Baby Bag

„თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება ყელის ტკივილის სამკურნალოდ,“ - ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა ყელის ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობის გზებზე ისაუბრა:

„მე ძალიან მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ იოდზე ალერგიული არ არის პაციენტი, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამოდენიმე დღეში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გოგნიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად