Baby Bag

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არცერთი ბავშვი ჩაბჟირებისგან არ დამხრჩვალა ისტორიაში... ეს არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა,“ - ექიმი ლევან ხარაშვილი

ექიმმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვის ჩაბჟირების შემთხვევაში პანიკაში არ ჩაცვივდნენ:

„რამდენადაც საშიშად გამოიყურება ჩაბჟირების პროცესი, ამდენადვე არ არის ის საშიში. ეს არის სუნთქვის ხანმოკლე შეკავება, რამოდენიმე წამის განმავლობაში. ჩასუნთქვა უჭირთ ამ დროს ბავშვებს. შეიძლება ამ დროს ტუჩებიც კი გაულურჯდეს. ეს ძალიან საშიშად გამოიყურება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ბავშვი იხრჩობა. ცხადია, ამას ძალიან ემოციურად პასუხობენ მშობლები. „რამე ქენი, ბავშვი იხრჩობა,“ - არის ასეთი ტექსტები. არცერთი ბავშვი ჩაბჟირებისგან არ დამხრჩვალა ისტორიაში. ეს არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. ბავშვს ამით არაფერი არ მოუვა.

აქ უფროსები უფრო ბევრს სცოდავენ ხოლმე. ისინი ცდილობენ ბავშვი ამ მდგომარეობიდან ძალიან სწრაფად გამოიყვანონ. ცხადია, ისინი უშვებენ უამრავ შეცდომას. პირველი, ყველაზე საშიში და სასტიკი შეცდომა, რასაც უშვებენ, არის წყლის შესხმა სახეში. ეს აბსოლუტურად არასწორია. რატომ უნდა შეასხა ბავშვს, რომელიც ნერვიულობს, ცივი წყალი სახეში? ბავშვს სუნთქვა შეეკრა და შენ კიდევ ამატებ ამას ახალ სტრესს და გამაღიზიანებელს. ამ დროს პირი დაღებული აქვს ბავშვს, შეიძლება გადასცდეს ეს წყალი, დაეწყოს შეტევითი ხველა და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდოთ. ბავშვი რომ ტირის, ჩაბჟირდება, მივლენ და მთელი ნაკადით სულს უბერავენ ხოლმე. ესეც რა მეთოდია, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. სულ რომ არაფერი არ გააკეთონ, რამოდენიმე წამში ბავშვი ამოისუნთქავს. ზოგჯერ ტკივილის მეთოდსაც იყენებენ, უჩქმეტენ ბავშვს, რომ ამოისუნთქოს. აბსოლუტურად გაუმართლებელია ეს. დაველოდოთ რამოდენიმე წამი მოთმინებით. ბავშვი ამოისუნთქავს და ცხოვრება გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში,“- მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად