Baby Bag

რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? - ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ სტრესის დროს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა:

„რა ხდება სტრესის დროს ადამიანში? სტრესს ჩვენ ვპასუხობთ მთლიანად. ადამიანი ჯანმრთელი არის მაშინ, როდესაც მას აქვს სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. რამდენიმე უბანს აღვწერ, რომელიც შეიძლება სტრესის დროს დაზარალდეს. სტრესის დროს ძალიან ზარალდება ადამიანის თავის ტვინი, ნერვული სისტემა, ყველა ის ნერვი, რომელიც ჯამში ქმნის ნერვულ სისტემას, ყველა უბნით რეაგირებს სტრესზე.“

„თავის ტკივილი შეიძლება იყოს დაკავშირებული სტრესთან, ასევე კისრის, მხრების, ბეჭების, ზურგის ტკივილი. ეს ხშირად არის სტრესის მიერ პროვოცირებული კუნთების ტკივილი. გულს თვითონ კუნთს არაფერი სჭირს, მაგრამ გულიც აჩქარდა, წნევაც მერყეობს, ეს არის ორგანიზმის პასუხი სტრესზე. თითქოს ვეღარ ვსუნთქავთ, ვიხრჩობით. ეს შეიძლება პასუხი იყოს მხოლოდ სტრესზე. როდესაც პრობლემა გვაქვს და გვაქვს გულძმარვა, შეიძლება ეს იყოს პასუხი სტრესზე, ისევე როგორც ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა. შეიძლება იყოს პირიქით ყაბზობა. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა სტრესი,“- აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის“ - ინფექციონისტი ბავშვების კურორტზე წაყვანას ეხმიანება

„ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის“ - ინფექციონისტი ბავშვების კურორტზე წაყვანას ეხმიანება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვების კურორტებზე დასვენების თემას ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა: 

„ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს გონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ „სისხლისთვის კარგია.“

ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი.

საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით. რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს ბავშვისთვის სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეა და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს „სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ“.

ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანაა, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე.

სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ხშირად ერთად ჩაყრილი ჭურჭელი ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასიურად ინფიცირების რისკებს.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს,“ - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 


წაიკითხეთ სრულად