მოთმინება აქვს ნასწავლი. ის იმდენად ეჩვევა მოთმენას, რომ ეს მისი მეორე ბუნება ხდება. ის ტანჯვას პოულობს იქაც კი, სადაც ის არ არის. „კარგი გოგო“ წლების განმავლობაში ახალ სავარძელსაც არ იყიდის, ვერ ამჩნევს როგორ ტკივა არასასიამოვნო საწოლისგან წელი და ზურგი. ის შეჩვეულია ტანჯვას, როგორც აუცილებლობას.

კარგი შვილების ყოფნა უფროსებისთვის ძალიან კომფორტულია. კარგი ბავშვები, როგორც ფანჯრის რაფაზე დაწყობილი ქოთნის ყვავილები, თვალს ახარებენ, მაგრამ იყო „კარგი“ ამ ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ძალიან ცუდია. „სიკარგის“ მოსაშორებლად შემდგომში დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო. უმჯობესია, თუ ბავშვები არ იქნებიან კომოფრტულები, მაგრამ იქნებიან მამაცები, რომლებიც საკუთარი თავის დაცვას შეძლებენ, ეცოდინებათ საკუთარი სურვილები, საჭიროებები და საზღვრები. დაე, მიეჩვიონ საკუთარი თავის შეფასებას მასწავლებლების თვალებში ყურების ნაცვლად. დაე, ნუ იქნებიან „კარგები,“ მაგრამ იყვნენ ბედნიერები...

ავტორი: მორენა მორანა

წყარო: ​fit4brain.com


წაიკითხეთ სრულად