Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთ ბავშვს არ სურს ხორცის მირთმევა, მაგრამ არაჩვეულებრივად მიირთმევს პარკოსნებს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

„ზოგიერთ ბავშვს არ სურს ხორცის მირთმევა, მაგრამ არაჩვეულებრივად მიირთმევს პარკოსნებს,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ მშობლებს, რომელთა შვილებს ხორცი არ უყვართ, საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმით, ზოგჯერ ბავშვს არ უყვარს ხორცი, მაგრამ სანაცვლოდ დიდი რაოდენობით პარკოსნებს იღებს:

„ბავშვებს აქვთ ძალიან განვითარებული სენსორული პრობლემები. დედა უნდა მიხვდეს, ბავშვი არის ვეგეტარიანელი თუ არა. სხვადასხვა ტიპის ბავშვები არსებობენ. ზოგიერთს არ სურს ხორცის მირთმევა, მაგრამ არაჩვეულებრივად მიირთმევენ პარკოსნებს. არიან ბავშვები, რომლებიც თევზს და კვერცხს მიირთმევენ. რეალურად დედა უნდა აეწყობს ბავშვის მოთხოვნილებებს.“

„ეს გენეტიკურად დეტერმინირებული პროცესია და ამას ვერაფრით ვერ შევცვლით, მაგრამ შეიძლება ამის ჩანაცვლება ექსტრაქტით, მაგალითად, თევზის ქონით, ბოსტნეულის ექსტრაქტით,ცილის ქონით,“- აღნიშნულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად