Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მარტივი გზა მადის დასაქვეითებლად - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

5 მარტივი გზა მადის დასაქვეითებლად - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მადის დაქვეითების 5 მარტივ მეთოდზე ისაუბრა:

„ძალიან ბევრი ადამიანისთვის მადის დაქვეითება ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ, რომ რასაც ისინი ყოველდღიურად იღებენ, მადას კიდევ უფრო უზრდით. მინდა გაგიზიაროთ 5 მარტივი გზა, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა. პირველი რჩევა: თქვენ უნდა მიიღოთ ცილებით რაც შეიძლება მდიდარი საკვები. ასეთი არის ლობიო, ბარდა, კვერცხი, ხორცი. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც იღებთ ცილებით მდიდარ საკვებს, კუჭის ენდოკრინოლოგიური უჯრედები არ გამოიმუშავებს შიმშილის ჰორმონს გრელინს. როდესაც იღებთ ცილოვან საკვებს, გრელინი ძალიან დაბალია.

მიიღეთ ცელულოზით მდიდარი საკვები. ის განსაკუთრებით ბევრია ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში. როდესაც ბოჭკოებით მდიდარ საკვებს იღებს, თქვენი ორგანიზმი მას ნაკლებად ინელებს, სანამ ის მსხვილ ნაწლავს არ მიაღწევს. თქვენ გექნებათ სიმაძღრის განცდა, მაგრამ წონაში არ მოიმატებთ.

საკვები რაც შეიძლება ნელა მიიღეთ. როდესაც საკვებს ნელა იღებთ, მცირე-მცირე ულუფებით, ის ასწრებს წვრილ ნაწლავამდე მისვლას. გამომუშავდება ჰორმონი ლეპტინი და მალე დანაყრდები.

თქვენ საკვების წინ უნდა მიიღოთ წყალი. ეს ყველაზე ადვილი გასაკეთებელია. თუ თქვენ საკვების მიღებამდე 2 ჭიქა წყალს დალევთ, ნაკლებ საკვებს მიიღებთ. თუ წყალს ნახევარი საათით ადრე დალევთ. წყალი უკვე დატოვებს კუჭს და მას ეფექტი აღარ ექნება. კუჭის მოცულობა საშუალოდ 1 ლიტრია. ორი ჭიქა მას იმდენად შეავსებს, რომ ნაკლები საკვები დაგჭირდებათ დანაყრებისთვის.

როდესაც საკვებს ამზადებთ, ცხვირი იღებს სხვადასხვა სუნს და ადამიანი უკვე ნაყრდება. თქვენ სუნის ხარჯზე ნაყრდებით. ამიტომაც არის, რომ სახლში დედა, ბებო გააკეთებს საკვებს. ისინი არ ჭამენ საკვებს, ჩვენ - კი. ისინი მზადების პროცესში გრძნობდნენ ამ სუნს და ნაკლებად უნდებათ ამ საკვების მიღება. ისინი უკვე დანაყრდნენ,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“ 

წაიკითხეთ სრულად