Baby Bag

„ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს... არ შეეფერება ეს ჩვენს პედაგოგიკას,“ - შალვა ამონაშვილი

„ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს... არ შეეფერება ეს ჩვენს პედაგოგიკას,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, სკოლასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთან დიალოგის გზით მოაგვარონ:

„თუ ბავშვი გეტყვით თქვენ, რომ მე ხვალ სკოლაში წასვლა აღარ მინდა, რომელი ჭკვიანი დედა ეტყვის იმას, რომ აღარ გინდა და მაშინ ითამაშე აგერ, კნუტები არიან სახლში და მათთან ითამაშე და იყავი როგორც გინდაო. რომელი მამა ეტყვის ამას ბავშვს?! იქნებ დავსხდეთ, ბრძნულად განვიხილოთ, რატომ არ გვინდა სკოლა? რითი შეგვაწუხა სკოლამ? ამხანაგები არ გვყავს კარგი? გზა არის ძალიან შორი? როდესაც ამ მიზეზს გამოვამზეურებთ, ადვილად შეიძლება განუმარტო ბავშვს როგორ შეიძლება ამ მიზეზის მოშორება. ჩვენ მიზეზებს არ ვამზეურებთ და პირდაპირ ვეუბნებით ბავშვს: როგორთუ არ გინდა სკოლაში?! ზოგჯერ ვეუბნებით: კარგი, ნუ წახვალ! ერთიც და მეორეც არასერიოზული მოქმედებაა. გამოვარკვიოთ მიზეზები და რაღაცას გამოვიგონებთ ჩვენ.

არ იყოს ჩხუბი, არ იყოს ნერვიულობა, არ იყოს ძალდატანება, არ იყოს წივილ-კივილი, არ იყოს ბავშვის ცემა! დიდი ბოდიში, მაგრამ ზოგიერთ ოჯახს აქვს ეს ტენდენცია, რომ ბავშვს წამოარტყას, დაუყვიროს, დასაჯოს ამგვარად. ეს აღარ არის ჩვენი ბავშვებისთვის ღირსება. არ შეეფერება ჩვენს პედაგოგიკას, ჩვენს დღევანდელს ცხოვრებას ასეთი ქცევები.

ეს წარსულს ჩავაბაროთ. გოგებაშვილიც ამბობდა, ეს არ გააკეთოთო. ეს იყო მეცხრამეტე საუკუნე და მეოცე საუკუნის დასაწყისი. XXI საუკუნეში, ჩემო ძვირფასებო, ასეთი მეთოდები ნიშნავს იმას, რომ ჭაში ჩავცვივდეთ,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ჭოჭინას გამოყენებას აპირებთ? - ორთოპედ-ტრავმატოლოგი დეტალებზე

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ჭოჭინას გამოყენებას აპირებთ? - ორთოპედ-ტრავმატოლოგი დეტალებზე

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, სანამ ჭოჭინას გამოიყენებს და შეუძლია თუ არა ზიანის მიყენება ბავშვისთვის? - ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ორთოპედ-ტრავმატოლოგი თინათინ ანთაძე.

- ჭოჭინასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ექიმებს შორის, რატომ კრძალავს გარკვეული მათგანი ან რატომ ემხრობა მეორე ნაწილი?

​- ჭოჭინით ბავშვები უამრავ ტრავმას იღებენ, ვინაიდან არ არის მყარი კონსტრუქციის და ყირავდება, შესაბამისად ბავშვი გადმოვარდება და იღებს დაზიანებას. ერთადერთი ეს არის არასასურველი, თუმცა თუ ბავშვი ზის ჭოჭინაში, გვერდზე მშობელი უდგას და არის ყურადღების ქვეშ, რატომაც არა. ამ ნივთის გამოყენებას დადებითი ის აქვს, რომ პატარები ერთობიან, მოსწონთ და პოზიტიურ ემოციას იწვევს. ამასთან, ისინი გონებრივად ვითარდებიან. ზოგიერთი მშობელი ჭოჭინას იყენებს, როგორც სასადილო მაგიდას. სხვა სახელმწიფოებში ეს ნივთი იკრძალება იმიტომ, რომ ბევრი ბავშვი იღებდა ტრავმას, დაზიანებებს. როდესაც ადვილად ხელმისაწვდომია ჩამრთველები, ელექტროენერგიის აპარატურა, შესაძლოა, ელექტრო ტრავმაც მიიღონ, ამის გამო საჭიროა სიფრთხილე.

​- რა ხნის ბავშვი შეგვიძლია ჩავსვათ ჭოჭინაში?

​- დაახლოებით 6 თვის, როდესაც ბავშვს უკვე ჯდომა შეუძლია. საერთოდ მე არ მიყვარს ჭოჭინა და მირჩევნია მანეჟი, რადგან იქ უფრო კარგად ვითარდება ბავშვი და თანაც უსაფრთხოა.

​- კონკრეტულად, რა უარყოფითი თვისებები აქვს ჭოჭინის გამოყენებას და რა შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ?

​- ვერ ვიტყვით იმას, რომ არ უნდა გამოვიყენოთ, ასეთი შემთხვევა არ არის. მედიცინასთან და ბავშვის ჯანმრთელობის, ძვლების განვითარებასთან არანაირ კავშირში არ არის. ჭოჭინაში რომ ჩაჯდება, ბავშვს ფეხები აქვს განზე და როდესაც ჩვენ გვაქვს დისპლაზია, კორსეტით, პირიქით, განზე ვაწევინებთ. ასე, რომ ჭოჭინას უარყოფითი თვისებები პირდაპირ უკავშირდება ტრავმატიზმს ანუ როდესაც პატარა უყურადღებობისგან იღებს ტრავმებს, ყირავდება, თავს არტყამს, ხელს ჰყოფს ჩამრთველებში და ა.შ. როგორც უკვე ვთქვი, სამედიცინო თვალსაზრისით არანაირი შეზღუდვა არ აქვს.

​- მშობელმა თუ გადაწყიტა, რომ ჭოჭინაში უნდა ჩასვას პატარა, რა წესები უნდა გაითვალისწინოს?

​- რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები. როდესაც ჩასვამს, იყოს ახლოს მასთან და მარტო არ დატოვოს, მიაქციოს ყურადღება ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად