Baby Bag

„როდესაც გვაქვს ყელში წვის შეგრძნება, ამ შემთხვევაში ლიმონის წვენი მიუღებელია, ის პირიქით აღრმავებს პათოლოგიურ პროცესს,“- ლევან რატიანი

„როდესაც გვაქვს ყელში წვის შეგრძნება, ამ შემთხვევაში ლიმონის წვენი მიუღებელია, ის პირიქით აღრმავებს პათოლოგიურ პროცესს,“- ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა იმ სარგებლის შესახებ ისაუბრა, რომელიც ციტრუსებს ადამიანის ორგანიზმისთვის ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მოაქვთ:

„ციტრუსები ჭარბად შეიცავს C ვიტამინს, რომელსაც ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება. დღეს ბუმია ანტიოქსიდანტების გამოგონებაზე, მაგრამ გამოგონებული აგერ გვიდევს. ციტრუსები მარტივი გაციების შემთხვევაში აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ხასიათზე მოჰყავს ადამიანი, ხელს უწყობს დაავადების უკუგანვითარებას.“

„ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემთხვევაში ციტრუსები უპირობო ხილს წარმოადგენს, მაგრამ ერთი გამონაკლისით: როდესაც გვაქვს ყელის ტკივილი, ამ შემთხვევაში მათი ჭარბი მიღება არ შეიძლება. როდესაც გვაქვს ყელში წვის შეგრძნება, ამ დროს ლიმონის წვენი მიუღებელია, იმიტომ, რომ ის პირიქით აღრმავებს პათოლოგიურ პროცესს. ციტრუსები ძალიან კარგად მოქმედებს სახსრების ტკივილის შემსუბუქებაზე, ასევე კანის გაჯანსაღებასა და უბერებლობაზე. ამ ხილს უნარი შესწევს დაწვას ჭარბი რაოდენობით ცხიმი,“ - აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით,“ - ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ზაფხულში ტვინის დასვენების საჭიროებაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„სჭირდება თუ არა თავის ტვინს დასვენება? უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხოლმე, სჭირდება თუ არა წვრთნა, როგორ ვავარჯიშოთ სხვადასხვა უნარი. დასვენება არის ისეთივე აუცილებელი კომპონენტი განვითარების პროცესში, როგორც ნებისმიერი სავარჯიშო და წვრთნის პროცესი. არსებობს პასიური დასვენება, როდესაც რეალურად უქმად ვართ და იგნორირებას ვუკეთებთ ყველა განმავითარებელ აქტივობას.

არსებობს აქტიური დასვენება, როდესაც იმავე უნარებზე მუშაობა შეიძლება ცოტა განსხვავებული ფორმით, ისე, რომ ამას სრულებით არ ჰქონდეს სასწავლო პროცესის სახე. პირიქით, გაცილებით ეფექტიანი იყოს და გაცილებით მოგვეხმაროს იმაში, რომ იგივე ინფორმაცია, რაც გვინდა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და დავამკვიდროთ თავის ტვინში ხანგრძლივად, უფრო სხვა ფორმით დაინახოს ბავშვმა, სხვა ფორმით დაიმახსოვროს.

ზაფხულში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უნარებზე, მაგრამ მეცადინეობის გარეშე, თამაშით. შეიძლება თამაში მარტივ აქტივობებთან არ იყოს ასოცირებული. ასაკის შესაბამისად სხვადასხვა სახალისო აქტივობა არსებობს, რომელსაც აქვს იმაზე მეტად განმავითარებელი აქტივობა ხანდახან, ვიდრე ერთი თემის დამუშავებას საკლასო ოთახში,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად