Baby Bag

„ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ...“ - მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამის სახლის პირობებში მართვის შესახებ

„ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ...“ - მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამის სახლის პირობებში მართვის შესახებ

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მსუბუქ პაციენტებს სახლის პირობებში ომიკრონის შტამთან გამკლავების წესები გააცნო:

„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი. მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა, ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ. ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ ჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი. ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ,სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრეინინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა).

მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირება და ახსოვდეთ რამდენიმე ძალიან მარტივი წესი (რაც ძალიან ხშირად გაჟღერებულა, ახალი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორება ალბათ არ იქნება ზედმეტი ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით):

1. კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ ჭირდება

2. ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით.

3. ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი.

4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭრდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ.

5. კოვიდს არავითარი გადასხმები არ ჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა.

6. საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი.

7. სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.

8. იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის.

ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ უნდა მივიღოთ სანტეს ულაქტოზო რძე?

რატომ უნდა მივიღოთ სანტეს ულაქტოზო რძე?

რძე რომ შეუცვლელი პროდუქტია, როგორც ბავშვთა, ისე მოზარდთა კვებაში, ამაზე დიდი ხანია თანხმდებიან მეცნიერები და ექიმები, მაგრამ... არსებობს ფაქტორები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის არც თუ ისე პატარა ნაწილს აწუხებს და რასაც საბოლოოდ კვების რაციონიდან რძის და რძის შემცველი პროდუქტების ამოღებამდე მივყავართ.

არის თუ არა ეს გზა სწორი და რა შეცდომებს ვუშვებთ რაციონიდან რძის ამოღებით?

ყურყური, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი - ეს ის ხშირი ნიშნებია, რომლებიც მოზრდილი პოპულაციის ნახევარზე მეტს რძის მიღების შემთხვევაში უვითარდება და ამას ლაქტოზის აუტანლობას უკავშირებენ.

რა არის ლაქტოზა ან რა მოვლენაა ლაქტოზის აუტანლობა?

აღმოჩნდა, რომ: ლაქტოზა რძის შაქარია, იგი შედის როგორც ნატურალური რძის შემადგენლობაში, ისე რძის პროდუქტებში. თუმცა რძისგან განსხვავებით, რძის პროდუქტებში ლაქტოზა გაცილებით მცირე რაოდენობით გვხვდება.

ლაქტოზის აუტანლობა მოზრდილ ადამიანთა უმეტესობისათვის ფიზიოლოგიური მოვლენაა. სწორედ ამიტომ ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს პირველი ქართული ნატურალური ულაქტოზო რძე სანტესგან. აქამდე მწირად, მაგრამ მაინც გვხვდებოდა დახლებზე უცხოური წარმოების ულაქტოზო რძე. რატომ გახდა აუცილებელი ულაქტოზო რძის საქართველოში წარმოება და რა კვებითი ღირებულებების მატარებელია აღნიშნული პროდუქტი, ამის შესახებ რძის მწარმოებელი კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ წარმოების ხარისხის მენეჯერს ლაშა მანძულაშვილს ვესაუბრეთ:

- ბატონო ლაშა, რატომ გახდა აუცილებელი ულაქტოზო რძის წარმოება საქართველოში?

- ჩვენი კომპანია, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოება, მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქციას. მსოფლიოში საშუალოდ ყოველი მეხუთე ბავშვი ლაქტოზის აუტანლობით იბადება. ლაქტოზის აუტანლობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა ჩვენი პოპულაციისთვისაც. აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა ხშირია არა მარტო მოზრდილებში, არამედ ბავშვთა ასაკშიც. გარკვეული კვლევების საფუძველზე, მივედით გადაწყვეტილებამდე, ქართველი მომხმარებლისათვის შეგვეთავაზებინა ადგილობრივი ულაქტოზო რძე. ეს სიახლეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნებისთვისაც. მოგეხსენებათ, ულაქტოზო რძის წარმოება ყველა ქვეყანაში არ ხდება, თუმცა მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს. გრძელვადიანი უცხოური ულაქტოზო რძის ნაცვლად ჩვენ უკვე გვაქვს ადგილობრივი, ახალი პროდუქტი - რძე „მსუბუქი დღე“, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა კვებაში ენდემური პროდუქტის მოხმარება, მით უმეტეს, თუ ეს პროდუქტი ყველა კვებით ღირებულებას აკმაყოფილებს.

- ბატონო ლაშა, რითი განსხვავდება ულაქტოზო რძე და მისი კვებითი ღირებულება ჩვეულებრივი რძისაგან?

- ლაქტოზის გაუვნებელყოფა რძეში ხდება სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით. რაც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავანთავისუფლოთ რძე ლაქტოზისაგან ისე, რომ რძემ შეინარჩუნოს ყველა კვებითი ღირებულება. ულაქტოზო რძე ინარჩუნებს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია მიკროელემენტების დღიური ნორმის შესავსებად. თამამად შეიძლია ვთქვათ, რომ სანტეს ულაქტოზო რძის წყალობით შეგვიძლია ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ისე ვებრძლოთ, რომ ამავდროულად ყოველდღიურად მივიღოთ სრულფასოვანი რძე. ულაქტოზო რძე ჩვეულებრივისაგან განსხვავებით ოდნავ მოტკბო გემოთი გამოირჩევა, რაც ხშირად უფრო მოსწონთ კიდეც როგორც პატარებს, ისე მოზრდილებს.

- კონტროლის რა მექანიზმს გადის ულაქტოზო რძე დახლებამდე?

- ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ წარმოების პროცესს „ადამიანის ხელი არ ეხება“. პროცესი მთლიანად სპეციალიზებული დანადგარების მეშვეობით კონტროლდება. როგორც წარმოების, ისე შეფუთვის მექანიზმი საშუალებას იძლევა დახლებზე მივიღოთ 100%-ით სუფთა და ამავდროულად სასარგებლო პროდუქტი.

სტანდარტულად, როგორც სანტეს ყველა პროდუქტი, მათ შორის ულაქტოზო რძეც, გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს, რაც გულისხმობს მიკრობიოლოგიურ და ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს. ყოველი პარტია მოწმდება ლაქტოზის შემცველობაზეც. მინდა დარწმუნებული იყოს სანტეს მომხმარებელი, რომ წარმოებიდან დახლებზე პროდუქცია მთელი რიგი კვლევების შემდეგ ხვდება.

წარმოების ხარისხის მენეჯერი:

ლაშა მანძულაშვილი

წაიკითხეთ სრულად