უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში
პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:
„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.
გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.