Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ვირუსის ინფექციის გაღრმავებას,“ - ლევან რატიანი

„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3 -ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ვირუსის ინფექციის გაღრმავებას,“ - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების კოვიდ-19-ის დაავადებაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომეგა-3 კარგი საშუალებაა კოვიდ-19-ის ინფექციის გაღრმავების პრევენციისთვის:

„კვლევებმა აჩვენა, რომ ​ომეგა-3-ში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის კოვიდ-19-ის ინფექციის გაღრმავებას. მე თვითონაც რამოდენიმე ხანია ვხმარობ ამ პრეპარატს პაციენტებთან, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულები არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ კოვიდის შემდგომ პროცესში. პრეპარატმა ნამდვილად გამოავლინა დადებითი ეფექტი.“

​ლევან რატიანმა გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებიც დაასახელა:

„უკვე რამოდენიმე თვეა შემოიღეს გახანგრძლივებული კოვიდის ცნება. ეს ცნება მოიცავს სხვადასხვა პოსტ-კოვიდურ გართულებებს. კოვიდინფიცირებულთა 80 %-ში გვხვდება გახანგრძლივებული კოვიდი. გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ყნოსვის და გემოს დაქვეითება, სახსრების ტკივილი, ქოშინი, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია.“

„რატომ უტოლდება ომეგა-3 ანტიდეპრესანტს? კოვიდ-19-ის დაავადებას ახასიათებს ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება სისხლში. სწორედ ამიტომ ​ვითარდება დეპრესიის კლინიკური გამოვლინებები. დეპრესიის კლინიკური გამოვლინების ჯაჭვი ომეგა 3-მა, როგორც ანტიოქსიდანტმა, შესაძლოა, შეწყვიტოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

წაიკითხეთ სრულად