Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ომიკრონით ინფიცირებისას, როგორც წესი, ბავშვები სამ დღეში უკვე კარგად ხდებიან,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე

„ომიკრონით ინფიცირებისას, როგორც წესი, ბავშვები სამ დღეში უკვე კარგად ხდებიან,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ბავშვებში ომიკრონის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებს პანიკის საფუძველი არ აქვთ:

„ომიკრონი ბავშვებში ნამდვილად მსუბუქად მიმდინარეობს, აქვს მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა. არ მინდა, რომ მშობლები იყვნენ პანიკაში. როგორც კი დაუდასტურდებათ ბავშვებს, არის შიშები. ომიკრონი კი არის კორონავირუსის შტამი, მაგრამ მისი მართვა სახლის პირობებში შესაძლებელია. როგორც წესი, სამ დღეში ბავშვები უკვე კარგად ხდებიან.“

„ომიკრონის დროს არ ხდება ფილტვების დაზიანება. უფრო ზედა სასუნთქ გზებზეა ლაპარაკი. ​ყველა დედამ იცის კრუპი და კრუპის მართვა. ყველას უდევს დექსამეტაზონი მაცივარში. პირველი დახმარება, როდესაც ბავშვს აქვს მყეფავი ხველა, ხმაურიანი ჩასუნთქვა, არის დექსამეტაზონი. მშობლისთვის ძალიან ცუდი მოსასმენი და საყურებელია ხმაურიანი სუნთქვა. დედისთვის მთავარი თვისებაა, რომ არ დაიბნეს. დექსამეტაზონს აქვს ძალიან მწარე გემო. ყველა მშობელს ვთხოვ ხოლმე, რომ რაღაც ტკბილ სითხესთან ერთად მისცენ ბავშვს. კრუპის დროს ბავშვი ზედმეტად არ უნდა შევაწუხოთ. ინექცია, ჩხვტელა ძალიან ცუდია. რომ ნერვიულობს ბავშვი და ტირის, უფრო შუპდება ზედა სასუნთქი გზები. განმეორებაც იცის კრუპმა. შესაძლოა, რამოდენიმე საათში ისევ განმეორდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად