Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

5 საუკეთესო ბუნებრივი საშუალება სახიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად

5 საუკეთესო ბუნებრივი საშუალება სახიდან არასასურველი თმის მოსაშორებლად

სტატისტიკის თანახმად ჭარბთმიანობა ქალბატონების 5-10%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აწუხებს. სახეზე არასასურველი თმის მოსაშორებლად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ხშირად მტკივნეულ პროცედურებს მიმართავენ. მათმა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ სახიდან თმის მოშორება ბუნებრივი, უმტკივნეულო მეთოდებითაც არის შესაძლებელი. ჩვენს სტატიაში ხუთ ბუნებრივ საშუალებას გაგაცნობთ, რომლის დახმარებით სახიდან თმას მარტივად მოიშორებთ.

5. ხახვი და რეჰანი

თქვენ დაგჭირდებათ ორი ცალი საშუალო სიდიდის ხახვი და 10-12 რეჰანის ფურცელი. ხახვის შრეებს შორის კანის გამჭვირვალე გარსი უნდა იპოვოთ და რეჰანის ფურცლებთან ერთად გაჭყლიტოთ. მიღებული მასა არასასურველ თმაზე წაისვით და 20-25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პორცედურა 1-2 თვის განმავლობაში კვირაში 3-4-ჯერ გაიმეორეთ. მსგავსი პროცედურის ჩატარება ნებისმიერი კანის ტიპისთვის რეკომენდებულია და არასასურველი თმის მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

4. შაქარი და თაფლი

პროცედურის ჩასატარებლად დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი წყალი. თაფლი ჯამში მოათავსეთ, დაამატეთ წყალი და შაქარი. მიღებული მასა ღუმელში მოათავსეთ, ვიდრე შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული მასა არასასურველ თმაზე წაისვით. შემდეგ თმაზე ნაჭერი მოათავსეთ და რამდენიმე წამით გააჩერეთ. ნაჭერი არასასურველი თმის საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა მოქაჩოთ. არასასურველი თმა პროცედურის დასრულებისთანავე გაქრება.

3. შვრია და ბანანი

პროცედურისთვის დაგჭირდებათ ორი სუფრის კოვზი შვრია, 1 ცალი ბანანი. ბანანი კარგად გასრისეთ, ჯამში შვრია და დაჭყლეტილი ბანანი ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული მასა არასასურველ თმაზე დაიდეთ და ხელის წრიული მოძრაობით კანზე შეიზილეთ. 15-20 წუთის შემდეგ სახე ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ჩატარება კვირაში 1-2-ჯერ შეგიძლიათ.

2. ჟელატინი და რძე

პროცედურისთვის დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი რძე, ლიმონის რამოდენიმე წვეთი. ქვაბში ჟელატინი, ლიმონის წვენი და რძე ერთმანეთში შეაზავეთ, შემდეგ კი ღუმელში 15-20 წამით შეათბეთ. გაგრილებული მასა სახეზე წაისვით. ნიღაბი სახეზე 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ხელით მოიშორეთ. არ გამოიყენოთ ნიღაბი, თუ ზედმეტად მგრძნობიარე და აკნესკენ მიდრეკილი კანი გაქვთ.

1. კვერცხი და სიმინდის ფქვილი

პროცედურის ჩასატარებლად 1 სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და 1 ცალი კვერცხი დაგჭირდებათ. კვერცხის ცილა ჯამში მოათავსეთ, ფქვილი, შაქარი და კვერცხის ცილა ერთმანეთს კარგად შეურიეთ. მიღებული მასა სახეზე დაიტანეთ და 20-25 წუთით გაიჩერეთ. როდესაც ნიღაბი გამყარდება, მოიშორეთ. პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორეთ. არ გამოიყენოთ ეს ნიღაბი, თუ აკნესკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე კანი გაქვთ.

წყარო:​ brightside.me

წაიკითხეთ სრულად