Baby Bag

რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა:

„რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? სტრესს ჩვენ ვპასუხობთ მთლიანად. ადამიანი ჯანმრთელი არის მაშინ, როდესაც მას აქვს სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. რამდენიმე უბანს აღვწერ, რომელიც შეიძლება სტრესის დროს დაზარალდეს. სტრესის დროს ძალიან ზარალდება ადამიანის თავის ტვინი, ნერვული სისტემა, ყველა ის ნერვი, რომელიც ჯამში ქმნის ნერვულ სისტემას, ყველა უბნით რეაგირებს სტრესზე.“

„თავის ტკივილი შეიძლება იყოს დაკავშირებული სტრესთან, ასევე კისრის, მხრების, ბეჭების, ზურგის ტკივილი. ეს ხშირად არის სტრესის მიერ პროვოცირებული კუნთების ტკივილი. გულს თვითონ კუნთს არაფერი სჭირს, მაგრამ გულიც აჩქარდა, წნევაც მერყეობს, ეს არის ორგანიზმის პასუხი სტრესზე. თითქოს ვეღარ ვსუნთქავთ, ვიხრჩობით. ეს შეიძლება პასუხი იყოს მხოლოდ სტრესზე. როდესაც პრობლემა გვაქვს და გვაქვს გულძმარვა, შეიძლება ეს იყოს პასუხი სტრესზე, ისევე როგორც ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა. შეიძლება იყოს პირიქით ყაბზობა. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა სტრესი,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამ ვირუსისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მან შეიძლება ყველა სისტემის მხრივ მოგვცეს თავისი გამოვლინება,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ამ ვირუსისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მან შეიძლება ყველა სისტემის მხრივ მოგვცეს თავისი გამოვლინება,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს ბავშვებში ყველაზე საგანგაშო და საყურადღებო სიმპტომების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შეუპოვარი ტემპერატურა და ხველა აუცილებლად მოითხოვს მედიკოსების მეთვალყურეობას:

„შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ზოგადად გამოირჩევა მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ​ამის გამავრცელებლები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ბავშვები. ბავშვებში განსაკუთრებული ნიშნები, რაც შეიძლება გამოვყო, ეს არის ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურა. გრიპისგან განსხვავებით არ არის მაღალი ცხელება დამახასიათებელი, ტემპერატურა უფრო 38,5 გრადუსამდეა ხოლმე. გვხვდება დიარეა, პირღებინება. ბოლოს მნიშვნელოვნად გახშირდა კონიუქტივიტები და სტომატიტები ბავშვთა ასაკში. ბავშვები პოსტკოვიდურ პერიოდში დაჰყავთ სხვადასხვა კვლევებზე. ეს ნამდვილად არ არის საჭირო. ნუ შეაწუხებენ კოაგულოგრამების, D-დიმერების ანალიზებით. მსუბუქი და საშუალო ფორმების შემთხვევაში, შეგვიძლია გადავაკონტროლოთ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, მოზარდებში სიმპტომატიკა უფრო მრავალფეროვანია:

„მოზარდებში შემიძლია გამოვყო ნევროლოგიური სიმპტომატიკა, როგორიც არის თავის ტკივილი, წელის ტკივილი, მიალგია, რევმატიული ნიშნები, როგორიც არის ძვლებისა და სახსრების ტკივილი. კოვიდი იმდენად მრავალფეროვანია თავისი კლინიკური გამოვლინებით, რომ მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მე ასე ვამბობ ხოლმე ხშირად. მან შეიძლება ყველა სისტემის მხრივ მოგვცეს თავისი გამოვლინება. ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ზოგად მდგომარეობას. თუ ბავშვი სწრაფად იღლება, თუ ის ლეთარგიულია, თუ სითხეს არ სვამს, ​აქვს შეუპოვარი ცხელება, 39-40 გრადუსი, არ ემორჩილება მედიკამენტებს რამდენიმე დღის განმავლობაში, თუ ხველა არის შეუპოვარი, იწყება ქოშინი, სუნთქვაში ნეკნებს შორის არის მონაწილეობა, ნესტოების ბერვა, ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მივმართოთ 112-ს ან ოჯახის ექიმს და გადავიყვანოთ ბავშვი კლინიკაში.“

კოვიდის გადატანის შემდგომ ფილტვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს ​პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის პოსტკოვიდურ მართვას. პაციენტებს თვეების განმავლობაში მიჰყვებათ ისეთი სინდრომები, როგორიცაა: ნერვული აშლილობები, ​ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა, ქოშინი, რაც ყველაზე საშიშია. გაცილებით უფრო ხანგრძლივად რჩება გულ-მკერდის არეში ტკივილი, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი. ფილტვი მეტ-ნაკლებად ყველა პაციენტთან ზიანდება.“

„გართულებების გამოსავლენად უპირატესია ტომოგრაფიული კვლევა, რომლის ჩატარება კვირაში ერთხელ არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ის გაკეთდეს დასაწყისში, აუცილებლობის შემთხვევაში ორი კვირის შემდეგ და ექვსიდან-რვა კვირის შემდეგ. ეს უნდა გაკეთდეს ექიმის დანიშნულებით. პაციენტებმა არ უნდა დაიწყონ თვითშემოქმედება და თვითმკურნალობა. შემდგომში აუცილებელია გაკეთდეს ​კოაგულაციური სისტემის კონტროლი, ანთების მარკერები: ეს არის სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი. თუ გვაქვს ბაქტერიული და ვირუსული ფონის გადაჯვარედინება, დიდი სიფრთხილითაა მიდგომა საჭირო. აქ წყდება ანტიბიოტიკოთერაპია დავიწყოთ თუ არა პაციენტთან,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედიკოსებმა ტელეკომპანია რუსთავის ორის გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრეს.

წყარო: ​თქვენი კლინიკა

წაიკითხეთ სრულად