უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
რა უნდა ისწავლოს ბავშვმა ოჯახში? - 12 მთავარი მაგალითი, რომელიც შვილმა მშობლისგან უნდა მიიღოს
ბავშვები ზრდისა და განვითარების პროცესში უამრავ ჩვევას იძენენ როგორც ფორმალურ სასწავლო გარემოში, ასევე საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგადაც. ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს ბავშვები ოჯახში იღებენ.
მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებს ოჯახში ისეთი მაგალითი მისცენ, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება. ეცადეთ, თქვენმა შვილმა თქვენგან მხოლოდ კარგი ქცევები შეითვისოს. მაგალითები, რომლებიც ბავშვმა ოჯახისგან უნდა მიიღოს, შემდეგია:
ოჯახის წევრებს შორის მუდმივი და გულწრფელი კომუნიკაცია
ემოციების გულწრფელად გამოხატვა და საკუთარ განცდებზე გულახდილი საუბრები
მადლიერებისა და სოლიდარობის განცდა
ოჯახის წევრების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება
ერთობლივი მხიარულება და ხშირი ოჯახური დიალოგები
სიკეთე, ალტრუიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა
ოჯახური რუტინა, ორგანიზებულობა და წესრიგი
პასუხისმგებლობების გადანაწილება ოჯახის წევრებს შორის
ბილწსიტყვაობისგან თავისუფალი მეტყველება
ბრაზის მართვა და ემოციური წონასწორობის შენარჩუნება
მიზნების დასახვა და მათთვის ბრძოლა
სიტყვისა და საქმის შესაბამისობა (მშობელმა არ უნდა თქვას ერთი და არ უნდა გააკეთოს მეორე)
ბავშვები გარშემომყოფების ქცევის იმიტირებას ახდენენ, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყოველთვის მათთვის კარგი მაგალითის მიცემაზე ზრუნავდნენ. ბავშვი მშობლის ყველა სიტყვასა და ქმედებას ისრუტავს, რის გამოც ოჯახური გარემო მასზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. როლური მოდელი, რომელსაც მშობელი შვილს სთავაზობს, ზოგჯერ მისი განვითარებისა და სოციალური უნარების შეძენისთვის საზიანოა. თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ბავშვები მაგალითებით სწავლობენ, მათ აღზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა, პირველ რიგში, სახლიდან დაიწყეთ!