Baby Bag

საკეისრო კვეთით და ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვების ნაწლავის მიკრობიოტა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება - პედიატრი ფიქრია ჟვანია

საკეისრო კვეთით და ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვების ნაწლავის მიკრობიოტა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება - პედიატრი ფიქრია ჟვანია

პედიატრმა ფიქრია ჟვანიამ საკეისრო კვეთით და ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვების ნაწლავის მიკრობიოტებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ძალიან განსხვავდება ეს მიკრობიოტა იმ ბავშვების, რომლებიც არიან ბუნებრივი გზით დაბადებულები და იმ ბავშვების, რომლებიც გაჩნდნენ საკეისრო კვეთით. როდესაც ბავშვი ბუნებრივი გზით ევლინება ქვეყანას, ის დედისგან იღებს ძალიან კარგ მეგობარ ბაქტერიებს. ეს არის პირველი ჯარისკაცები სამყაროსთან შეხვედრისას. საკეისრო კვეთით გაჩენილი ბავშვები არიან სრულიად დაუცველები და სტერილურები.“

„მნიშვნელოვანია უკვე მეორე ეტაპი ბუნებრივი კვების. აუცილებელია ბუნებრივი კვების პროპაგანდა. რაც შეიძლება გავახანგრძლივოთ ბუნებრივი კვება. გარდა ამისა, ხშირი ანტიბიოტიკების გამოყენება იწვევს მიკრობიომის ძალიან ღრმა ცვლილებებს, რომელიც 5-10 წელიწადში, შესაძლოა, გახდეს ალერგიისა და სიმსუქნის, ხოლო დიდ ასაკში მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკი,“ - აღნიშნულ საკითხზე ფიქრია ჟვანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა თვითშეფასების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ქცევა თვითშეფასებაზეა დამოკიდებული:

„თითქმის დაბადებიდან ჩემს წლამდე და მეტ ასაკამდე, ცხოვრების ბოლომდე, ვიქცევით ისე, როგორც ვაფასებთ ჩვენს თავს. თუ ზედმეტად გადავაფასებთ თავს და ვფიქრობთ, რომ სხვებს ვჯობივართ, კონფლიქტებში ვექცევით ხოლმე. თუ ჩვენ ვიცით ჩვენი თავის შეფასება და ამავე დროს, ცოტა კიდევ დავაქვეითებთ ურთიერთობისას ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, მაშინ ჩვენი ურთიერთობა გარშემომყოფებთან უფრო სრულყოფილი გახდება. გახსოვთ, როგორ გვითხრა იესო ქრისტემ: დამდაბლდით, რათა ამაღლდეთო.

ჩემი თვითშეფასების კრიტერიუმები ასეთია: ადამიანს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, არა გაზვიადებული, არამედ ნორმალური. მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა, რომ არავის შეალახვინოს საკუთარი ოჯახი, წარმოდგენები, კულტურა, ისტორია და ა.შ. არის თვითშეფასების უფრო მაღალი კრიტერიუმი, ეს არის სინდის-ნამუსი. ეს ღვთიური ძახილია ჩვენში. იქიდან მოგვდის რაღაც ხმა და ამით ვაფასებთ ჩვენს ცხოვრებას. არის კიდევ გემოვნება, შეხედულებები, თვალსაზრისები. ესენი თუ არ აღვზარდეთ ბავშვში თავიდანვე და ჩვენშიც, მაშინ გვერღვევა ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვენს ცხოვრებასაც ვეღარ ვუგებთ თავსა და ბოლოს ხშირად. თუ გვინდა, რომ თვითშეფასება ვისწავლოთ, კვირაში ერთხელ მაინც ჩავუფიქრდეთ საკუთარ თავს: როგორ ვცხოვრობ? რას ვაკეთებ? ვისთვის მომაქვს სარგებელი? სხვაგვარად არ გვეცოდინება ჩვენი თავი. თვითშეფასება რომ ვისწავლოთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ვინ ვართ ჩვენ, რა გვინდა ამ ქვეყანაზე, რისთვის მოვსულვართ, საით მივდივართ, რა გვეკუთვნის და რა არ გვეკუთვნის,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად