უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„თუ დედა არის ცუდად, ბავშვი არის ცუდად! მამებმა ეს უნდა გაიგონ კარგად,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოში ქალების მიმართ არსებული სტიგმატიზებული დამოკიდებულებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალის მდგომარეობა რთულია, როგორც ოჯახში, ასევე მაშინაც, როდესაც ის მეუღლეს შორდება ან მარტოხელა დედაა, რაც ბავშვების მდგომარეობაზე ძალიან ნეგატიურად აისახება:
„საქართველოში ქალის მდგომარეობა და ქალის სტატუსი, სამწუხაროდ, ხშირად განსაზღვრულია მისი ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. გაშორებული, ქვრივი, ამ მხრივ საზოგადოება დაუნდობელია. ცხადია, რომ ეს აისახება ბავშვბზე. მამებმა არ იწყინონ, თუ დედა არის ცუდად, ბავშვი არის ცუდად. მამებმა ეს უნდა გაიგონ კარგად. ფსიქოანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ დედასა და შვილს შორის არის ის განუმეორებელი კავშირი, რაც მერე მომავალ პიროვნებას აქცევს შემდგარ პიროვნებად. თუ ეს კავშირი იქნება პათოლოგიური, დარღვეული, შესაბამისად რაღაცნაირი ცუდი ფაქტორებით ზეგავლენის შედეგად შეცვლილი, ეს ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე.
რა დღეშია საწყალი ქალი ჯერ როდესაც ოჯახი ჰყავს. მით უმეტეს, როდესაც ის არის მარტოხელა დედა. ერთია მარტოხელა დედა, საერთოდ უმამოდ რომ ზრდის ბავშვს და მეორეა დაშორებული დედა. მომავალი ცხოვრება ხომ ვერ წარმოუდგენია ასეთ ადამიანს ჩვენი საზოგადოების ხელში. მათ მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისად ასეთი სტიგმატიზებულია. როგორ იქნება ახლა ეს ქალი კარგად?!“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.