უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„კაცების საყურადღებოდ: ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ჰგონიათ, რომ ქალმა იმშობიარა და მორჩა,“- ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ქალის ცხოვრებაში კრიტიკული ეტაპების შესახებ ისაუბრა და მამაკაცებს ურჩია, რომ მეუღლეებს მშობიარობის შემდეგ მეტად გაუწიონ ანგარიში:
„კაცს ოჯახი ნაკლებად უშლის ხელს კარიერასა და თვითრეალიზაციაში. ქალს უშლის ხელს. ის ფეხმძიმე უნდა იყოს, ბავშვი გააჩინოს. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი გამოყვანილია მწყობრიდან. ნებისმიერმა ზრდასრულმა იცის, რომ ქალი ჯერ კრიტიკული პრობლემების გამო არ არის ხოლმე მთლად კარგად, მერე ორსულობის დროს და ორსულობის მერეც. კაცების საყურადღებოდ: ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ჰგონიათ, რომ ქალმა იმშობიარა და მორჩა. კიდევ ერთი წელი ანგარიშის გაწევა მოგიწევს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის.
ქალი გამოდის ძალიან დიდი ხნით წყობიდან. კაცს ეს პრობლემა არ აქვს. ქალი დაფეხმძიმდება და შენ წახვედი სამსახურში. არც ხასიათი შეგცვლია შენ და არც ფსიქიკაზე უმოქმედია ამას. მე ვიცი 4 ქალი, რომლებსაც აქვთ სამსახური, ჰყავთ მანქანა, იყიდეს ბინა, ჰყავთ შეყვარებულები. კაცები ითხოვენ, ცოლად გამოგვყევიო, მაგრამ ამათ არ უნდათ. ქალმა იცის, რომ კაცის ცხოვრებაში შემოსვლა ამ რაღაცებს გააჩერებს. მე კი ვუთხარი, რომ ასე ვერ გაგრძელდება. რაღაც მომენტში თვითონ მოგინდება, რომ ბავშვი გყავდეს. ბავშვი არ არის ადვილი. კაცისთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ ბავშვის გაზრდა ძალიან დიდი ტვირთია. კი ბატონო, შეგვიძლია თანამედროვე ძიძებით გავზარდოთ, მაგრამ რეალურად ეს ბავშვისთვის არ არის საკმარისი.
დაყოფა არ შეიძლება ასე, რომ ქალმა ბავშვი უნდა გაზარდოს. მასაც სჭირდება რეალიზაცია. მასაც უნდა აღიარება სხვებისგანაც და საკუთარი თავისგანაც,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.