Baby Bag

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

ექიმმა-ალერგოლოგმა ნინო ლომიძემ სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა:

„რას მივაქციოთ ყურადღება, როდესაც სეზონური ალერგია გვეწყება? ეს არის ცემინება, სურდო, თვალების ქავილი, ხველა, ხმის ტემბრის ცვალებადობა. პანდემიის პერიოდია და შესაძლებელია ადამიანმა დასაწყისში სწორად ვერ გააკეთოს დიფერენცირება. არის დეტალები, რითაც ალერგიის ინფექციისგან განსხვავება შეგვიძლია. ერთ-ერთი არის ქავილი. გაციების დროს ქავილი არ გაქვს. ვირუსული ინფექცია 7-10 დღე გრძელდება. ალერგია შესაძლებელია გაგრძელდეს თვეობით.“

„ბუნება იღვიძებს თებერვლის დასაწყისიდან და გვიან შემოდგომამდე ყვავის. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფი ენაცვლება ერთმანეთს. მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, რომ ვიცოდეთ, რომელი მცენარეა დამნაშავე ჩვენს ალერგიაში. თუ ადამიანმა იცის, რომ კვიპაროსზე აქვს ალერგია, სანამ კვიპაროსი ყვავილობას დაიწყებს, 10 დღით ადრე პრევენციულად უნდა მივცეთ მას მედიკამენტი, რომ შემზადებული შეხვდეს ყვავილობას და მინიმუმამდე დავიდეს სიმპტომები. როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში? განკურნების გზა მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად არის იმუნოთერაპიის გზა. ეს გულისხმობს ანტიალერგიულ აცრებს. ჩვენ რომ ვიცით, რაზეა პაციენტი ალერგიული, ინექციის სახით ალერგენი შედის ორგანიზმი, რომ ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშაოს და ტოლერანტული გახდეს. ეს ძალიან ეფექტიანია. კეთდება როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ზრდასრულებში. ეს ეხება არამარტო მცენარეებს, არამედ ოთახის მტვერს, ცხოველზე ალერგიას,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ლომიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ კვების ამ წესებს დავიცავთ, ბავშვს არანაირი ვიტამინი არ დასჭირდება - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ მშობლებს ურჩია ბავშვებს ვიტამინების ნაცვლად სასარგებლო საკვები პროდუქტები შესთავაზონ:

„ყველანი თევზის ქონს გაიძახიან. ერთი თევზი უდრის იმდენ ომეგა 3-ს, რაც შეიძლება ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღოს ბავშვმა. ბავშვს ნატურალური პროდუქტებიდან უნდა შევთავაზოთ ყველა ტიპის ჯგუფი: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, თევზის პროდუქტები. ამ პროდუქტებიდან მისი შეწოვა და ბიოშეღწევადობა უფრო მაღალია, ვიდრე სამკურნალო საშუალებებიდან. განსაკუთრებული ვიტამინები არ არის აუცილებელი. ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული მართვისას მთავარი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება. სწორი კვება ნიშნავს, რომ დღის რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30% ხილი, 20% ცილა. თუ იქნება ეს დაცული, არანაირი ვიტამინები ბავშვს არ დასჭირდება. ვიტამინები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სწორი კვება. კაცმა არ იცის რა შემოდის, რა სახის ვიტამინებია. კარგი ხარისხის ვიტამინები საკმაოდ ძვირია. სჯობს ამ თანხით რაიმე საკვები პროდუქტი ვუყიდოთ ბავშვს და იქიდან გაცილებით მეტი სარგებელი გვექნება,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“

წაიკითხეთ სრულად