Baby Bag

„ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით… ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის?“ - ფსიქოთერაპევტი რეზო კორინთელი

ფსიქოთერაპევტმა რეზო კორინთელმა ადამიანის მიერ გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღრმის ფსიქოლოგია გაჭირვებას ადამიანის გამოსაფხიზლებლად მოვლენილ სირთულედ განიხილავს. რეზო კორინთელმა განმარტა, თუ რატომ არის ადამიანი უმადური, როდესაც მას სხვა ეხმარება:

„სიღრმის ფსიქოლოგიის მიხედვით, გაჭირვება, რომელიც შენ გეგზავნება, შენთვის არის გამოგზავნილი, იმისთვის, რომ გამოგაფხიზლოს. უფრო დამოუკიდებელი გაგხადოს. როდესაც შენ სხვას ეძებ, ბავშვის როლში ხარ, რომელიც ეძებს დედას, რომელიც მას მუქთად მისცემს რძეს. ასეთი ადამიანი მოკლებულია შემოქმედების სიხარულს, როგორიცაა: „ჩემით გავაკეთე,“ „ჩემით გავყიდე,“ „ჩემით მივაღწიე.“ ამას რომ აკეთებ, გიხარია, თვითშეფასება მაშინვე იზრდება ავტომატურად.

როდესაც სხვაზე დამოკიდებული ხდები, იქ ამბივალენტური გრძნობა გიჩნდება, ერთი მხრივ მადლიერების, მეორე მხრივ, ბრაზის. მე თავს ვიმცირებ, მოვდივარ და გთხოვ. ხშირად ვისაც ეხმარები, ის გპასუხობს უმადურობით. ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, რომ იტყვი: რისთვის? ასე იმიტომ ხდება, რომ ის იმცირებს თავს, როდესაც დახმარებას გთხოვს,“ - აღნიშნა რეზო კორინთელმა.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პანდემიამ მოგვიტანა ახალი მითი: დაწყვილდა ხელების დაბუჟება და D-დიმერის მატება,“- ნევროლოგი გვანცა გიორგაძე

„პანდემიამ მოგვიტანა ახალი მითი: დაწყვილდა ხელების დაბუჟება და D-დიმერის მატება,“- ნევროლოგი გვანცა გიორგაძე

ნევროლოგმა გვანცა გიორგაძემ დაბუჟებასა და D-დიმერის მატებას შორის არსებული კავშირის შესახებ პანდემიის პირობებში გავრცელებული მითის შესახებ ისაუბრა:

„პანდემიამ მოგვიტანა ახალი მითი. ჩვენ გვქონდა ძველი მითი, რომ პროთრომბინის ინდექსის მომატება იწვევს ხელების ან ფეხების დაბუჟებას, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს და არის მითი. ახლა დაწყვილდა ხელების დაბუჟება და D - დიმერი. დაბუჟება უხშირესად არის ნეიროპათიული სიმპტომი და არ არის არანაირად დაკავშირებული სისხლის შედედების კომპონენტების ცვლილებებთან. მტევნების ან ტერფების დაბუჟების შემთხვევაში, თუ ამას არ ახლავს კიდურის ფერის ცვლილება, სიცივე და არ არის ერთ კიდურში გამოხატული, რაც შეიძლება მიუთითებდეს ვასკულურ ცვლილებებზე, კიდურის სიმეტრიული დაბუჟება, რომელსაც არ ახლავს კიდურის ფერისა და ტემპერატურის ცვლილება, არ შეიძლება დაკავშირებული იყოს პროთრომბინის ინდექსის, D-დიმერის მატებასთან ან თრომბოზთან.“

​ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს პაციენტის ნევროლოგიური შეფასება. შესაძლებელია, ეს სუბიექტური შეგრძნებები საერთოდ არ იყოს არცერთ ორგანულ პრობლემასთან დაკავშირებული და იყოს სუბიექტური შეგრძნება, რაც ყველაზე უფრო ხშირია, ან დაკავშირებული იყოს ისეთ გავრცელებულ პათოლოგიებთან, როგორიც არის მაჯის გვირაბის სინდრომი, რაც დაბუჟების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია და არა პროთრომბინის და D-დიმერის მატება. ასეთ დროს არ არის საჭირო თვითნებურად რაიმე ანალიზების ჩატარება, D-დიმერის გაზომვა. თუნდაც ამ დროს კოვიდი ჰქონდეს პაციენტს, ეს არ ნიშნავს, რომ D-დიმერი ან პროთრომბინი უნდა გავზომოთ. უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს ან ნევროლოგს შემდგომი მართვის გადასაწყვეტად,“- აღნიშნულ საკითხზე გვანცა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად