Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე... უფლება მიეცით ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი მამა, მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობთ

ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე... უფლება მიეცით ბავშვებს უყვარდეთ საკუთარი მამა, მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობთ

უფლება მიეცით თქვენს შვილებს უყვარდეთ საკუთარი მამა, მაშინაც კი, თუ თავად მის მიმართ სიყვარულს აღარ გრძნობთ. ზრდასრულებმა საკუთარი უთანხმოებები და პრობლემები დამოუკიდებლად უნდა მოაგვარონ, ბავშვებს კი ამ ტვირთის ზიდვა არ უნდა უწევდეთ. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, ბავშვებს აარიდეთ თქვენს პრობლემებზე ფიქრი და ზრუნვა. თქვენს უმთავრეს პრიორიტეტს თქვენი შვილების კარგად ყოფნა უნდა წარმოადგენდეს. ბავშვებს მამისგან სიყვარული და სითბო ისევე სჭირდებათ, როგორც თქვენგან. მათ მამის მიმართ ისევე აქვთ სიყვარულის განცდა, როგორც თქვენ მიმართ. ამას ნუ დაივიწყებთ.

ნუ ისაუბრებთ ცუდად თქვენი შვილების მამაზე. როდესაც თქვენ ასე იქცევით, ბავშვებს განვითარების ფუნდამენტს აცლით. როდესაც ბავშვებს ეუბნებით, რომ მამას მათთან ყოფნა და მათთან ერთად დროის გატარება არ სურს, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის. ბავშვები თვლიან, რომ მამის მსგავსი დამოკიდებულება მათი დანაშაულია. ისინი იწყებენ ფიქრს, რომ მშობლებისთვის არასაკმარისად კარგები არიან და სიყვარულსა და სითბოს არ იმსახურებენ.

როდესაც ბავშვს ეუბნებით: „ყველაფერში მამაშენს ჰგავხარ,“ ან „მამაშენი უპასუხისმგებლო, ცუდი, საშინელი ადამიანია,“ ბავშვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებთ. ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან იძულებულები არიან რომელიმე მშობლის მხარე დაიჭირონ და მამისადმი სიყვარულის განცდის გამო თავს იდანაშაულებენ. ეს ყოველივე მათ პატარა სამყაროში უზარმაზარ ბზარს აჩენს. ბავშვები ვეღარ გრძნობენ სტაბილურობსა და სიმშვიდეს და ამ განცდებს სიძულვილისა და გაურკვევლობის განცდები ანაცვლებს.

შესაძლოა, თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორი ადამიანია მათი მამა. ზოგიერთი დედა მიიჩნევს, რომ ბავშვი არ უნდა მოატყუოს. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვებს აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე მშობლის შესახებ. სინამდვილეში კი, ბავშვებს უფლება აქვთ იყვნენ ბავშვები და შეინარჩუნონ ბავშვურობა. მათ უფლება აქვთ იგრძნონ, რომ ისინი უყვართ, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ და უსაფრთხოდ არიან. ბავშვებს უფლება აქვთ, რომ არ შეეჭიდონ ზრდასრულების პრობლემებს.

როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ისინი ცხოვრებას სხვა პერსპექტივით შეხედავენ და ყველაფერს გააანალიზებენ. ისინი გააცნობიერებენ, თუ ცხოვრების რა გზა გაიარეს და როგორი ადამიანები არიან მათი მშობლები, თუმცა მანამ, სანამ ეს ბუნებრივად მოხდება, შესაძლებლობა მიეცით თქვენს შვილებს, რომ გაიზარდონ და დასკვნები დამოუკიდებლად გააკეთონ. ნუ გაულანძღავთ შვილებს მამას. ბავშვებს ბავშვობა შეუნარჩუნეთ და მათი უფლებები და ინტერესები ყველაფერზე წინ დააყენეთ.

წყარო:​ youaremom.com

წაიკითხეთ სრულად