Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სულ ამაზე ვფიქრობ, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მეტყველება,“- სასცენო მეტყველების პედაგოგი ელდინო საღარაძე

„სულ ამაზე ვფიქრობ, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მეტყველება,“- სასცენო მეტყველების პედაგოგი ელდინო საღარაძე

სასცენო მეტყველების პედაგოგმა ელდინო საღარაძემ სწორი მეტყველების კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სულ ამაზე ვფიქრობ, რომ ბაღებსა და სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მეტყველება. ვინ უნდა გააკეთოს ეს? რა თქმა უნდა, ყველამ ერთად. მშობელმა საიდან უნდა იცოდეს კარგი მეტყველება? ამას საფუძველი უნდა ჩაეყაროს მშობლის ბავშვობაში. მე სულ ველოდები, როდის მოვა ეროვნული მთავრობა, რომელიც ამას მიხედავს. ორატორული ხელოვნების აკადემიაში ვმუშაობდი და აკადემიამ მიმართა ერთ ინსტანციას, რომ დაგვეწყო საქართველოში მეტყველების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა. არანაირი ყურადღება! ეს პრობლემა ისეთ საცოდავ დონეზე იქნა დაყვანილი, რომ შეწყდა ამაზე საუბარი.“

ელდინო საღარაძის თქმით, მშობელმა კარგად მეტყველება ჯერ კიდევ სკოლის ასაკში უნდა ისწავლოს:

„მშობელმა რომ კარგად იმეტყველოს, მას ეს ჯერ კიდევ სკოლაში უნდა ასწავლონ, ასევე უმაღლეს სასწავლებელშიც. განსაკუთრებით, როდესაც პედაგოგებად ზრდიან უმაღლეს სასწავლებელში კადრს. ის აუცილებლად კარგად უნდა მეტყველებდეს. რამდენი პედაგოგია, რომელიც „ლა“-თი და „ლო“- თი ლაპარაკობს.“

„დღეს მეტყველების კულტურის გამომუშავება მიჰყავთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ. მათ არ აქვთ საამისო კულტურული ჩვევები, რომ ისე ისაუბრონ, რომ აღმზრდელობითი დატვირთვაც ჰქონდეს ამას მეტყველების თვალსაზრისით,“- აღნიშნულ საკითხზე ელდინო საღარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ საქართველოს პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად