უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
მეხსიერების ეს სავარჯიშო ბავშვს ლექსების მარტივად დამახსოვრებაში დაეხმარება - ფსიქოლოგ მაკა ჩარკვიანის რეკომენდაციები
ფსიქოლოგმა მაკა ჩარკვიანმა ბავშვების გონების გასავარჯიშებელი საინტერესო სავარჯიშო შემოგვთავაზა. მისი თქმმით, აღნიშნული გონების სავარჯიშო, რომელიც მეხსიერებას ავითარებს, ბავშვებს დიდი ლექსების მარტივად დამახსოვრებაში დაეხმარება:
„ეს სავარჯიშოები არ არის სანახაობრივი. უნდა აიღოთ ფურცელი და კალამი. მე გეტყვით რომელიმე ლექსის ერთ სტროფს, რომელიც არ იცით. ვთქვათ, ტარიელ ჭანტურიას „მებაღის სიყვარული.“ მე გკარნახობთ სიტყვებს, თქვენ იხატავთ რაღაცას, არ აქვს მნიშვნელობა, ეცადეთ მიამსგავსოთ და ის სიტყვა გამოხატოს ამ ჩანახატმა. თუ მელიაა, მელიას დახატავთ როგორღაც, თუ არის ზმნა „მოვდივარ,“ შეგიძლიათ ორი ფეხი დახატოთ.“
„ეს სტროფი შემდეგია: „გავყიდი მიხაკს, მიხაკის ფასად ვიყიდი ვარდებს, ვარდების ფასად ვიყიდი იებს, იების ფასად გიყიდი შენ.“ ბავშვები იცით როგორ ხატავენ? უხარიათ კიდეც ამის გაკეთება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ სავარჯიშოზე მიჯაჭვა არაფრით არ შეიძლება. შეიძლება ცნებით აზროვნებაზე გადასვლისას ხელი შეგვიშალოს. ნახეთ, როგორი სახალისოა დიდი ლექსის დამახსოვრება. საერთოდ რომ არ გაგიგია ეს ლექსი, შეგიძლია დახატო რაღაცები და უშეცდომოდ გაიმეორო,“ - აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგმა მაკა ჩარკვიანმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბრა.