Baby Bag

რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რეკომენდაციები

რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? - გიორგი ღოღობერიძის საინტერესო რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გახანგრძლივებული ხველის გამომწვევი ოთხი ძირითადი მიზეზი დაასახელა:

„რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? ეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ! რა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთა შემთხვევაში ხველა გრძელდება ექვს კვირაზე მეტხანს?გახსოვდეთ, რომ თუ ხველა გრძელდება ექვს კვირაზე მეტხანს, მას ჰქვია ქრონიკული. შემთხვევათა 90%-ში მას ოთხი გამომწვევი აქვს. პირველი გამომწვევი არის პოსტ ნაზალური ჩამონაწვეთი. ამ შემთხვევაში ცხვირის ღრუში არსებული შიგთავსი იღვრება სასუნთქ გზებში და იწვევს ხველას. მეორე მიზეზი, რომელიც ასევე გავრცელებულია, შესაძლოა, იყოს ბრონქული ასთმა ხველის ფორმით. ამ შემთხვევაში ადამიანს არაფერი არ აწუხებს, გარდა იმისა, რომ ახველებს ქრონიკულად. ჩვენ რომ ავაგდოთ მონეტა, შემთხვევათა ნახევარში დიაგნოზი იქნება ბრონქული ასთმა ხველის ვარიანტით. აქ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ გამოგვადგება.“

„ქრონიკული ხველის გამომწვევი მესამე მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტები. ბევრი ადამიანი სვამს წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. თუ თქვენ გახველებთ, დააკვირდით მედიკამენტებს. ისინი ხომ არ იწვევენ ხველას?! მეოთხე, ყველაზე საინტერესო მიზეზი არის კუჭის პრობლემა, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამ დროს ხველა გამოხატულია უფრო საღამოს საათებში. როგორც კი თქვენ დაწვებით, მწოლიარე პოზიციაში, კუჭის შიგთავსი უფრო მარტივად შემოვა საყლაპავში და მერე აღმოჩნდება სასუნთქ გზებში. ამიტომ თქვენ გახველებთ საღამოს საათებში, ასევე საკვების მიღების დროსაც. ხველა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებითაც, როგორიც არის ქორნიკული ბრონქიტი, სარკოიდოზი, ფილტვების სიმსივნე (განსაკუთრებით ასაკოვან მწეველებში),“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად