Baby Bag

„თუ დაღლილობა გაწუხებს, მაშინ ეს ვიდეო ზეპირად უნდა ისწავლო,“ - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ დაღლილობის შესახებ ისაუბრა და იმ ადამიანებს, რომლებსაც უენერგიობა აწუხებთ საინტერესო რჩევები მისცა:

„შეიძლება შენც გაწუხებდეს დაღლილობის განცდა. დილით რომ გაიღვიძებ, ენერგია არ გაქვს. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ენერგია არ გაქვს. არ იცი რა გჭირს, სულ დაღლილად გრძნობ თავს. სწორედ ამ დროს უნდა ნახო ეს ვიდეო. ეს ის არის, რაც შენ აუცილებლად უნდა იცოდე.“

„დაღლილობის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პაციენტს ჰქონდეს რაღაც აუტოიმუნური დაავადება: ცელიაკია, გაფანტული სკლეროზი და ა.შ. დაღლილობის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ანემია. როდესაც გაქვს ანემია, ორგანიზმს ჟანგბადი აკლია. ანემიის მქონე პაციენტებს აქვთ ფერმკრთალი კანი, სისუსტე, დაღლილობა, თავბრუ ეხვევათ. ეს ტიპური ანემიაა. თუ დილით იღვიძებ და ენერგია არ გაქვს, ხომ არ სჯობს ჩააბარო სისხლის ანალიზი და გაიგო, ხომ არ გაქვს ანემია. არამარტო რკინის ნაკლებობა, არამედ მისი სიჭარბეც შეიძლება იყოს დაღლილობის მიზეზი. დაღლილობის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე. სიმსივნე, როგორც წესი, თავიდან არაფრით არ ვლინდება. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ დაღლილობა, წონაში კლება, ცხელება. დაღლილობას იწვევს ალკოჰოლიც. სხეულს უჭირს გლუკოზის წარმოქმნა და გაქვს დაღლილობის განცდა.“

„დაღლილობის გამომწვევია დეპრესიაც, შაქრიანი დიაბეტიც. შაქრიანი დიაბეტი არის ჩუმი მტერი. დაღლილობის განცდა ადამიანს აქვს ჰიპოთირეოზის დროს, ამ დროს შეიძლება ჰქონდეს მშრალი კანიც, წონაში მატება, კუნთების სისუსტე და შეკრულობა. დაღლილობას იწვევს ადისონის დაავადებაც, თუმცა ასეთი პაციენტი ბევრი არ მყავს. ასევე ძალიან ვერაგი დაავადებაა ფიბრომიალგია. ამ დროს ადამიანს სხეულის სხვადასხვა უბანში აქვს ტკივილი, ყველგან ტკივა, ამინდზე, ტემპერატურაზე, შეხებაზე მგრძნობიარეა. ახალგაზრდებს ვთხოვ, რომ ფრთხილად იყვნენ აივ ინფექციასთანაც. შეიძლება აივ ინფექციის დროს ერთადერთი ნიშანი იყოს დაღლილობა და გადიდებული ლიმფური კვანძები. დაღლილობის გამომწვევი შესაძლოა იყოს ინფექციებიც, მათ შორის ინფექციური მონონუკლეოზი ( ასეთი პაციენტები საქართველოში ბევრი არიან), ასევე ჩვენი მთავარი პრობლემა, ტუბერკულოზიც.“

„დაღლილობას იწვევს ლეიკემია და ლიმფომა. როდესაც ვიღაცას აქვს დაღლილობის განცდა, ისინი ყოველთვის უნდა შემოწმდნენ ლეიკემია-ლიმფომაზე. ამ დაავადებებს ახლავს კლასიკური ჩივილი: მუდმივად დაღლილობის განცდა. ამასთანავე, თუ ვინმეს აქვს ჰეპატიტი, მას შეიძლება ჰქონდეს დაღლილობის განცდა. დაღლილობის წინაპირობა შესაძლოა იყოს პარკინსონის დაავადება. უენერგიობას იწვევს ძილის დარღვევები, ზედაპირული ძილი. თუ ხვრინავ, მით უმეტეს. ის იწვევს დილის საათებში გამოხატულად დაღლილობის განცდას. თუ შენ სვამ მედიკამენტებს არითმიების წინააღმდეგ, წნევის წინააღმდეგ, ასევე ანტიბიოტიკებს, თუ ხარ ქიმიოთერაპიაზე ან რადიოთერაპიაზე, ესეც იწვევს დაღლილობის განცდას. დაღლილობის გამომწვევია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც. ფიქრი, რომ „არაუშავს, დაღლილი ვარ, ალბათ, ვიტამინები მაკლია,“ ეს სწორი მიდგომა არ არის. თუ შენ გაქვს დაღლილობის განცდა, მიმართე ექიმს. ჩაიტარე სისხლის ანალიზი ანემიაზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ტესტირება, ასევე ღვიძლის დაავადებებზე, სიმსივნეებზე. ექიმს მიანდე ეს საქმე და იოლად დადგინება ყველაფერი,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება!“ - პედიატრ მაკა ჭიღლაძის რეკომენდაციები ჩვილის ჩაცმის წესებთან დაკავშირებით

პედიატრმა მაკა ჭიღლაძემ ჩვილებში ზედმეტი გადახურების საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ ის მეტისმეტად არ შეფუთონ:

„არ შეიძლება ბავშვის ზედმეტად გადახურება. ასევე არ შეიძლება ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა. ეს ბავშვისთვის არის ასევე ძალიან საგანგაშო. ჩვენ მშობლებს ვურჩევთ, რომ იმ ოთახში, სადაც ჩვილს ძინავს, ტემპერატურა იყოს 22-23 გრადუსი. ეს არ ეხება დღენაკლ და უმწიფარ ახალშობილს. მათთან შეიძლება უფრო მაღალი იყოს ოთახში ტემპერატურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის და ევროპის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებში გარკვევით წერია, რომ გადახურება ძალიან საშიშია ახალშობილისთვის.

ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად. სახლში მას ქუდის დახურება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ახალშობილს ხელთათმანები არ ესაჭიროება. ხშირად დედები ამბობენ: „ხელთათმანს ვაცვმევთ იმიტომ, რომ ბავშვს აქვს ფრჩხილები და შეიძლება თვითდაზიანება მიაყენოს თავს. ამისთვის მარტივია ხომ, არსებობს სპეციალური, პატარა, საყვარელი საბავშვო მაკრატელი და ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები.

კარგი და მძლავრი რეკომენდაცია აქვს ბავშვის ჰაერზე გასეირნებას. ყველა ქართველ დედიკოს ვურჩევ, რომ ჰაერზე ასეირნონ ბავშვები, რა თქმა უნდა, კენგურუთი. ჰყავდეთ ძალიან ახლოს თავიანთი ჩვილები,“- მოცემულ საკითხზე მაკა ჭიღლაძემ რადიო „თბილისის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „თბილისი“

წაიკითხეთ სრულად