Baby Bag

„ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს,“ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები მომავალ დედებს

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ნაყოფის ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე ისაუბრა, რომელსაც ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავის არასათანადო მიღება იწვევს:

„უნდა გესაუბროთ ერთ-ერთი მძიმე თემის შესახებ. თუ ძალიან მგრძნობიარე ხართ სამედიცინო პათოლოგიების მიმართ, ეს ლაივი არ ნახოთ. მეორე მხრივ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვინც შვილის ყოლას აპირებს. მე ვისაუბრებ ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებზე, როდესაც ნაყოფი იბადება თავის ტვინის გარეშე, ამას ჰქვია ანენცეფალია, ან იბადება ხერხემლის განვითარების ანომალიებით. ეს საკმაოდ მძიმე პათოლოგიებია, რომელთა არიდება საკმაოდ მარტივად შეიძლება, თუ ხარ ინფორმირებული.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ადამიანის ორგანიზმში ზურგის და თავის ტვინის განვითარებისთვის ნერვული მილის სწორად ფორმირებაა აუცილებელი:

„ადამიანის ორგანიზმში თავის ტვინის და ზურგის ტვინის განვითარებისთვის აუცილებელია ე.წ. ნერვული მილი. ნერვული მილი რომ ფორმირდეს, აუცილებელია ეს ნერვული ღარები დაიხუროს. თუ ქალი ფეხმძიმობის პერიოდში არ მიიღებს ფოლიუმის მჟავას, ამის გამო ნაყოფს შეიძლება დარჩეს დაუხურავი ნერვული მილი. აქედან განვითარდება დამახასიათებელი ანომალიები. შესაძლოა, არ განვითარდეს ხერხემალი სრულყოფილად, გარეთ გამოვიდეს ზურგის ტვინი, მისი გარსები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში დამბლების განვითარება. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ დედა არ იღებდა ფოლიუმის მჟავას ორსულობის პერიოდში.“

„ფოლიუმის მჟავის მიუღებლობას კიდევ ერთი გართულება ახლავს. შეიძლება ბავშვი დაიბადოს ტვინის არარსებობით, ანენცეფალიით. როდესაც ფოლიუმის მჟავის მიღება არ ხდება, დიდი ჰემისფეროები არ ყალიბდება. ნაყოფი, რომელიც იბადება ტვინის გარეშე მოყვანილობით ემსგავსება ბაყაყს. ტვინი რომ არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი არსებობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ბავშვი ძალიან მალევე იღუპება,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რამეს, ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო,“ - ზურა მხეიძე

„ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რამეს, ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო,“ - ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ადამიანები პრობლემებს ხშირად თავად ქმნიან:

„ყველაფერი შეგიძლია დაამძიმო და ყველაფერი შეგიძლია შეამსუბუქო. ​ჩვენ თვითონ ვაპრობლემებთ ბევრ რაღაცას. ადამიანი იპრობლემებს ყველაფერს გარშემო. ერთ-ერთ სამსახურში რომ მივდიოდი, მეუბნებოდნენ, ისეთი უფროსი გვყავს, რომ ნერვებს გვიშლისო. ნერვებს გიშლის ვიღაც, ნერვების მოშლა რა არის? ვიღაცამ რაღაც მითხრა, ნერვები მომეშალა. ჩემი ამოცანა რა არის, ნერვები მომეშალოს თუ არ მომეშალოს? არ უნდა მომეშალოს! მის ნათქვამს უნდა დავაკარგვინო ემოციური ზემოქმედების ძალა. რაღაცას რომ მეტყვის და წარმოვიდგენ, რომ თავზე ჩაიდანი ადგას, დამთავრდება. სცადეთ, ვინც ნერვებს გიშლით, იმ წუთას ჩაიდანი გაიხსენეთ, ნახავთ, რომ ძალიან ადვილია.“

ზურა მხეიძის თქმით, ადამიანმა ცხოვრება ისე უნდა მოიწყოს, რომ საკუთარი გამოცდილებით კმაყოფილი იყოს:

„თქვენ ცხოვრება უნდა ააწყოთ ისე, რომ როდესაც 117 წლის გახდებით და გადახედავთ, კარგად გიცხოვრიათ. ​ერთსა და იმავე სიტუაციაში თქვენ შეიძლება თქვენი ცხოვრება ძალიან ცუდად გაიაროთ და მეორემ კარგად გაიაროს. შიდა კომუნიკაცია როგორიც მიდის, იმის მიხედვით თქვენ ან ბედნიერი ხართ, ან უბედური. არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ყველაზე ცუდი დრო პარიზში გაატარო და ყველაზე კარგი დრო ხაშურში, გააჩნია იმ დროს ვისთან ერთად ხარ და რა კომუნიკაცია მიდის. წვიმაში ის სველია, ესეც სველია, ის ბედნიერია, ეს უბედური. ვიღაც ელოდება როდის მოიგებს ლატარიაში მილიარდს და მანამდე უბედურია.“

ზურა მხეიძემ აღნიშნა, რომ ადამიანს ცხოვრების სწავლა ისევე შეუძლია, როგორც სიყვარულს სწავლობს:

„ცხოვრების სწავლა შეიძლება, ისევე როგორც სიყვარულის სწავლა შეიძლება. ყოველთვის კარგად იქნები და ეს არ არის დამოკიდებული ქონებაზე. ​თქვენი ოცნებები თუ გახდება მატერიალური, მაშინ სისტემა თქვენ გმართავთ. შენ რომ მალდივიზე გინდა წასვლა, ფული უნდა გქონდეს, ფული რომ გქონდეს, ჩემთან უნდა იმუშაო, ჩემთან რომ იმუშაო, კარგად უნდა მოიქცე, თორემ არ იმუშავებ. შენ თუ სხვა ღირებულებები გაქვს არამატერიალური და კარგად გრძნობ თავს, თავისუფალი ხარ და ვეღარ გმართავ.“

„შენს თავში ხდება ყველაფერი. აატრიალებ, მშვენივრად ხარ, აატრიალებ, ცუდად ხარ. თუ შენ ისწავლი შენს თავთან ურთიერთობას, შედეგს მიიღებ. გეტყვით ვარჯიშს და ივარჯიშეთ. პირველი, ისწავლეთ ემოციების მართვა. საათი აიღეთ და დაინიშნეთ, ვთქვათ, ოცი უკლია ათს. თქვით, ათი წუთი მე მინდა ცუდ ხასიათზე დადგომა. მე ჩემს თავს ვუბრძანებ, რომ ახლა მე მინდა ძალიან ცუდ ხასიათზე ყოფნა. თქვენი თავი დაიწყებს ყველაზე ცუდი რაღაცების მობილიზებას. ათი წუთი რომ გავა, მიეცით ბრძანება, რომ თქვენ უნდა დადგეთ ძალიან მაგარ ხასიათზე. პირველს მარტივად შეასრულებთ. მეორეზე რომ გადახვალთ, კარგი ფიქრები წამოვა, მაგრამ წინა ნაფიქრალიდან ამოგიძვრებათ რაღაც. არ ამოუშვათ და შეატყობთ, რომ ძალიან მაგარ ხასიათზე დადექით. ეს ვარჯიშები გააკეთეთ. როგორც კი ამას შეძლებთ, ​მიხვდებით, რომ მთლიანად აკონტროლებთ თქვენს თავს. თუ ბოროტი არ ხარ, ნებისმიერ ადამიანს ხუთ წუთში ხდი ბედნიერს. ყველაფერი ცუდი და კარგი არის ჩვენს თავში,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად